Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

რუსებმა ოდესას დრონებით შეუტიეს, დაშავდა 13 ადამიანი

რუსებმა უკრაინის ქალაქ ოდესას დრონებით შეუტიეს, რომლის დროსაც 10 დარტყმა განხორციელდა, რამაც ხანძარი გამოიწვია, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაშავდა 13 ადამიანი, მათ შორის 3 მაშველი.

მაშველების განცხადებით, ოთხსართულიანი საცხოვრებელი შენობა მთლიანად ცეცხლის ალშია გახვეული.

საგანგებო სიტუაციების სამსახური ცნობით, დაზიანდა 23-სართულიანი საცხოვრებელი შენობა, სადაც ხანძარმა მე-18, მე-19 და მე-20 სართულები მოიცვა. მრავალსართულიანი შენობიდან 600 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

ხანძარმა ასევე გაანადგურა 5 საცხოვრებელი შენობა და 3 ავტომობილი.

 როგორი ამინდი იქნება 20 ივნისს საქართველოში 

 სინოპტიკოსების პროგნოზით, 20 ივნისს საქართველოში უმეტესად მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +31 გრადუსი რუსთავშია ნავარაუდევი, ხოლო მინიმალური +15 – გუდაურში. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში +30 გრადუსია მოსალოდნელი.

ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით:

გაგრა +24 – უმეტესად ღრუბლიანი

სოხუმი +25 – მზიანი

ზუგდიდი +27 – მზიანი

მესტია +21 – უმეტესად მზიანი

ფოთი +25 – უმეტესად მზიანი

ბათუმი +25- მზიანი

ოზურგეთი +28 – მზიანი

ქუთაისი +29 – მზიანი

ამბროლაური +28 – მზიანი

ახალციხე +27 – უმეტესად ღრუბლიანი

ბორჯომი +23 – მზიანი

ბაკურიანი +21 – უმეტესად მზიანი

გორი +29 – უმეტესად მზიანი

ცხინვალი +26 – მზიანი

სტეფანწმინდა +19 -უმეტესად ღრუბლიანი

გუდაური +15 – უმეტესად მზიანი

თელავი +28 – მზიანი

რუსთავი +31 – მზიანი

თბილისი +30 – მზიანი

 

20 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ეს დღე კარიერულ და ფინანსურ საკითხებში ვარსკვლავების მხარდაჭერას გპირდებათ. ხელსაყრელი დროა ახალი პროექტს დაწყების, სამსახურის შეცვლისა და მნიშვნელოვანი შენაძენებისთვის. ამოცანა, რომელიც აქამდე დაუძლეველი გეჩვენებოდათ, იმაზე მარტივი აღმოჩნდება, ვიდრე ფიქრობდით. პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები ჯერ არ ჩანს. გაურკვევლობაში ყოფნა და ყოყმანი შესაძლოა თქვენს ყველაზე დიდ შეცდომად იქცეს. სწრაფად და პრინციპულად იმოქმედეთ.

კურო

ამ დღეს მოსალოდნელია ახალი, საინტერესო ნაცნობის გამოჩენა. გზაზე ყურადღებით იყავით — ვარსკვლავები ტრანსპორტთან დაკავშირებულ პრობლემებზე გაფრთხილებენ. თქვენი ახლო მეგობარი შესაძლოა, ისეთ ინტრიგაში ჩაითრიონ, საიდანაც თქვენი დახმარების გარეშე გამოსვლა გაუჭირდება. ყურადღება მიაქციეთ დაავადების სიმპტომებს და გართულების შემთხვევაში ექიმს მიმართეთ.

ტყუპები

ამ დღეს ფიქრები ისე შორს წაგიყვანთ, რომ უკან დაბრუნება გაგიჭირდებათ. მომავლისკენ რომელი გზით წახვალთ, მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. დღის პირველ ნახევარში იურიდიული საკითხები სწრაფად და წარმატებით მოგვარდება, მაგრამ ახლობლებთან კონფლიქტები შესაძლოა დიდხანს გაჭიანურდეს. საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება ან გამოცვლა დაუგეგმავ ხარჯებს გამოიწვევს.

კირჩხიბი

ეს დღე სიახლეებითა და სასიამოვნო ემოციებით იქნება სავსე. შეიძლება ისეთ მოვლენებში ჩაერთოთ, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად თქვენს პირად ცხოვრებაზე გავლენას მოახდენენ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დაწყებული საქმეები დროულად დაასრულოთ, თორემ მალე საკუთარი სიზარმაცის გამო ინანებთ. თუ ვინმე პროფესიულ დახმარებას გთხოვთ, უარი არ უთხრათ — მალე მხარდაჭერა თქვენც დაგჭირდებათ.

ლომი

ყურადღება არ მოადუნოთ – ვარსკვლავები განიშნებენ, როგორ უნდა იმოქმედოთ და რას უნდა ელოდოთ. ენდეთ და უსმინეთ საკუთარ ინტუიციას. თუ დიდი ხანია, დაძაბულ რეჟიმში მუშაობთ, მალე იძულებითი პაუზა გელით. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე რჩევა უფროს ნათესავებს ან ძველ მეგობრებს უნდა ჰკითხოთ. ქალაქგარეთ ხანმოკლე გასვლა და სუფთა ჰაერზე სეირნობა თავს უკეთ გაგრძნობინებთ. თავი შეიკავეთ ხელმძღვანელობასთან დაპირისპირებისგან — თქვენს სიმართლეს დრო ისედაც დაამტკიცებს.

ქალწული

ამ დღეს ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. შესაძლოა ძველმა, მივიწყებულმა დაავადებამ თავი შეგახსენოთ. საგანგაშო არაფერია, უბრალოდ მოდუნება და დასვენება გჭირდებათ. კონკურენტების ფონზე აშკარად გამოირჩევით და გამარჯვებას ერთი ნაბიჯი გაშორებთ. ახლა მთავარია თქვენი ძლიერი მხარეები დასახული მიზნის მისაღწევად სწორად გამოიყენოთ.

სასწორი

ახალმა ნაცნობობამ შესაძლოა იმედები არ გაგიმართლოთ. იქნებ გარშემომყოფებისგან ზედმეტად ბევრს ითხოვთ? ფინანსურ საკითხებში დახმარება მალე მოვა, თუმცა ყველა პირობაზე ნუ დათანხმდებით — შესაძლოა, ვიღაცას ფარული მოტივები ამოძრავებს. ის, ვის მხარდაჭერაც გჭირდებათ, უფრო ახლოსაა, ვიდრე გგონიათ. დროა შვებულების აღებაზე იფიქროთ – თქვენს ორგანიზმს განტვირთვა სჭირდება.

მორიელი

ამ დღეს ვარსკვლავები თქვენს გამძლეობას გამოცდიან. სწრაფი რეაქცია და პრინციპული მოქმედება მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ. სავარაუდოდ, ვიღაც თქვენთვის მოცემულ პირობას არ შეასრულებს და ყველაფრის გაკეთება თავად მოგიწევთ. დღის მეორე ნახევარში შეიძლება მნიშვნელოვანი სიახლე მიიღოთ, რომელიც თქვენს ცხოვრებაზე გავლენას მოახდენს. დახმარებას ნუ დაელოდებით — რთული ვითარებიდან გამოსავალი თავად უნდა იპოვოთ.

მშვილდოსანი

შეიძლება ამ დღეს სერიოზული შეცდომა დაუშვათ, ამიტომ რასაც არ უნდა აკეთებდეთ, ფრთხილად და აუჩქარებლად უნდა იმოქმედოთ. თუ გარშემო მყოფთა საუბრებს ყურადღებით მოუსმენთ, შეიძლება ის გაიგოთ, რაც თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის. საქმიანი მოლაპარაკებები თქვენთვის სასურველი სცენარით განვითარდება, მაგრამ ყველა დაპირებას, რომელსაც დღეს მოისმენთ, არ უნდა დაუჯეროთ.

თხის რქა

სავარაუდოდ, ბევრი გეგმის შეცვლა მოგიწევთ, რადგან ყველაფრის ერთდროულად გაკეთებას ვერ მოასწრებთ. დროის უდიდეს ნაწილს ახალი კავშირების დამყარებაზე დახარჯავთ. სხვისმა შეცდომამ შეიძლება თქვენი სამუშაო პროცესი მნიშვნელოვნად გაართულოს. ეცადეთ, სიტუაციიდან გამომდინარე იმოქმედოთ და რთული საქმეების დასრულება სამომავლოდ გადადოთ. საღამოს ახლობელ ადამიანთან სერიოზული საუბარი გელით.

მერწყული

მთელი დღის განმავლობაში პარტნიორებთან და კონკურენტებთან ურთიერთობა და სადავო საკითხების მოგვარება მოგიწევთ. ბევრი მერწყული მიიღებს დახმარებას, რომელსაც დიდი ხანია ელის. ეს დღე გაცილებით წარმატებული იქნება, თუ საკუთარ მიზნებსა და სურვილებში გაერკვევით. უსმინეთ საკუთარ სხეულს და დაავადებების სიმპტომების გამოჩენისას, თვითმკურნალობის ნაცვლად, ექიმს მიმართეთ.

თევზები

დღევანდელი წარმატება დიდწილად თქვენს რიტორიკულ უნარებზე იქნება დამოკიდებული. გავლენიან ადამიანთან ახალი ნაცნობობა დადებითი თანამშრომლობის საფუძველი გახდება — ზოგიერთისთვის ეს ურთიერთობა შეიძლება სასიყვარულო კავშირშიც კი გადაიზარდოს. დროა, ბოდიში მოუხადოთ და ურთიერთობა აღადგინოთ ადამიანთან, ვისთანაც ურთიერთობა დიდი ხნის წინ გაწყვიტეთ.

ტრამპი ისრაელ-ირანის ომში ჩართვას ყოყმანობს

ისრაელსა და ირანს შორის ომი მსოფლიო პოლიტიკის მთავარ მოვლენად იქცა. ამ ომის შედეგი განსაზღვრავს, თუ როგორ შეიცვლება ძალთა გლობალური ბალანსი.

ისრაელი გამანადგურებელ დარტყმებს აყენებს ირანის ბირთვულ ობიექტებს და ქვეყნის მმართველი ელიტის წარმომადგენლებს. განადგურებულია ათობით ირანელი გენერალი, ბირთვულ კვლევებში ჩართული მეცნიერები და აიათოლა ხამენეის მრჩევლები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი ირანში რეჟიმის შეცვლას შეეცდება.

თეირანში პანიკაა. მოსახლეობა ქალაქიდან გარბის. ირანის ხელისუფლება კარგავს კონტროლს ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე. არის ინფორმაცია, რომ აიათოლა ხამენეის წარმომადგენლები მოლაპარაკებებს აწარმოებენ მის რუსეთში გაქცევაზე.

აიათოლა ხამენეიმ ძალაუფლება ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელობას გადასცა და აღმოსავლეთ ირანში ბუნკერში იმალება. ისრაელის არმია ანადგურებს ირანის რეჟიმის იმ ლიდერებს, რომლებიც რეალურად ახორციელებენ ძალაუფლებას ქვეყანაში.

ირანი აგრძელებს ბალისტიკური რაკეტების სროლას ისრაელის მიმართულებით. აიათოლა ხამენეიმ თავის ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ირანი არ დანებდება და გააგრძელებს ბრძოლას. ეს ნიშნავს, რომ ირანი უარყოფს დონალდ ტრამპის შეთავაზებას, დანებდეს და ხელი მოაწეროს სამშვიდობო შეთანხმებას ისრაელისა და შეერთებული შტატების პირობებით.

ირანის პრობლემა ის არის, რომ ისრაელისგან განსხვავებით, ირანს არ შეუძლია სხვა ქვეყნების სამხედრო დახმარების იმედი ჰქონდეს. არც რუსეთი და არც ჩინეთი აქტიურად არ ერევიან კონფლიქტში.

ირანს არ აქვს რესურსები ხანგრძლივი საჰაერო ომის წარმოებისთვის. შემდგომი განვითარების ორი შესაძლო სცენარი არსებობს.

პირველი სცენარი. ირანის ხელმძღვანელობა მთლიანად უარს ამბობს ბირთვულ პროგრამაზე, ირანსა და ისრაელს შორის სამშვიდობო შეთანხმება იდება. ირანში რეჟიმი დარჩება, მაგრამ მნიშვნელოვნად დასუსტდება. დონალდ ტრამპი ამ სცენარს ეყრდნობა და მოუწოდებს ირანს გარიგების დადებისკენ.

მეორე სცენარი. ირანში გადატრიალება ან რევოლუცია ხდება. აიათოლა ხამენეი და ირანის სხვა მაღალი რანგის ლიდერები ცდილობენ სხვა ქვეყანაში გაქცევას. ირანში პოლიტიკური რეჟიმი უფრო დემოკრატიული ხდება. ეს სცენარი მსგავსი იქნება სირიაში მომხდარი მოვლენებისა. პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი რუსეთში გაიქცა. ახალი ხელმძღვანელობა ევროპასთან და შეერთებულ შტატებთან ურთიერთობებს ამყარებს.

მეორე სცენარი უფრო მისაღებია ბენიამინ ნეთანიაჰუსთვის. ისრაელის ხელმძღვანელობა თავის განცხადებებში ხაზს უსვამს, რომ ის არ ებრძვის ირანელ ხალხს, არამედ დიქტატორულ რეჟიმს.

თუმცა, ირანის სრულად დასამარცხებლად ისრაელს აშშ-ს დახმარება სჭირდება. ირანის მთავარი ბირთვული ობიექტი ფორდოუში დაახლოებით 100 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს. ამ ობიექტის ასაფეთქებლად სპეციალური ბომბია საჭირო, რომელიც მხოლოდ შეერთებულ შტატებს აქვს. ისრაელის ხელმძღვანელობა ტრამპს სთხოვს, დაარტყას ფორდოუს ბირთვულ ობიექტს, მაგრამ ტრამპს ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება.

ტრამპის მერყეობა განპირობებულია იმით, რომ აშშ-ს პირდაპირმა მონაწილეობამ ირანთან ომში შეიძლება გამოიწვიოს ირანის დარტყმები ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს სამხედრო ბაზებზე. ტრამპმა არჩევნების წინ პირობა დადო, რომ შეწყვეტდა ყველა ომს და არ ჩაითრევდა აშშ-ს ახალ სამხედრო კონფლიქტებში.

ამავდროულად, ისრაელის გადამწყვეტი და ძალიან ეფექტური ქმედებების ფონზე, მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალის პრეზიდენტის პოზიცია სისუსტედ გამოიყურება. ტრამპის იზოლაციონისტურმა პოლიტიკამ უკვე შეასუსტა აშშ-ს საერთაშორისო ავტორიტეტი. თუ ტრამპი ვერ გაბედავს ირანის ბირთვული პროგრამის მთავარ ობიექტზე დარტყმას, მაშინ თავად ტრამპის და შეერთებული შტატების ავტორიტეტი მნიშვნელოვნად შეირყევა. ირანის რეჟიმს კი გადარჩენის შანსი ექნება მოლაპარაკებებზე დათანხმებით.

ტრამპი ჟურნალისტების კითხვებს პასუხობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას ორ კვირაში მიიღებს.

https://www.foxnews.com/world/trump-make-iran-decision-within-next-two-weeks-given-chance-negotiations-leavitt-says

აშშ ირანზე დარტყმისთვის ემზადება. იმის გათვალისწინებით, რომ ისრაელი და ირანი თამაშში ფსონებს ზრდიან და დათმობებზე წასვლას არ აპირებენ, დიდი ალბათობით, ტრამპი იძულებული გახდება დათანხმდეს ისრაელის მოთხოვნას ირანის ბირთვული ობიექტის დაბომბვაზე.

ავთანდილ წულაძე, პოლიტოლოგი

“საქართველო, ევროპის მალული მარგალიტი შავ ზღვასა და კავკასიის მთებს შორის, თავის აღმოჩენას ელოდება”-The Daily Express

ბრიტანულ გაზეთ „დეილი ექსპრესში“ (The Daily Express) რუბრიკით „მოგზაურობა“ გამოქვეყნებულია სტატია შთამბეჭდავი სათაურით „მშვენიერი ქვეყანა საოცრად ლამაზი დედაქალაქით, რომელიც სულ უფრო მეტ ტურისტს იზიდავს: საქართველო, ევროპის მალული მარგალიტი შავ ზღვასა და კავკასიის მთებს შორის, თავის აღმოჩენას ელოდება“ (ავტორი – თეილა ნიკოლ-თომსონი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

შავ ზღვასა და კავკასიის მთებს შორის მდებარეობს საქართველო – ქვეყანა, რომელიც ევროპის ერთ-ერთ ყველაზე შეუფასებელ მარგალიტს წარმოადგენს. საქართველოს მდიდარი უძველესი ისტორია და ულამაზესი ბუნება აქვს, მისი დედაქალაქი თბილისი კი მსოფლიოს დედაქალაქებს შორის ერთ-ერთი მომხიბლავი და მიმზიდველია. იმ დროს როცა ევროპელი ტურისტები პარიზში, რომში ან მადრიდში დადიან, ბევრი ბრიტანელი დამსვენებელ- მოგზაურებისათვის საქართველო პრიორიტეტული ქვეყანა ხდება.

ვინც საქმის კურსშია, მან კარგად იცის, რომ ამ თვალწარმტაც ქვეყანაში აღმოსავლეთი და დასავლეთი, ტრადიციები და თანამედროვეობა ერთმანეთთან იდეალურად არის შეხამებული და შერწყმული… და ეს ყველაფერი იმ ძვირადღირებული ფასების გარეშე, რომელიც სხვა მიმართულებებს  ახასიათებთ.

საქართველოს ცენტრს თბილისი წარმოადგენს, რომელიც მდინარე მტკვრის ხეობაშია გაშენებული. ქვეყნის დედაქალაქი ჭრელ ლამაზ ხალიჩას ჰგავს თავისი ქვაფენილიანი ქუჩებით, აივნებიანი სახლებით და ნარიყალას უძველესი ციხე-სიმაგრით. თბილისი მეოთხე საუკუნეშია დაარსებული, მაგრამ ქალაქს ახალგაზრდული, შემოქმედებითი ენერგია აქვს.

რა თქმა უნდა, თბილისში ღვინის ბევრი ბარი მუშაობს – საქართველო ხომ ღვინის წარმოების უძველეს ცენტრად არის მიჩნეული. თბილისურ ეგზოტიკას წარმოადგენს თბილი გოგირდოვანი წყლის აბანოები, რომლებსაც საუკუნოვანი ისტორია აქვს. თბილისში ბევრი ქრისტიანული ეკლესია დგას, რომლებიც ქუჩის შენობების არქიტექტურასთან ორგანულად არიან შერწყმულნი.

მართალია, საქართველო ზოგადად დაუვიწყარ ადგილს წარმოადგენს, მაგრამ ქვეყნის ნამდვილი სახე მისი კუთხეების სილამაზესა და ჯადოსნურ გარდასახვაში გამოიხატება: ამ მცირე ფართობის მქონე მიწაზე ყველაფერია – მთები, ხეობები, უღრანი ტყეები, უდაბნო, ზღვა და პალმები. თბილისის ჩრდილოეთით თუ წახვალთ, მოკლე დროში თოვლ-ყინულიან კავკასიონს და საქართველოს ერთ-ერთ მაღალ მწვერვალს – ყაზბეგის მთას მიადგებით, აღმოსავლეთით – ქართული ღვინით განთქმული კახეთის ვენახებში მოხვდებით, სადაც ყველაზე უკეთესია შემოდგომაზე იმოგზაუროთ.

საქართველო კავკასიაში რბილი ჰავით გამოირჩევა, წელიწადის ყველა დროს თავისი სილამაზე აქვს – გაზაფხულზე ყველაფერი აყვავებულია, ხასხასა მწვანე ფერი ბატონობს, კარგი დროა ფეხით სეირნობისთვის. ზაფხული ზოგჯერ ცხელია, თუმცა სიცხეს მთის ჰაერი აგრილებს. ამ დროს შავი ზღვის სუბტროპიკული კურორტები ყოველთვის ხალხმრავლობით გამოირჩევა. შემოდგომა საქართველოში ოქროს სეზონად არის ცნობილი, განსაკუთრებით კახეთში, სადაც ვენახის ზვრებში ყურძნის მოსავლის აღების სადღესასწაულო დღეები დგება…

ზამთრობით თბილისის ახლოს სამთო-სათხილამურო ცენტრები მოქმედებენ, მათ შორის გუდაური, რომელიც ალპური კურორტის ალტერნატივად უნდა ჩაითვალოს

და მაინც, თავისი შესაძლებლობების მიუხედავად, საქართველო მაინც მცირე ტურისტულ ქვეყნად რჩება: თქვენ იქ ვერანაირ რიგებს ვერ იპოვით რომელიმე ღონისძიებაზე, ყველაფერი თავისუფლადაა დაბალი ფასებით.

საქართველოში ნახავთ ხელუხლებელ ბუნებას, იგრძნობთ ქართველი ხალხის განთქმულ სტუმართმოყვარეობას… თქვენ აღმოაჩენთ ქვეყანას, რომელიც ამაყობს თავისი ტრადიციებით, თავისი კულტურით… ნახეთ, გამოიკვლიეთ და თვითონ დარწმუნდებით.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: 

ევროპარლამენტის რეზოლუცია სამართლიან ინფორმაციაზე დაფუძნებული არ არის-გია ვოლსკი

ევროპარლამენტის რეზოლუცია სამართლიან ინფორმაციაზე დაფუძნებული არ არის, ინფორმაციას მათივე შექმნილი წყაროდან იღებენ – არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და ზოგიერთი პოლიტიკური პარტიიდან, რომელებიც ჩართული არიან პროცესების რადიკალიზაციის გეგმაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, კორუფციასთან ან არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით სამართლიანი დასკვნა ეუთო/ოდირ-ის დოკუმენტში უნდა ვეძებოთ, სადაც ამგვარი არაფერი წერია.

„რეზოლუცია სამართლიან ინფორმაციაზე დაფუძნებული არ არის. ინფორმაციას მათივე შექმნილი წყაროდან იღებენ – არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და ზოგიერთი პოლიტიკური პარტიიდან, რომელებიც ჩართული არიან პროცესების რადიკალიზაციის გეგმაში. არაერთი ასეთი რეზოლუციაა მიღებული. კორუფციასთან ან არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით სამართლიანი დასკვნა ყველაზე კომპეტენტური ორგანიზაციის დოკუმენტში უნდა ვეძებოთ – ეუთო/ოდირ-ის, სადაც ამგვარი არაფერი წერია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისი თქმით, მთავარია ისიც, რომ ვერ გაყალბდება არჩევნები, რომლებიც ელექტრონულად ტარდება.

„გადავხედეთ იმ განცხადებებს, რომლებიც ცალკეული რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერებს ჰქონდათ. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დანიშნეს ადამიანი, რომელიც თავის დროზე ჩასაფრებული, ანტიქართული პოზიციიდან წერდა, რომ თურმე აქ გაყალბება შეუძლებელია, „ქართულმა ოცნებამ“ რეალურად გაიმარჯვა, მაგრამ მოხდა ძალადობა, ზეწოლა და ადამიანების ბულინგი, რომლებსაც ახდენდნენ ე.წ. ბირჟებზე კონცენტრირებული, ვიღაც საეჭვო გარეგნობის ახალგაზრდები. ამის მეტი არაფერი თქმულა. მზია ამაღლობელს რაც შეეხება, კონკრეტული დანაშაულია ჩადენილი, რომლისთვისაც ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში საკმაოდ მკაცრი სასჯელია გათვალისწინებული“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

“ვისაც პოლიტიკური ინტერესი არ აქვს, ყველამ იცის, რომ ეს ევროპული კანონია და მედია ამ ფუნდამენტურ სტანდარტებს უნდა იცავდეს”-კახა ბექაური

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა დღეს გამართულ სხდომაზე, მედიის წარმომადგენლებს და საზოგადოებას შეახსენა, რომ „მაუწყებლობის შესახებ” კანონში შესული ცვლილებები სრულად ევროპულია და ის  ევროპის ყველა ქვეყანაში დიდი ხანია მოქმედებს. კერძოდ, ევროპული ქვეყნები მაუწყებლებს წლებია ავალებს ისეთი ჟურნალისტური ფუნდამენტური სტანდარტების დაცვას, რასაც პასუხისმგებლიანი მედია ისედაც უნდა აკეთებდეს.
„აღნიშნული კანონით მაუწყებლებს მოეთხოვებათ, რომ  ახალი ამბები და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია ჯეროვანი სიზუსტით გადასცენ მაყურებელს. ასევე, დაიცვან სამართლიანობის  და მიუკერძოებლობის სტანდარტი, მკაფიოდ გამიჯნონ ერთმანეთისგან  ფაქტი და მოსაზრება, ახალ ამბებში და საზოგადოებრივ პოლიტიკურ გადაცემებში არ გამოხატონ  პოზიცია, ასეთი ჟურნალისტური სტანდარტების დაცვა,  კრიტიკულად მნიშვნელოვანია.  ევროპაში ეს დიდი ხანია აღარ არის სადავო, იქ მაუწყებლებში მსგავსი პრობლემები აღარ აქვთ და ახლა უკვე სოციალურ მედიაში ხდება მსგავსი დარღვევების პრევენცია. იმის საპირისპირო მოსაზრება და ფაქტი, რომ ეს ევროპული კანონია, მე ჯერ არ მომისმენია, მესმის მხოლოდ სკეპტიციზმი, ისიც კარგად მესმის, რომ გაქვთ კითხვები კანონის აღსრულების ნაწილში, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ამ მიმართულებით მედიას ღელვის საფუძველი არ აქვს, ვინაიდან კომისიას აქვს ერთადერთი მიზანი – გააჯანსაღოს მედია გარემო. უამრავი კომენტარი მოვისმინე, რომ ეს მედიის სადამსჯელო კანონია, გარწმუნებთ, რომ ასე არ არის და კომისია ყველაფერს გააკეთებს, რომ მჭიდრო თანამშრომლობით მაუწყებლებთან, ვისაც გულწრფელად აღელვებთ ეს საკითხი, აღმოფხვრას მედიაში ისეთი პრობლემები, რომელიც მაყურებელს და მედიას აზიანებს”, – განაცხადა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა.
მისივე განცხადებით, გარკვეულ ნაწილს ადამიანებისას, ვინც კომისიას უამრავ ბრალდებას უყენებს, ეს შესაძლოა პოლიტიკური მიზნებისთვის სჭირდებოდეს, თუმცა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ კომისია ასეთ დღის წესრიგს არ მისდევს და თავისი დღის წესრიგით გააგრძელებს მუშაობას.
„ვისაც პოლიტიკურად სჭირდება, რომ ილაპარაკოს ცენზურაზე, ეს მისი საქმეა,  მე ამ დღის წესრიგს არასოდეს მივსდევ, არც არასდროს მიმიქცევია ყურადღება. ის ადამიანები, ჟურნალისტები და პროდიუსერები, ვისაც მედიის ბედი აღელვებს და დაინტერესებულია ამით, ყველამ კარგად იცის, რომ ეს ევროპული კანონია და მედია ამ ელემენტარულ ფუნდამენტურ სტანდარტებს აუცილებლად უნდა იცავდეს. საბედნიეროდ, იმ ნაწილის გარდა, ვისაც პოლიტიკური ინტერესები აქვს, ჩვენ მედიაში არიან მაღალი დონის პროფესიონალები, რომლებმაც ზუსტად იციან ჟურნალისტური სტანდარტი რა არის.  იციან, როგორ იმიჯნება ფაქტი მოსაზრებისგან, როგორ უნდა გააკეთონ ეს, რა არის ფაქტი და რა ჩაითვლება ფაქტის დამახინჯებად. ამიტომ, ჩვენ ისეთ ადამიანებთან, რომელთაც ეს იციან და გულწრფელი სურვილიც აქვთ ეს სტანდარტი დაიცვან, რომ შეცდომაში არ შევიდეს ჩვენი მაყურებელი,  მაქსიმალურად მჭიდროდ ვითანამშრომლებთ”, – განაცხადა კომისიის სხდომაზე კახა ბექაურმა.

რა ეღირება დოლარი და ევრო 20 ივნისს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7270 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7270 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7276 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0006 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1287 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1373 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0086 ლარი შეადგინა.

ევროპარლამენტი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების შესამოწმებლად ოფიციალურ ორგანოს ქმნის -Politiko

ევროპარლამენტი ოფიციალურ ორგანოს ქმნის, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებას შეამოწმებს. ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ევროპარლამენტმა კენჭისყრის შედეგად დაამტკიცა სამუშაო ჯგუფის შექმნის საკითხი, რომელიც შეამოწმებს ევროკავშირის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებას. ჯგუფის შექმნის ინიციატორი ევროპარლამენტის ყველაზე მსხვილი, მემარჯვენე-ცენტრისტული „ევროპის სახალხო პარტიაა“.

ინიციატივის წინააღმდეგ ხმა მისცეს „სოციალისტებმა“ და „დემოკრატებმა“, ასევე „განახლებული ევროპისა“ და „მწვანეების“ წარმომადგენლებმა.

„ჩვენ დიდი ხანია, ვამბობდით, რომ არასაკმარისი კეთდება არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა „ევროპის სახალხო პარტიის“ წარმომადგენელმა, ტომაშ ჟეჩოვსკიმ.

„ევროპის სახალხო პარტიის“ განცხადებით, სამუშაო ჯგუფი შეისწავლის ევროკომისიის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციებთან გაფორმებულ ყველა კონტრაქტს.

თიბისის მხარდაჭერით, ფოსტის ისტორიულ შენობაში სასტუმრო „ტელეგრაფი“ გაიხსნა 

თბილისის ფოსტის ისტორიულ შენობაში მაღალი კლასის სასტუმრო „ტელეგრაფი“ განთავსების პირველი ობიექტია რეგიონში, რომელიც მსოფლიოში წამყვან სასტუმროების ორგანიზაციას – The Leading Hotels of The World-ს – შეუერთდა. პრესტიჟული ორგანიზაციის წევრობა საქართველოს სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტის დანერგვას ნიშნავს.

პროექტი „სილქ დეველოპმენტმა“ განახორციელა, ჯამურმა ინვესტიციამ 65 მილიონი ევრო შეადგინა, საიდანაც თიბისის დაფინანსება 19 მილიონი ევრო იყო.

ქალაქის ცენტრში მდებარე სასტუმროს ერთი მხრივ, შენობის ძველი, ისტორიული იერსახე, მეორე მხრივ კი, ინტერიერის თანამედროვე დიზაინი გამოარჩევს: “ტელეგრაფი” სხვადასხვა კატეგორიის 239 ოთახს და 7 განსხვავებული კონცეფციის რესტორანსა და ჯაზკლუბს აერთიანებს; ასევე, მოიცავს საკონფერენციო სივრცეებსა და შეხვედრების ოთახებს. შენობის ზედა სართულზე გაიხსნება მსოფლიოში პირველი ბარი, რომელიც Rolling Stone-ის ბრენდირების ქვეშ იმუშავებს და სტუმრებს დედაქალაქის გამორჩეულ პანორამულ ხედებს შესთავაზებს.

პროექტის დიზაინზე მსოფლიოში ერთ-ერთმა გამორჩეულმა არქიტექტურულმა კომპანიამ Neri&Hu იმუშავა, რომელსაც ისტორიული შენობების რეკონსტრუქციის უდიდესი გამოცდილება აქვს.

ხაზგასახმელია, რომ სტუმარ-მასპინძლობის სექტორი საქართველოს ეკონომიკაში მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია და მშპ-ს დაახლოებით 7%-ს შეადგენს – სწორედ ამიტომ ტურიზმის ხელშეწყობა თიბისისთვის ერთ-ერთი მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. 2024 წლის მონაცემებით, ბანკის სასესხო პორტფელი ამ სექტორში 1.6 მილიარდ ლარს შეადგენს, 42%-მდე საბაზრო წილით კი თიბისი ბაზრის ლიდერია.

„თიბისი და „სილქ როუდ ჯგუფი“ უკვე 10 წელია სტრატეგიული პარტნიორები ვართ და საერთო ღირებულებებით ვავითარებთ ქვეყნის ეკონომიკას. მეამაყება, რომ კიდევ ერთი პროექტი წარმატებით განვახორციელეთ და თბილისში მაღალი კლასის სასტუმრო „ტელეგრაფი“ გაიხსნა. საინტერესოა, რომ ორი წლის წინ თიბისიმ არქიტექტორ ლადო-ალექსი მესხიშვილის პროექტების გამოფენას უმასპინძლა, სადაც ფოსტის მაკეტიც იყო წარმოდგენილი, დღეს კი ამ შენობას თავისივე ისტორიული იერსახით სრულიად ახალი ფუნქცია მიენიჭა. დარწმუნებული ვარ, „ტელეგრაფი“ მალე დედაქალაქის სავიზიტო ბარათი გახდება და ქვეყანაში კიდევ უფრო მეტ მაღალშემოსავლიან ტურისტს მოიზიდავს“,- ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

“ლადო ალექსი-მესხიშვილის და თეიმურაზ მიქაშავიძის არქიტექტურის ღირსშესანიშნავ ნიმუშს, ყოფილი ცენტრალური ტელეგრაფის შენობას, ახალი სიცოცხლე შესძინა რეკონსტრუქციამ და შესანიშნავმა დიზაინმა, რომელიც ეკუთვნის თანამედროვეობის ერთ-ერთი წამყვან არქიტექტურულ კომპანიას Neri&Hu. სასტუმრო ტელეგრაფი არის რესპუბლიკის მოედნის რეკონსტრუქციის მნიშვნელოვანი ეტაპი. მჯერა, რომ ის თბილისში ახალი მიზიდულობის ადგილი გახდება უმაღლესი ხარისხის სერვისით და გამორჩეული დიზაინით”,- გიორგი რამიშვილი, “სილქ როუდ ჯგუფის” დამფუძნებელი, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

(R)

თბილისის გაზრდილი ბიუჯეტის თანხები მიმართული იქნება ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სოციალურ პროგრამებზე -კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ დედაქალაქის გაზრდილი ბიუჯეტის თანხები ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სოციალურ პროგრამებზე იქნება მიმართული.

როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს დედაქალაქის ბიუჯეტის დაახლოებით 62 მილიონი ლარით გაზრდასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა, მიუხედავად იმისა, რომ თბილისში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, არსებობს სერიოზული გამოწვევები, რომელთაც ღირსეული პასუხი სჭირდება.

„გაზრდილი ბიუჯეტის თანხები მიმართული იქნება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სოციალურ პროგრამებზე. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კარგი და მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება დედაქალაქში, არსებობს სერიოზული გამოწვევები, პრობლემები და ამ ყველაფერს სჭირდება ღირსეული პასუხი. ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ მუშაობა ქალაქის განვითარებისთვის. მინდა, დედაქალაქის მოსახლეობას მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის, რადგან 2017 წლიდან მოყოლებული დღემდე მოსახლეობა მხარს გვიჭერს და გვერდით გვიდგას ყველა მნიშვნელოვან წამოწყებაში, რაც მთავარია, გვენდობა და ჩვენთან ერთად გადის ქალაქის განვითარების ყველა ეტაპს. მომდევნო ოთხი წელი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება ქალაქისთვის, ბევრი კარგი პროექტი გვაქვს დაგეგმილი, რომლებზეც ინფორმაციას საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ოპოზიციას თავისი დანაშაულის რეპრესიად შეფუთვა სურს – კახა კალაძე

“რადიკალურ ოპოზიციონერებს უნდათ, რომ ყველაფრის გაკეთება შეძლონ, სხვა დააზიანონ, რაღაც დააზიანონ, კანონი დაარღვიონ”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა.

კახა კალაძე გამოეხმაურა ოპოზიციის ბრალდებას, რომელიც ხელისუფლებას რეპრესიებში ადანაშაულებს. მისი თქმით, პოლიტიკოსი ვალდებულია კანონი დაიცვას.

“რეპრესიებზე საუბარი ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციაა. მათ აქვთ სურვილი, რომ თავიანთი დანაშაული რეპრესიად შეფუთონ. ანუ რა გამოდის, რომ თუ გაქვს პოლიტიკოსის სტატუსი, ყველაფრის გაკეთება შეგიძლია, რომ სხვა დააზიანო, რაღაც დააზიანო, კანონი დაარღვიო? მათი განცხადებებიდან ასე ჩანს, რომ უნდათ ამ ყველაფრის უფლება ჰქონდეთ. ეს სწორი დამოკიდებულება არ არის. ჩვენ, პოლიტიკოსებს გვაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა საზოგადოების, ხალხის წინაშე და პირველები უნდა ვიყოთ, ვინც კანონს დაიცავს. ამ შემთხვევაში პირიქით ხდება. თუკი რაიმე სიბინძურე არსებობს, აკეთებს ეს რადიკალური დაჯგუფება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ოპოზიციის არჩევნებში მონაწილეობის საკითხს, თბილისის მერის თქმით, მათი გადაწყვეტილება საინტერესო არაა.

“საერთოდ არაა საინტერესო, რას გადაწყვეტს რადიკალური დაჯგუფება. ვიცით მათი დღის წესრიგი – რასაც ეტყვიან, დაავალებენ, იმას გააკეთებენ. რამდენიმე თვის წინ გახსოვთ რა პოზიცია ჰქონდათ. პირდაპირ აცხადებდნენ, რომ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებდნენ. დღეს უკვე პოზიცია შეცვლილი აქვთ“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.