“ვეტინგი“ არც ოპოზიციის აკვიატებაა და არც არასამთავრობო სექტორის, ეს არის ვენეციის კომისიის რეკომენდაცია” – თეონა აქუბარდია

21
spot_img

„ვეტინგი“ არც ოპოზიციის აკვიატებაა და არც არასამთავრობო სექტორის, ეს არის ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი შეფასებით, ხელისუფლება „კლანს” იცავს და ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს.

„ამ მოცემულობაში საოცარია, როდესაც უზენაესი სასამართლო აკეთებს ამ განცხადებას, მათ შორის „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისგან კიდევ ერთი მაჩვენებელია იმისა, რომ მთელი ეს ბრძოლა „კლანის“ დასაცავად ძალაუფლების შენარჩუნებას ემსახურება. როდესაც ამხელა ანტიდასავლური პროპაგანდა ისმის „ქართული ოცნების” მხრიდან, ლამის სუვერენიტეტში ჩარევა დააბრალეს ევროკავშირს და ევროკომისიას ამ რეკომენდაციიდან გამომდინარე, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ სასამართლოში „კლანი“ ძლიერია და „ქართული ოცნების“ მხრიდან გარანტირებულია იმ მოსამართლეების ხელშეუხებლობა, რომლის სავარაუდო კორუფციული გზით გამდიდრების შესაძლებლობა არსებობს. ამ საკითხზე საზოგადოებაში ღია კითხვები არსებობს”, – განაცხადა აქუბარდიამ.

ცნობისთვის, საქართველოს უზენაესი სასამართლო გამოთქვამს შეშფოთებას მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების საგანგებო პროცედურის – ე.წ. ვეტინგის სისტემის დანერგვის ინიციატივასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს უზენაესი სასამართლო ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ნათელია, რომ ე.წ. ვეტინგი არ მიეკუთვნება საერთაშორისო სტანდარტს, უხეშად ლახავს სახელმწიფოს სუვერენიტეტს და ითვალისწინებს სახელმწიფო ხელისუფლების ერთ-ერთი შტოს – სასამართლოს დაკომპლექტების მექანიზმების გარე აქტორების ხელში გადატანას.