“ამ ადამიანებისთვის [რადიკალური ოპოზიცია] რა აზრი აქვს გასაჯაროვდება თუ არა სამოქმედო გეგმა, რომელიც ევროკომისიაში გაგზავნილია, მაინც არ ჩაერთვებიან ამ პროცესში,” – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
დეპუტატი ვარაუდობს, რომ მომავალ წელს, ამ დროისთვის ხელისუფლება ევროკომისიას მიმართავს იმისთვის, რომ ევროკავშირში სრულფასოვანი გაწევრებისთვის მოლაპარაკების პროცესი გახსნას.
„გარეთ 2023 წელია, არც 2011, ან 2007, როცა ისინი იყვნენ ხელისუფლებაში. ახლა ჩვენ ვართ ხელისუფლებაში და ჩვენ ვარ პასუხისმგებლები ქვეყნის განვითარებაზე, მათ შორის ევროპული მიმართულებითაც. მათ შეუძლიათ ჩაერთონ პროცესში, რომელიც ინკლუზიური და გამჭვირვალე იქნება. ერთ-ერთ პუნქტი არის ის, რომ პროცესის ინკლუზიურობას შევუწყოთ ხელი და არა მხოლოდ პოლიტიკური ჯგუფები, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციები ჩაერთონ, რომელთა უდიდესი ნაწილი პოლიტიკურ ჯგუფებად არიან გადაქცეული და „ნაციონალური მოძრაობის“ დანამატად აქციეს საკუთარი თავი, რაც კოშმარი უნდა იყოს ენჯეო სექტორისთვის, მაგრამ ეტყობა ეს მათი ჰობია ემსახურონ ავაზაკ სააკაშვილს, მაგრამ ეს მათი საქმეა. მალე დაიწყება სამუშო პროცესი. ვვარაუდობ, რომ მომავალ წელს, ამ დროს უკვე შეგვეძლება მივმართოთ ევროკომისიას იმისთვის, რომ მოლაპარაკების პროცესი გაგვიხსნას სრულფასოვანი გაწევრების თაობაზე“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.