“ზურაბიშვილი სააკაშვილის ლობისტების მიერ სამიზნეში არის ამოყვანილი” – გია ცაგარეიშვილი

21
spot_img

ქალბატონი ზურაბიშვილი სააკაშვილის ლობისტების მიერ სამიზნეში არის ამოყვანილი, განსაკუთრებით როდესაც ქვეყნის ფარგლებს გარეთ გადის, – ამის შესახებ გია ცაგარეიშვილმა განაცხადა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც პრეზიდენტს სააკაშვილის შეწყალება სთხოვა.

„ზოგადად, ეს რომ დიპლომატიური სკანდალია, უდავოა. მეგობარი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი მიგვითითებს ჩვენ შიგნით როგორ უნდა მოვიქცეთ, როგორ უნდა გავასამართლოთ კრიმინალები, შემდეგ როგორ უნდა შევიწყალოთ ეს კრიმინალები. რბილად რომ ვთქვათ, ეს არ შეეფერება ჩვენი და პოლონეთის ძალიან დიდი ხნის მეგობრულ ურთიერთობებს. ვფიქრობ, ჩვენ რომ არ მივეცით შესაბამისი რეაქცია პოლონელი ექსპერტის პარტიზანული ფორმით სააკაშვილთან შეპარვას, იქიდან გაურკვეველი სახის ბიომასალის ფეხსაცმლით გამოტანას და ჩავთვალეთ, რომ იმ ეტაპისთვის საკმარისი იყო ჩვენი რეაქციები. როგორც ჩანს, მადა ჭამაში მოსდის ზოგიერთს, მათ შორის პოლონეთში და ახლა გადაწყვიტეს ყური აგვიწიონ“, – მიიჩნევს ცაგარეიშვილი.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდა და მძიმე დანაშაულებისთვის გასამართლებულ ექსპრეზიდენტს მოდერნიზაციის სიმბოლო უწოდა.