გურამ მაჭარაშვილმა პრეზიდენტის შემოთავაზებასთან დაკავშირებით ისაუბრა, რომლის მიხედვითაც სალომე ზურაბიშვილი მზადყოფნას გამოთქვას, ხელმოწერების შეგროვების და მისთვის წარდგენის შემთხვევაში, რეფერენდუმი დანიშნოს საკითხზე: „გვინდა ევროპული მომავალი, თუ რუსული მონობა”.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ამ შემოთავაზებით პრეზიდენტმა ევროინტეგრაციის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა და ამ განცხადების პათოსს თავად ოპოზიციური სპექტრიც კი გაემიჯნა.
“ზურაბიშვილი არის მოსიარულე დენთი, სად რას ააფეთქებს კაცმა არ იცის და ასე აფეთქდა იმ საღამოს, როდესაც [რეფერენდუმის შესახებ] თქვა. ექსპერტები და პოლიტიკოსები შეშფოთებულები გამოვარდნენ და პირდაპირი გაგებით, თავზე დაახურეს სალომე ზურაბიშვილს ეს იდეა. ისიც კი არ გათვალა, რომ რეფერენდუმს ვერ ჩაატარებ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე.
გარდა ამისა, ისეთ საკითხზე უნდა რეფერენდუმი, რაზეც ყველა შეთანხმებული ვართ, მეტიც, კონსტიტუციაში გვიწერია. უნდა ითქვას ისიც, რომ კონსტიტუცია მათ [წინა ხელისუფლებამ] რამდენჯერმე შეცვალეს – მაშინ არ გაახსენდათ, რომ ევროინტეგრაცია შეეტანათ. ჩვენ შევიტანეთ ეს საკითხი კონსტიტუციაში, მათ მხარი არ დაუჭირეს და ახლა გვეუბნებიან, რატომ არ უჭერთ მხარს ევროინტეგრაციასო. სწორედ ეს დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ ზურაბიშვილმა და ამიტომაც არის, რომ თვითონ ოპოზიციამ უარყო ეს იდეა”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.