ვეცდებით, „ქართულ ოცნებას“ ვათქმევინოთ, ვის ებრძვიან ამ კანონით – ევროპელები რუსებს ებრძვიან, ჩვენ ვის ვებრძვით? -იაგო ხვიჩია

12
spot_img

ვეცდებით, „ქართულ ოცნებას“ ვათქმევინოთ, ვის ებრძვიან ამ კანონით, რადგან, სადაც ამ კანონს იღებენ, ვიღაც მტერი ჰყავთ, რომლის წინააღმდეგაცაა ეს – ევროპელები რუსებს ებრძვიან, ჩვენ ვის ვებრძვით?- ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

ხვიჩიას თქმით, მისი პარტია აღნიშნული კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობას მიიღებს, რათა საზოგადოებას აჩვენონ, „რატომაა ეს კანონი ჩვენნაირი ქვეყნისთვის გამოუსადეგარი“.

„ყველაფერში მივიღებთ მონაწილეობას და ვეცდებით, საზოგადოებას ვაჩვენოთ, რატომ არის ეს კანონი ჩვენნაირი ქვეყნისთვის გამოუსადეგარი; რატომაა ეს კანონი ვიღაცასთან ბრძოლის კანონი და ვეცდებით, „ქართულ ოცნებას” ვათქმევინოთ, ვის ებრძვიან ამ კანონით, იქიდან გამომდინარე, რომ სადაც ამ კანონს იღებენ, ვიღაც მტერი ჰყავთ, რომლის წინააღმდეგაცაა ეს. დღევანდელი კონფიგურაციით რთული წარმოსადგენია, ვინ შეიძლება იყოს მტერი. არავის უთქვამს, რომ რუსეთის ფედერაციას ვებრძვით ასეთი ფორმით. მაშინ ვის ვებრძვით? – ამ კითხვაზე მკაფიო პასუხი გვჭირდება და ვეცდებით, ეს მივიღოთ“, – განაცხადა ხვიჩიამ.

მისივე თქმით, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, ამერიკას ებრძვიან ასეთი კანონით და საქართველოში დაიმსახურა თუ ამერიკამ ბრძოლა, ამაზე უნდა იმსჯელონ.

„ამ კანონს არ ვეთანხმები არსად. 1938 წელს დაბადებული რომ ვყოფილიყავი და აზრის გამოთქმა შემძლებოდა, არც ამერიკის შეერთებულ შტატებში დავეთანხმებოდი ამას. ამერიკელები ამ კანონით ფაშისტებს ებრძოდნენ; ევროპელები ამ კანონით რუსებს ებრძვიან; შუააზიელები და რუსები ამ კანონით ამერიკელებს ებრძვიან. ყველა ვიღაცას ებრძვის ამ კანონით. ჩვენ საერთოდ არ მიგვაჩნია, რომ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვით ბრძოლა ლეგიტიმურია. მაგრამ ვის განვეკუთვნებით? – ევროპელები რუსებს ებრძვიან; ჩვენ ვის ვებრძვით? ეს არის საინტერესო. ჩვენ საბჭოთა ქვეყანა ვართ და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, ყველგან, ამერიკას ებრძვიან ამით. ამერიკელებმა ჩვენთან ბრძოლა დაიმსახურეს თუ არა? სწორედ ამაზე უნდა ვიმსჯელოთ”,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვას 15 აპრილს დაიწყებს.

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს გუშინდელ სხდომაზე დაინიცირდა. მასთან ერთად დაინიცირდა ორი ალტერნატიული პროექტი – ერთია, “ოკუპანტი ქვეყნის – რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ” პროექტი და “სისხლის სამართლის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები, ხოლო მეორე – “გრანტების შესახებ“ კანონსა და “ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ კანონში მომზადებული ცვლილებები.

ბიუროს გადაწყვეტილებით, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პროექტი, ალტერნატიულ კანონპროექტებთან ერთად, განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა