Home Blog Page 280

“ევროპარლამენტის რეზოლუციებმა კომიკური ხასიათი მიიღო და ჩალის ფასი აქვს” – ირაკლი ზარქუა

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა კომიკური ხასიათი მიიღო და ჩალის ფასი აქვს – კიდევ კარგი, ფოტიგამ აღიარა (რომ მისი ინიციატივაა სააკაშვილთან დაკავშირებული ჩანაწერი), ეტყობა ტრანში გადარიცხულია, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც ევროპარლამენტის რეზოლუციას გამოეხმაურა, რომელშიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზეც არის საუბარი.

მან ევროპარლამენტის მიერ ადრე მიღებული რეზოლუციებიც გაიხსენა, მათ “არაკომპეტენტური” და “პოლიტიზებული” უწოდა და აღნიშნა, რომ მათი ფასი ნულია.

“სამწუხაროა, მაგრამ ფაქტი და რეალობაა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციებმა კომიკური ხასიათი მიიღო და ჩალის ფასი აქვს, სამწუხაროდ გვიწევს ამის თქმა, მაგრამ ფაქტია. შეგახსენებთ, პირველი რეზოლუცია მიიღეს, ყოფილ პრეზიდენტს წამლავენო, ჩაგვიწერეს სანქციები უნდა დავუწესოთო, შემდეგ სტრასბურგმა თქვა, რომ ამაზე არანაირი ფაქტი არ მეტყველებს. მეორე რეზოლუცია იყო მათი, რომ თურმე საქართველო რუსეთისთვის პროდუქციის და ტექნიკის მიწოდების ერთ-ერთ საშუალება არისო, რომ მან სანქციებს გვერდი აუაროსო. ევროპარლამენტარები: ფოტიგები, კუბილიუსები, რაისები და რასები, რამდენნი არიან, ვინ ჩამოთვლის, გახსოვთ, როგორ გვამუნათებდნენ. გამოვიდა თეთრი სახლის წარმომადგენელი და თქვა, რომ არც ერთი შემთხვევა არ ფიქსირდება საქართველოს სანქციების გვერდის ავლისთვის გამოყენების თვალსაზრისით.

ეს რეზოლუციები სამარცხვინო ლაქად დარჩა ევროპარლამენტის ისტორიაში და ახლა გამოაცხვეს კიდევ ახალი. კიდევ კარგი, ქალბატონმა ფოტიგამ აღიარა (რომ მისი ინიციატივა იყო ჩანაწერის დამატება), ეტყობა ახალი ლობისტური (კამპანია) ამოქმედდა, ახალი ტრანში გადარიცხულია ეტყობა და ამასთან დაკავშირებით ჩვენ გავიგებთ ამერიკაში მოქმედი “რუსული კანონით”, რომელსაც “ფარა” ჰქვია, მივიღებთ ამით ინფორმაციას, რამდენი გადაირიცხა, რომ ფოტიგას ეს ინიციატივა გასულიყო ევროპარლამენტში,”- განაცხადა ზარქუამ.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრმა იტალიელ დიპლომატთან ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა შემდგომი ინტეგრაციის პროცესში იტალიის რესპუბლიკის, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრის, მხარდაჭერის მნიშვნელობას.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკას შორის ორმხრივი თანამშრომლობა. ყურადღება გამახვილდა სავაჭრო და ეკონომიკურ, აგრეთვე − თავდაცვის, განათლებისა და კულტურის სფეროებში ნაყოფიერ თანამშრომლობაზე. გამოითქვა არსებული პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერების მზაობა.

ირაკლი კობახიძემ მასიმილიანო დ’ანტუონოს საქართველოს ევროპული მომავლის, ასევე ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

“მნიშვნელოვანია, სალომე ზურაბიშვილმა სიტყვას მოაყოლოს ქმედება და სააკაშვილს მიეცეს შესაძლებლობა, ხალხის საკეთილდღეოდ, არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა”

ევროპარლამენტმა მიიღო ანგარიში, სადაც შავით თეთრზე წერია პოლიტიკური დევნის შესახებ პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ, ასევე მოხსენიებულია, რომ სალომე ზურაბიშვილს შეუძლია, პოზიტიური როლი შეასრულოს პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლებით, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ლევან ხაბეიშვილმა აღიშნა, მნიშვნელოვანია, გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი და მიეცეს შესაძლებლობა, არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა და ხალხმა გადაწყვიტოს, რა რეალობა იქნება 2024 წელს.

„ივანიშვილის მთავარი საზრუნავი 12 წლის განმავლობაში უნდა ყოფილიყო საქართველოს მოქალაქის კეთილდღეობა. მას უნდა ეზრუნა, რომ საქართველოს მოქალაქეს ლუკმა-პურის საშოვნელად არ უწევდეს ქვეყნიდან გაქცევა. ამ პრობლემების ნაცვლად, როგორიც არის ფასების ზრდა, ეკონომიკური დოვლათის შექმნა, ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ საკუთარი თავს უქმნის ეკონომიკურ დოვლათს. პირდაპირ ვთქვათ, ქვეყნის მთავარი ინვესტორი, პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელსაც ნამდვილად შეუძლია საქართველოს მოქალაქისთვის სამუშაო ადგილების შექმნა, გამოკეტა უსამართლოდ ციხეში. ჩვენ გუშინ ვნახეთ ევროპარლამენტის მიერ მიღებული ანგარიში, სადაც შავით თეთრზე წერია პოლიტიკური დევნის შესახებ პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ, ასევე მოხსენიებულია, რომ სალომე ზურაბიშვილს შეუძლია, დადებითი როლი შეასრულოს პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლებით და შესაბამისად, 2024 წლის არჩევნებზე საქართველოს მოქალაქეს მისცეს შესაძლებლობა, გააკეთოს არჩევანი და თავად აირჩიოს ის ხელისუფლება, ის პარტია, პარტიები თუ კოალიციური მთავრობა, რომელმაც უნდა იზრუნოს მოქალაქეზე. შესაბამისად, ჩვენ მივმართავთ ამ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილს მარტივი მიზეზით – ის ევროპულად საუბრობს ხოლმე, თუმცა ქმედებით კარგად ვიცით, რომ არაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ ქვეყანაში არ იყოს პოლარიზაცია, ქვეყანაში არ იყვნენ პოლიტიკური დევნილები, უკანონო პატიმრები. მან უნდა მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და გაათავისუფლოს პრეზიდენტ სააკაშვილი, ადამიანი, რომელიც აბსოლუტურად უსამართლოდ იხდის სასჯელს“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეს კარგად ესმის იმ ბრალდებების შესახებ, რომელიც შეთითხნილია რუსეთის აგენტის, ფარცხალაძის მიერ და განაჩენი გამოტანილია სანქცირებული მოსამართლეების მიერ.

„მნიშვნელოვანია, რომ სიტყვას მოაყოლოს ქმედება სალომე ზურაბიშვილმა და პრეზიდენტ სააკაშვილს მიეცეს შესაძლებლობა, ხალხის კეთილდღეობისთვის, მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა და ხალხმა გადაწყვიტოს და არა რუსმა ოლიგარქმა, თუ რა რეალობა იქნება 2024 წელს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

“ზურაბიშვილმა იკადრა ის, რაც მანამდე არც ერთ პრეზიდენტს არ უკადრია” – ლევან ნიკოლეიშვილი

ზურაბიშვილმა იკადრა ის რაც მანამდე არც ერთ პრეზიდენტს არ უკადრია. თურმე ზურაბიშვილს არ მოსწონს ეკლესიაში არსებული სიტუაცია, მისი უწმინდესობა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ცოცხალია და ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს, ამ ქალბატონს კი ჰყოფნის თავხედობა და ახალ პატრიარქზე გვესაუბრება,-ასე გამოეხმაურა ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი პრეზიდენტის მიერ პატრიარქზე გაკეთებულ განცხადებას.

ექსპერტის თქმით, აქ გამოჩნდა მისი პატრონების კიდევ ერთი შეკვეთა-ქართული მართლმადიდებელი ეკლესიისა და საპატრიარქოს გაკონტროლების მზაკვრული სურვილი, რომელიც თავიანთ უვიც აგენტს გაახმოვანებინეს!

„დილით დავწერე სალომე ზურაბიშვილზე ერთი-ორი სიტყვა, მაგრამ იძულებული ვარ კვლავ გამოვთქვა ჩემი მოსაზრება მის კიდევ ერთ რბილად რომ ვთქვა უკიდურესად გაუაზრებელ განცხადებაზე, პატრიარქსა და ეკლესიის შესახებ. ფაქტობრივად ზურაბიშვილმა იკადრა ის რაც მანამდე არც ერთ პრეზიდენტს არ უკადრია. თურმე ზურაბიშვილს არ მოსწონს ეკლესიაში არსებული სიტუაცია, „ძალიან კომპლექსური ვითარებაა, რისი მიზეზიც დღეს პატრიარქის სისუსტეაო.“ წარმოდგენა თუ აქვს მაინც ვისზე და რას იძახის?! მისი უწმინდესობა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ცოცხალია და ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს, ამ ქალბატონს კი ჰყოფნის თავხედობა და ახალ პატრიარქზე გვესაუბრება, „ქართული ეკლესია მოახერხებს პროქართული და პროევროპული პატრიარქის არჩევას და არა პრორუსის.“ ვინ ეკითხება პატრიარქის არჩევას სალომე ზურაბიშვილს? აი, აქ გამოჩნდა მისი პატრონების კიდევ ერთი შეკვეთა-ქართული მართლმადიდებელი ეკლესიისა და საპატრიარქოს გაკონტროლების მზაკვრული სურვილი, რომელიც თავიანთ უვიც აგენტს გაახმოვანებინეს! აგენტიც ნაწილობრივ გამნაღმველივითაა და საბედისწერო შეცდომას უშვებს, მგონი ასე მოვიდა სალომე ზურაბიშვილსაც და იმ ნაღმზე დააბიჯა ფეხი, რომელიც მის პოლიტიკურად დასამარებას დააჩქარებს!“-წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

ძალიან კომპლექსური ვითარებაა, რისი მიზეზიც დღეს პატრიარქის სისუსტეა. დარწმუნებული ვარ, ქართული ეკლესია მოახერხებს პროქართული და პროევროპული პატრიარქის არჩევას და არა პრორუსის, -განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველო სრულად იცავს საერთაშორისო სანქციებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს -შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ საქართველო სრულად იცავს საერთაშორისო სანქციებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და კოორდინირებულად მუშაობს პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ამ მიმართულებით, – ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კომიტეტზე დასახელებული საქართველოსა და აშშ-ს შორის სავაჭრო სტატისტიკა არ ასახავს რეალურ მონაცემებს.

„მიმდინარე წლის 27 თებერვალს, ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საშინაო უსაფრთხოებისა და სახელმწიფო საქმეთა კომიტეტზე რუსეთისთვის, დაწესებული სანქციების თავიდან არიდების საკითხებზე მსჯელობისას, სენატორების – რონ ჯონსონისა და რიჩარდ ბლუმენთალის, ასევე სხდომაზე მოწვეული ექსპერტების მიერ, გაკეთებული განცხადებების მიმართ არსებული მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განმარტავს, შემდეგს:

კომიტეტზე დასახელებული საქართველოსა და აშშ-ს შორის სავაჭრო სტატისტიკა არ ასახავს რეალურ მონაცემებს. გარდა ამისა, კომიტეტზე არ წარმოდგენილა არცერთი კონკრეტული ფაქტი, რომელიც დაადასტურებდა საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების დარღვევის შემთხვევას.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა უკვე მიმართა ამერიკელ კოლეგებს და მოთხოვნილია განმარტება, თუ რა მტკიცებულებების საფუძველზე გაკეთდა საქართველოსთან მიმართებით აღნიშნული განცხადება. კონკრეტული მტკიცებულების არსებობის შემთხვევაში, ამერიკულ მხარეს ეთხოვა მათი გაზიარება ქართული მხარისთვის.

შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ საქართველო სრულად იცავს საერთაშორისო სანქციებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და კოორდინირებულად მუშაობს პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ამ მიმართულებით.

ამ ეტაპისთვის, არ არსებობს საპირისპიროს დამადასტურებელი არცერთი შემთხვევა. კოლეგების მხრიდან კონკრეტული მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, საზოგადოებას დამატებით მივაწვდით ინფორმაციას“, – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ირაკლი კობახიძე საქართველოში ინდოეთის ელჩს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს, ნილაკში საჰა სინჰას შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე საუბარი ინდოეთსა და საქართველოს შორის არსებულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს შეეხო.

„ხაზი გაესვა ინდოეთის მთავრობის გადაწყვეტილებას თბილისში მუდმივი დიპლომატიური მისიის გახსნასთან დაკავშირებით; ასევე – საქართველოსა და ინდოეთს შორის პირდაპირი რეგულარული ფრენების დაწყების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ ეს გადაწყვეტილებები კიდევ უფრო ხელს შეუწყობს საქართველოსა და ინდოეთს შორის ურთიერთობების გაღრმავებას.

პრემიერმა ელჩს მადლობა გადაუხადა ინდოეთის მტკიცე მხარდაჭერისთვის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

“Heritage Foundation-ის ინდექსში საქართველო უსწრებს ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანას და კანდიდატის სტატუსის მქონე ყველა სახელმწიფოს”

Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველო მორიგ ჯერზე დაწინაურდა და მსოფლიოში 32-ე ადგილზეა, ხოლო ევროპის ქვეყნებს შორის – მე-19 ადგილზე – მათ შორის, რეიტინგში ვუსწრებთ ევროკავშირის წევრ რამდენიმე ქვეყანას და კანდიდატის სტატუსის მქონე ყველა სახელმწიფოს, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

პირველი ვიცე-პრემიერის შეფასებით, საქართველოში ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის გაუმჯობესება გამოიწვია რამდენიმე ფაქტორმა, მათ შორის არის „მთავრობის კეთილსინდისიერება“, „კანონის უზენაესობა“ და ასევე, სხვა ინდიკატორები, რომლის მიხედვითაც ფასდება ინდექსი.

„საქართველო ერთ-ერთი მოწინავეა ვაჭრობის თავისუფლების კუთხით, ხოლო ფინანსური თავისუფლების კუთხით ჩვენი ქვეყანა მსოფლიოში მეორე ადგილზეა. ეს მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ საქართველოში ბიზნესის კეთების კუთხით თავისუფალი გარემოა, რაც ეკონომიკურ წინსვლას ხელს უწყობს“, – აღნიშნა მინისტრმა.

ლევან დავითაშვილის თქმით, მთავრობის პოლიტიკაც, სწორედ, იქითკენ არის მიმართული, რომ ქვეყანაში იყოს ეკონომიკური ზრდა, სტაბილურობა და პროგნოზირებადობა.

„მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას შესაბამის გარემო და ყველა მიმართულებით ხელისუფლება ცდილობს, გააუმჯობესოს პირობები იმისთვის, რომ საქართველო კიდევ უფრო მეტად მიმზიდველი იყოს და შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდა, რომელიც წინა წლებშიც გვქონდა“, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, Heritage Foundation-ის „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი“ 2024-ის მიხედვით, საქართველო რეიტინგში 3 პოზიციით დაწინაურდა და 184 ქვეყანას შორის 32-ე პოზიცია დაიკავა.

„Heritage Foundation-ის „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის“ მიხედვით, საქართველო 68.4 ქულით მსოფლიოს 184 ქვეყანას შორის 32-ე პოზიციაზეა „ზომიერად თავისუფალი“ სტატუსით, ხოლო ევროპის რეგიონის 44 ქვეყანას შორის მე-19 პოზიციას იკავებს. საქართველოს საერთო ქულა აღემატება როგორც რეგიონის (67.2 ქულა), ისე მსოფლიოს საშუალო ქულას (58.6 ქულა).

საქართველო რეიტინგში უსწრებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს – სლოვაკეთი, ხორვატია, პოლონეთი, სლოვენია, ბელგია, მალტა, რუმინეთი, ესპანეთი, საფრანგეთი, უნგრეთი, იტალია, საბერძნეთი და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე 7 სახელმწიფოს.

Heritage Foundation-ის შეფასებაში აღნიშნულია, რომ „მიუხედავად რთული გარე და პოლიტიკური გარემოსი, საქართველოს ეკონომიკა საკმაოდ კარგად მუშაობს პოლიტიკის ძირითად სფეროებში. განხორციელდა რეფორმები მარეგულირებელი ეფექტურობის გაზრდის მიზნით და შენარჩუნებულია ღია ბაზრის პოლიტიკა დაბალ საგადასახადო განაკვეთებთან ერთად. ეკონომიკამ აჩვენა გამძლეობის მაღალი დონე“.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი პირველი მარტისთვის

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6599 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6599 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6606 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0007 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8839 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8780 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0059 ლარი შეადგინა.

“კარგია, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა” – სალომე ზურაბიშვილი

კარგია, რომ ის [ბიძინა ივანიშვილი] პოლიტიკაში დაბრუნდა, იმიტომ, რომ ეს თავიდან გვაცილებს ჩრდილოვანების იმ ნაწილს, რომელიც დიდი პრობლემა იყო – იმის არ ცოდნა, სად იყო ძალაუფლების წყარო, პასუხისმგებლობის არ ქონა, ხალხის წინაშე პასუხისმგებლობის არ ქონა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, როდესაც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა.

„ასე რომ, ახლა, როცა ყველაფერი ნათელია, უკეთესია, თუნდაც ის ძალიან მდიდარი ადამიანი იყოს. სხვა ქვეყნებშიც არსებობს მსგავსი მაგალითები და ასეთ ხალხს იქ ოლიგარქებს არ უწოდებენ, არამედ უწოდებენ მილიარდერებს“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, შეიქმნას პირობები, რომელიც აღკვეთს ოლიგარქიულ ძალაუფლებას ქვეყანაში.

საქართველოში ვერ გაიყიდება სააკაშვილის მხარდაჭერა, როგორც დემოკრატიული იდეალების მხარდაჭერა, უმჯობესია, გეგმის განხორციელებაზე ხელი აიღონ -მიხეილ სარჯველაძე

საქართველოში ვერ გაიყიდება სააკაშვილის მხარდაჭერა, როგორც დემოკრატიული იდეალების მხარდაჭერა, უმჯობესია, გეგმის განხორციელებაზე ხელი აიღონ, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძე გამოეხმაურა ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ევროპარლამენტის რეზოლუციაში მისი მოთხოვნით შევიდა შესწორება, რომელიც მოუწოდებს სალომე ზურაბიშვილს, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი.

„როგორც ჩანს და ყველაფერი ამაზე მიანიშნებს, რომ ცდილობენ, პლაცდარმი მოუმზადონ სალომე ზურაბიშვილს, რათა მიიღოს გადაწყვეტილება სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით. ამაზე ბევრი რამ მიანიშნებს და ეს სერიოზულად განსახილველი ამბავია. პრაქტიკულად, ადრე ერთ-ერთმა ევროპარლამენტარმა სალომე ზურაბიშვილი „გაყიდა“, როცა შეწყალებასთან დაკავშირებით თქვა, რომ წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია. ახლაც დაახლოებით იგივე სურათია. პატარა ბავშვს რომ აღმოაჩენენ „დახუჭობანას“ თამაშის დროს და მაინც ცდილობს, სამალავიდან არ გამოვიდეს, სალომე ზურაბიშვილი დაახლოებით ამ მდგომარეობაშია.

როგორც ჩანს, შეწყალებას აპირებს და მძევალია მანამდე გაკეთებული აბსოლუტურად მართებული განცხადების. ახლა, როცა გადაწყვეტილი აქვს, შეცვალოს პოზიცია, მყარი დასაყრდენი სჭირდება. ეს ძალიან ცუდად ჩანს, გაშიფრულია და უმჯობესია, ამ გეგმის განხორციელებაზე ხელი აიღონ ადამიანებმა, ვინც ამას გეგმავს. რამდენიმე ევროპარლამენტარია, რომლებიც საქართველოში ოდიოზურად გამოიყურებიან. საბედნიეროდ, ეს არ ვრცელდება ყველაზე და უმრავლესობაზე. თავიანთი მოტივაცია აქვთ მათ, ვისთვისაც სააკაშვილის გულშემატკივრობა და მასთან მეგობრობა უფრო ღირებულია, ვიდრე მთელი ქართველი ერი. სხვათა შორის, ეს ადამიანები სტატუსთან მიმართებით ამბობდნენ, რომ ქვეყანას არ უნდა მიეღო, რათა ხელისუფლების შეცვლისთვის ყოფილიყო გამოყენებული. ამ განცხადებას აკეთებდნენ „დაჯგუფებიდან“, რომელიც სააკაშვილის მხარდაჭერით გამოირჩევა. საქართველოში ვერ გაიყიდება სააკაშვილის მხარდაჭერა, როგორც დემოკრატიული იდეალების მხარდაჭერა, რადგან „კასტილიან“ კაცთან ასოცირდება. ამის მიუხედავად, რაღაცებს გეგმავენ. ეს ქართული საზოგადოების მიმართ უპატივცემულობაა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კახეთის მუნიციპალიტეტებს ახალი სამგზავრო ავტობუსები გადაეცა

კახეთში, რეგიონის მუნიციპალიტეტებისთვის ახალი სამგზავრო ავტობუსების გადაცემის ღონისძება გაიმართა. კახეთს 31 ახალი სამგზავრო ავტობუსი გადაეცა, რომელიც მუნიციპალიტეტებში გადანაწილდება. ინფორმაციას თელავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი, პარლამენტის წევრები – ირაკლი ქადაგიშვილი, დავით სონღულაშვილი, გელა სამხარაული და დავით მათიკაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.

„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით რეგიონებისთვის ახალი ავტობუსების შეძენა განხორციელდა. პროექტის ფარგლებში „ისუზუს“ ფირმის 154 ერთეული, 8-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვა განხორციელდა, რომლებიც ქვეყნის 38 მუნიციპალიტეტში გადანაწილდა.

ახალი ავტობუსების შესყიდვისთვის ბიუჯეტიდან 53 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი. ახალი სამგზავრო ავტობუსების საქართველოში ჩამოყვანა შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებული, კონსოლიდირებული ტენდერის გამარჯვებულმა კომპანია „ჯითი გრუპიმ“ უზრუნველყო.

პროექტის ფარგლებში, კახეთის რეგიონს 31 ერთეული ახალი სამგზავრო ავტობუსი გადაეცა, რომლებიც მუნიციპალიტეტებში გადანაწილდება. ავტობუსები მოქალაქეების შიდა და საქალაქთაშორისო ტრანსპორტირებას მოემსახურება. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ავტობუსები 47 მგზავრზეა გათვლილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

ახალი, კომფორტული, EURO 5 სტანდარტის ავტობუსების შეძენით, კახეთის რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული შიდა სატრანსპორტო გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემა მოუგვარდება. ასევე, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, რაც მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე დადებითად აისახება,“ – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დადგა დრო, ევროკავშირი ოფიციალურად გაემიჯნოს ევროპარლამენტარების ცილისმწამებლურ განცხადებებს -შალვა პაპუაშვილი

მიხეილ სააკაშვილის თაობაზე მის უცხოელ მფარველებსა და ქართველ ხალხს შორის არსებული მნიშვნელოვანი გაუგებრობები კვლავაც ზიანს აყენებს ჩვენს საგარეო ურთიერთობებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, ევროპარლამენტმა ახლახან მიიღო რეზოლუცია, რომელშიც შევიდა აბზაცი, სადაც ევროპარლამენტარები სააკაშვილის კანონიერი პატიმრობიდან ვადამდე გათავისუფლებას მოითხოვენ „ჰუმანიტარული ნიშნით“, რასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს.

„ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ, ცვლილების სავარაუდო ავტორმა, აღნიშნა, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი არის „პუტინის პირადი მტერი და პატიმარი“. რამდენიმე დღის წინ, მიუნხენის უსაფრთხოების ბოლო კონფერენციაზე, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სიკორსკიმ მსგავსი სამწუხარო კომენტარი გააკეთა სააკაშვილის შესახებ, როდესაც ასევე სააკაშვილის გათავისუფლება მოითხოვა და მას „საქართველოს მოდერნიზაციის სიმბოლო“ უწოდა.

ეს სიახლე არ არის. ამგვარი მოწოდებები ადრეც გვესმოდა და ვიცით, რომ ისინი უშედეგოა. ამგვარი განცხადებების ავტორები საერთოდ ვერ ხვდებიან სააკაშვილისა და მისი უცხოელი მფარველების მიმართ ქართული საზოგადოების უმრავლესობის მხრიდან ნეგატიურ დამოკიდებულებას. მაშინ, როდესაც სააკაშვილის ლობისტები მიესალმებიან საქართველოს ექსპრეზიდენტის „დამსახურებებს“, ქართველების უმეტესობისთვის ყველაფერი დიამეტრალურად საპირისპიროა. უფრო მეტიც, დასავლელი პოლიტიკოსების ასეთი აუხსნელი განცხადებები გარკვეულ კოგნიტიურ დისონანსს იწვევს, როდესაც ადამიანები იწყებენ კითხვას, თუ როგორ შეუძლია დემოკრატიულ დასავლეთს, კვლავ მხარს უჭერდეს ავტორიტარულ ფიგურას. ეს ასევე ბადებს ეჭვებს იმის შესახებ, ხომ არ არის დეკლარირებული „დასავლური ღირებულებები“ უბრალო ხრიკი გარკვეული გეოპოლიტიკური მიზნების მისაღწევად“, – აცხადებს პაპუაშვილი.

მისივე თქმით, ყოფილი და მოქმედი უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებიც მხარს უჭერენ სააკაშვილს, ჩვეულებრივ მიუთითებენ ამ უკანასკნელის როლზე დემოკრატიულ ტრანსფორმაციაში, ინსტიტუციების მშენებლობასა და 2008 წელს რუსეთის შემოჭრის მოგერიებაში.

„სინამდვილეში, ეს ზუსტად ის საკითხებია, რომელთა დარღვევისთვისაც სააკაშვილი ქართველების უმეტესობისთვის ბოროტმოქმედად რჩება. სააკაშვილის შესახებ ხელოვნურად შეკოწიწებული საერთაშორისო იმიჯისგან განსხვავებით, ქართველებმა პირადად იციან, რა მოუტანა მისმა რეჟიმმა ქვეყანას და ცალკეულ მოქალაქეს. ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევა, გაჩუმებული მედია, დატერორებული ბიზნესი, ელიტური კორუფცია, ქედმაღლური დამოკიდებულება საკუთარი ხალხის მიმართ და მშიშრული ქცევა რუსეთთან ომის დროს – ასე ახსოვს ქართველს სააკაშვილის თითქმის მთელი ათწლეულის მძიმე მმართველობა.

მითი იმის შესახებ, რომ სააკაშვილს პუტინთან პირადი უთანხმოება ჰქონდა, შესაძლოა ევროპარლამენტისთვის მიმზიდველ იდეას წარმოადგენდეს, რომელსაც ამ წარმოდგენას უქმნიან კონსერვატიულად განწყობილი აღმოსავლეთ ევროპელი პოლიტიკოსები. თუმცა, ფაქტები სხვას ამტკიცებ. პუტინი-სააკაშვილის დაპირისპირება არასწორი აღქმის ნაწილია, რადგან პუტინმა თავისი მიზნების უმეტეს ნაწილს საქართველოში სწორედ სააკაშვილის მმართველობის დროს მიაღწია, როდესაც მოხდა ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია. სწორედ ეს ახსოვს ჩვენს ხალხს და არა სააკაშვილის რიტორიკა.

ქართველები ითვალისწინებენ ჩვენი სახელმწიფოებრიობის ყველა ფუნდამენტურ ასპექტს. ადამიანები წყვეტენ თავიანთ მომავალს მრავალი მნიშვნელოვანი საკითხის ფართო სპექტრის საფუძველზე. სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, დემოკრატია, ინსტიტუტების მშენებლობა, კანონის უზენაესობა და სოციალური უსაფრთხოება საქართველოს ეროვნული დღის წესრიგის განუყოფელი ნაწილია. სააკაშვილმა კი ყველა ამ საკითხში კრახი განიცადა. სამწუხაროდ, ზოგიერთი ჩვენი „მტერ-მოყვარისათვის“ საქართველოს მიმართ დამოკიდებულება განისაზღვრება მხოლოდ იმ მითით, რომ სააკაშვილი თურმე „პუტინის პირადი მტერი იყო“, – აცხადებს პაპუაშვილი.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ქართველების გაოგნების კიდევ უფრო დიდი მიზეზია სააკაშვილის უცხოელი მეგობრებისა და მფარველების თვალთმაქცური საქციელი, როდესაც საქმე საქართველოში დემოკრატიას ეხება.

„2003-დან 2012 წლამდე ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის მიუხედავად, ეს უცხოელები სააკაშვილის ერთგულები დარჩნენ და პრაქტიკულად არასოდეს ამოუღიათ ხმა მისი დანაშაულების წინააღმდეგ. და პირიქით, მიუხედავად ქართული ოცნების შთამბეჭდავი დემოკრატიული შედეგებისა 2012 წლიდან (რა თქმა უნდა, გამოხატული რეალური ფაქტებით, რიცხვებითა და ციფრებით და არა საზღვარგარეთ დამახინჯებული, მიზანმიმართულად მოგონილი „აღქმებით“), იგივე უცხოელები საქართველოს მთავრობას უკვე ათ წელზე მეტია ლანძღავენ. საბედნიეროდ, ქართველმა ხალხმა იცის სად არის სიმართლე.

2012 წლიდან სააკაშვილის პარტიამ რვავე არჩევნები წააგო, იქნება ეს საპარლამენტო, საპრეზიდენტო და მუნიციპალური. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ახლა უკვე იმისთვის იბრძვის, რომ წლევანდელ არჩევნებზე როგორმე საარჩევნო ბარიერი გადალახოს, რადგან ქართულ პოლიტიკაში ენმ სწრაფად ყალიბდება მარგინალურ პოლიტიკურ ჯგუფად. ეს კარგი მაჩვენებელია იმისა, თუ რას ფიქრობს ხალხი „ნაციონალური მოძრაობის“ ბელადზე. თუმცა, სააკაშვილის დასავლელი მეგობრები და მფარველები კვლავ ერთგულნი რჩებიან თავისივე შექმნილი მითისა, რაც მოწმობს, რომ მათ სრულიად დაკარგეს კავშირი რეალობასთან.

ამიტომ, გარკვეული უცხოური ჯგუფების ან ცალკეული პირების დამოკიდებულება სააკაშვილის მიმართ არის ლაკმუსის ტესტი, რათა განვასხვაოთ ღირებულებების ერთგული პოლიტიკოსები მათგან, ვინც მხოლოდ საკუთარ ვიწრო პოლიტიკურ მიზნებზე ზრუნავენ. უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებიც სააკაშვილის სასტიკი რეჟიმისადმი ლოიალური იყვნენ, მაგრამ ახლა გაუმართლებლად აკრიტიკებენ „ქართულ ოცნებას“, სააკაშვილის მეგობრები არიან და არა საქართველოსი. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა უცხოელმა მეგობრებმა და კოლეგებმა საქართველოსთან ურთიერთობა აწარმოონ საერთო ღირებულებების, ან, სულ მცირე, საერთო ეროვნული ინტერესების საფუძველზე და არა პირადი სიმპათიების მიხედვით.

დადგა დრო, რომ ევროკავშირი ოფიციალურად გაემიჯნოს ევროპარლამენტარების ცილისმწამებლურ განცხადებებს. ჩვენი შეკითხვა ევროკავშირისადმი იმაზეა, იზიარებენ თუ არა ისინი ჩვენს საერთო ღირებულებებს თუ ევროპარლამენტარების ვიწრო ინტერესებს ექვემდებარებიან. მიგვაჩნია, რომ მთავარი ჩვენი საერთო საქმეა -საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ჩვენ მომავალზე უნდა ვიფიქროთ“, – აღნიშნავს შალვა პაპუაშვილი.