– ვეტოს წარმოვადგენ, მაგრამ არცერთ მანიპულაციაში არ შევალ და არ დავიწყებ თამაშებს-სალომე ზურაბიშვილი

76
spot_img

გუშინ საქართველომ მსოფლიოს, ჩვენ, ყველას ძლიერად, მშვიდობიანად, დამაჯერებლად კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რომ არ დაუშვებს ევროპული მომავლის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას, არ დაუშვებს რუსულ კანონს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, ადამიანების დათვლა საჭირო არ არის და ყველას წინაშე წარდგა ის საზოგადოება, რომელიც ნამდვილად ამზადებს ხვალინდელ დღეს, ხელისუფლებამ კი დაბნეულობა აჩვენა.

„ძალიან სასაცილოა, როცა ვითომ სერიოზული პოლიტიკოსები, მაღალი IQ-თი ითვლიან და ვეღარ ითვლიან, რამდენი ადამიანი იყო. დათვლა საჭირო არაა, ყველას წინაშე წარდგა ის საზოგადოება, რომელიც ნამდვილად ამზადებს ხვალინდელ დღეს. ხელისუფლებამ თავის მხრიდან დაბნეულობა აჩვენა. აჩვენა, რომ არ აქვს ამ რაოდენობის ხალხის წინაშე არანაირი სტრატეგია, თუ არა ის, რაც ასეთ ხელუსუფლებას ახასიათებს, როცა ხალხის ნდობა აღარ აქვს, ანუ ტყუილი, მანიპულაცია, მიხრა-მოხრა, რომ გაუგებრობა შეიქმნას, მაგრამ ეს გაუგებრობა ვერ იქნება. ტყუილს მიჩვეული ვართ, ვიცით, ერთხელ უკვე ეს რუსული კანონი გაიწვიეს, დაგვიფიცეს აღარასდროს შემოვიტანთო, არამხოლოდ ჩვენ, არამედ უცხოელ პარტნიორებს. ისევ დააყენეს ეს საკითხი, რომელიც რეალურად, არავის და თვითონაც არ სჭირდებოდათ. მხოლოდ იმისთვის სჭირდებოდათ, რომ ჩვენ რაც გვინდა იმას ვაკეთებთ, არავის, არც შიგნით, არც გარეთ არ ვემორჩილებით. აგერ, პასუხი საზოგადოებისა. მანიპულაციაა, როცა ერთი ხელით რაღაცაზე საუბრობ და მეორე ხელით ამბობს იმას, ის, რაც ახლა გავიგონეთ, პრემიერის სიტყვები – ძალადობა, დაშინება, ტერორი, სრულიად უდანაშაულო ადამიანების დაპატიმრება, ვერავის დაარწმუნებთ, რომ ეს ახალგაზრდები რაღაც დიდ კონსპირაციებს აწყობდნენ, თქვენ თვითონაც არ გჯერათ. მრცხვენია, როცა ვკითხულობ პარლამენტის წევრებისგან წარმოუდგენელ სიტყვებს, რაც მხოლოდ ერთი რამის ნიშანია, უკვე დაშინებული არიან შინაგანად. ეს სწორედ იმ შინაგანი მდგომარეობის საშინელი გამოხატვაა. ისიც ვერ გაიგეთ, რომ აქ, კი, რუსულ კანონზეა საუბარი. ვერანაირი კითხვა, აბა, რა არის ამ კანონში რუსული, ამას ვერ შეცვლის. თქვენ იკითხეთ და წერეთ. ეს კანონი რუსულია, მაგრამ კიდევ უფრო შემაშფოთებელია, რომ ეს კანონი სიმბოლო გახდა. წაიღებთ, არ წაიღებთ, შეცვლით, არ შეცვლით, რეალურად თქვენივე ქმედებები, სიტყვები, ძალადობა საზოგადოებაზე, რუსულია. ეს ის მეთოდებია, რომელიც გვეგონა, რომ წარსულს ჩაბარდა და რომელსაც აცოცხლებთ. აი, მე რომ დამასწრო პრემიერმა, მისი გამოსვლა რუსულია და ამ რუსულ მდგომარეობაში არავინ ამ ქვეყანაში არ დაბრუნდება“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, ის აუცილებლად გამოიყენებს ვეტოს.

„რაც შეეხება პრეზიდენტის ვეტოს, უცებ გაახსენდათ პრეზიდენტი და მისი ვეტო, გაახსენდათ ის პრეზიდენტი, რომელსაც პრემიერმა ეძახა მოღალატე საკუთარი ჯარის წინაშე. ამაზე წარმოუდგენელი გადატრიალება არ ყოფილა. ამ პრეზიდენტს ეუბნებიან, მოდით, ვეტო წარმოგვიდგინეთ, შიგ რაღაცეები ჩაწერეთ-დაგიწერენ, თქვენ ვერ წერთ, მაგრამ სხვები დაგიწერენ და წარმოგვიდგინეთ, შეიძლება, დავფიქრდეთ. იფიქრეთ თქვენ და იყავით, მე ვეტოს წარმოვადგენ, მაგრამ არცერთ ასეთ მანიპულაციაში არ შევალ და არ დავიწყებ ამ თამაშებს, რადგან ამას მხოლოდ ერთი მიზეზი აქვს, ხალხში გაუგებრობა შემოიტანოს. გინდათ რამე შეცვალოთ ამ კანონში? თქვენი ნებაა, ან გაიწვიეთ, ან დააბრუნეთ მეორე მოსმენაზე და მოუსმინეთ პარლამენტში ოპოზიციას, რომელიც დარწმუნებული ვარ, შენიშვნებს შემოგთავაზებთ. ან, კიდევ უფრო მარტივი, თქვენ თვითონ, ამ კანონის ამოქმედების ვადა გადაიტანეთ პირველი ნოემბრისთვის, არჩევნების შემდეგ, როცა, ვინც ხელისუფლებაში მოვა, ის გადაწყვეტს, ეს კანონი რუსულია, სხვა კანონების გადამღერებაა, თუ რაცაა. ჩემი იმედი ნუ გექნებათ იმაში რომ, მე შევალ ამ თამაშში, რომ გავაპატიოსნოთ ეს კანონი. არა. არის რუსული, დარჩება რუსული და თქვენც ამ კანონთან ერთად“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა სამართალდამცველებს მიმართა.

„მინდა, მივმართო სამართალდამცავ სტრუქტურებს, არავინ გაბედოთ ის, რაც ისმინებოდა პრემიერის სიტყვებში, არ გაბედოთ რეპრესიები, ძალადობა, კონსპირაციების მოგონება, რომ დააშინოთ ის საზოგადოება, რომელმაც აჩვენა, რამდენად მშვიდობიანი, შეგნებული, შემართებული და რამდენად არაპროვოკაციაზე წამსვლელი არიან. ვერავის დააჯერებთ ვერაფერს, მხოლოდ იმას აჩვენებთ მსოფლიოს, რომ თქვენ არ იქცევით დემოკრატიულად, რომ თქვენ კანონს არ ემორჩილებით. გირჩევთ, თავი შეიკავეთ ამისგან, რაც არ უნდა მოხდეს, პასუხისმგებლობა თქვენია. მინდა, მივმართო მომიტინგეებს, რომლებიც ამ საღამოს, ხვალ, როცა იქნება მესამე მოსმენა, თქვენ იცოდეთ, არის გეგმები, რომ პროვოკაციები მოაწყონ და თქვენც ჩაგითრიონ. ასე რომ, მინდა, მოგიწოდოთ დიდი სიფრთხილისკენ, რაც არაა შიში, მაგრამ სიფრთხილე, რომ არავინ გამოგიწვიოთ ამ პროვოკაციებში. ჩანს და უკვე ვნახეთ, რამდენად შეგნებული და მშვიდობიანი იყო ეს გამოსვლები, ესაა საქართველოს საზოგადოება, ესაა ის საზოგადოება, რომელიც გვიჩვენებს, რომ ჩვენ ვართ რელსი თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული მომავლის“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.