“მნიშვნელოვანია, სალომე ზურაბიშვილმა სიტყვას მოაყოლოს ქმედება და სააკაშვილს მიეცეს შესაძლებლობა, ხალხის საკეთილდღეოდ, არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა”

15
spot_img

ევროპარლამენტმა მიიღო ანგარიში, სადაც შავით თეთრზე წერია პოლიტიკური დევნის შესახებ პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ, ასევე მოხსენიებულია, რომ სალომე ზურაბიშვილს შეუძლია, პოზიტიური როლი შეასრულოს პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლებით, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ლევან ხაბეიშვილმა აღიშნა, მნიშვნელოვანია, გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი და მიეცეს შესაძლებლობა, არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა და ხალხმა გადაწყვიტოს, რა რეალობა იქნება 2024 წელს.

„ივანიშვილის მთავარი საზრუნავი 12 წლის განმავლობაში უნდა ყოფილიყო საქართველოს მოქალაქის კეთილდღეობა. მას უნდა ეზრუნა, რომ საქართველოს მოქალაქეს ლუკმა-პურის საშოვნელად არ უწევდეს ქვეყნიდან გაქცევა. ამ პრობლემების ნაცვლად, როგორიც არის ფასების ზრდა, ეკონომიკური დოვლათის შექმნა, ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ საკუთარი თავს უქმნის ეკონომიკურ დოვლათს. პირდაპირ ვთქვათ, ქვეყნის მთავარი ინვესტორი, პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელსაც ნამდვილად შეუძლია საქართველოს მოქალაქისთვის სამუშაო ადგილების შექმნა, გამოკეტა უსამართლოდ ციხეში. ჩვენ გუშინ ვნახეთ ევროპარლამენტის მიერ მიღებული ანგარიში, სადაც შავით თეთრზე წერია პოლიტიკური დევნის შესახებ პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ, ასევე მოხსენიებულია, რომ სალომე ზურაბიშვილს შეუძლია, დადებითი როლი შეასრულოს პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლებით და შესაბამისად, 2024 წლის არჩევნებზე საქართველოს მოქალაქეს მისცეს შესაძლებლობა, გააკეთოს არჩევანი და თავად აირჩიოს ის ხელისუფლება, ის პარტია, პარტიები თუ კოალიციური მთავრობა, რომელმაც უნდა იზრუნოს მოქალაქეზე. შესაბამისად, ჩვენ მივმართავთ ამ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილს მარტივი მიზეზით – ის ევროპულად საუბრობს ხოლმე, თუმცა ქმედებით კარგად ვიცით, რომ არაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ ქვეყანაში არ იყოს პოლარიზაცია, ქვეყანაში არ იყვნენ პოლიტიკური დევნილები, უკანონო პატიმრები. მან უნდა მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და გაათავისუფლოს პრეზიდენტ სააკაშვილი, ადამიანი, რომელიც აბსოლუტურად უსამართლოდ იხდის სასჯელს“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეს კარგად ესმის იმ ბრალდებების შესახებ, რომელიც შეთითხნილია რუსეთის აგენტის, ფარცხალაძის მიერ და განაჩენი გამოტანილია სანქცირებული მოსამართლეების მიერ.

„მნიშვნელოვანია, რომ სიტყვას მოაყოლოს ქმედება სალომე ზურაბიშვილმა და პრეზიდენტ სააკაშვილს მიეცეს შესაძლებლობა, ხალხის კეთილდღეობისთვის, მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა და ხალხმა გადაწყვიტოს და არა რუსმა ოლიგარქმა, თუ რა რეალობა იქნება 2024 წელს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.