“უწმინდესის ღვაწლით, ქართული გალობა თავის კერას, ეკლესიას დაუბრუნდა” – ირაკლი კობახიძე

22
spot_img

ქართული გალობა ჩვენი უძველესი კულტურის ფასდაუდებელი მონაპოვარია. ქართული მრავალხმიანობა აერთიანებს, ერთი მხრივ, თითოეული ადამიანის უნიკალურობის, და  მეორე მხრივ ადამიანებს შორის ჰარმონიის, სიყვარულის იდეას. მასში საუკეთესოდ ვლინდება ქართველი კაცის თვითმყოფადი ბუნება, მისი დამოკიდებულება მოყვასისადმი, სამშობლოსადმი თუ ზოგადად სამყაროსადმი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში, ქართული გალობის მრავალტომეულის წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ქართული გალობის ნამდვილი აღორძინება გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან დაიწყო. მისივე თქმით, ეს პროცესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს და  სახელოვან მუსიკოსსა და ლოტბარს, ანზორ ერქომაიშვილს უკავშირდება.

„ქართული გალობა იმ უზენაეს ქრისტიანულ იდეალებს გამოხატავს, რომლებიც ასწლეულების განმავლობაში ქმნიდნენ ქართულ იდენტობას. ქართული გალობის ტრადიციამ, ისევე, როგორც მთლიანად ჩვენმა კულტურამ, არაერთი რთული ისტორიული პერიოდი გამოიარა; საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ ის გაქრობის საფრთხის წინაშეც კი აღმოჩნდა. დღეს ჩვენ უდიდესი მადლიერებით უნდა გავიხსენოთ ილია ჭავჭავაძე, დიმიტრი ყიფიანი, ფილიმონ ქორიძე, ზაქარია ფალიაშვილი და სხვა დიდი ქართველი მოღვაწეები, რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს ტრადიციული მრავალხმიანობის, მათ შორის გალობის გადარჩენასა და ჩვენამდე მოტანაში.

ქართული გალობის ნამდვილი აღორძინება გასული საუკუნის 70-ანი წლებიდან დაიწყო. გალობის აღორძინება უპირველეს ყოვლისა ჩვენს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს და ჩვენს სახელოვან მუსიკოსსა და ლოტბარს, ანზორ ერქომაიშვილს უკავშირდება. საბჭოთა რეჟიმის ურთულეს პირობებში ეს საქმე ნამდვილ თავდადებას მოითხოვდა; უწმინდესისა და უნეტარესის დიდი ღვაწლით ქართული გალობა თავის კერას, ეკლესიას დაუბრუნდა, ხოლო ანზორ ერქომაიშვილისა და მის თანამოაზრეთა დიდი მეცადინეობით, ეს უნიკალური ქართული მუსიკალური მემკვიდრეობა მთელმა მსოფლიომ გაიცნო და აღიარა,“- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს ქველმოქმედებისა და მრავალი წლის განმავლობაში ფოლკლორის ცენტრის მხარდაჭერისათვის.

„დღეს ამ ტრადიციის განვითარებაში საკვანძო როლს ფოლკლორის ცენტრი ასრულებს. ცენტრმა საქართველოს მასშტაბით დააარსა სალოტბარო სკოლები. ცენტრი მხარს უჭერს სამეცნიერო კვლევებს გალობის შესახებ, ხელს უწყობს ახალგაზრდობის მეტ ჩართულობას ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომლის ქველმოქმედებამაც ამ საქმის კეთება შესაძლებელი გახადა და რომელიც მხარს უჭერდა ბატონ ანზორ ერქომაიშვილს და მის ცენტრს მრავალი წლის განმავლობაში.  ცენტრის მიერ გაკეთებულ დიდ საქმეებს შორის გამორჩეული მნიშვნელობისაა ქართული საგალობლების სანოტო ჩანაწერების გაციფრება და ქართული გალობის ანთოლოგიის გამოცემა.

დღეს ჩვენს წინაშეა თითქმის ათწლიანი, მართლაც ტიტანური შრომის შთამბეჭდავი შედეგი: ეს არის ანთოლოგიის 29 ტომი, 6 ათასზე მეტი საგალობელი, რომელთა უმრავლესობა პირველად დაიბეჭდა; ჩემთვის ცნობილია, რომ ეს დასახული მიზნების მხოლოდ ერთი ნაწილია, რადგან ჯერ ხელნაწერთა დაახლოებით ნახევარია გამოცემული. წინ კიდევ დიდი სამუშაოა და მინდა წარმატებები გისურვოთ ამ საშვილიშვილო საქმეში. მინდა ქართული გალობის ფონდის დამფუძნებელს, ბატონ ვანო ჩხარტიშვილს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ამ საქმეში შეტანილი ძალიან დიდი წვლილისთვის. მადლობას ვუხდი ყველას, ვისაც ანთოლოგიის შექმნაში საკუთარი წვლილი შეაქვს  – ესენი არიან პროექტის ხელმძღვანელები, შემოქმედებითი ჯგუფი, მუსიკოსები, მეცნიერები; მადლობა თითოეულ თქვენგანს.  პირადად ჩემი და საქართველოს მთავრობის სახელით მინდა გამოვთქვა კიდევ ერთხელ  თანადგომა და გპირდებით მხარდაჭერას. მინდა გისურვოთ შემდგომი წარმატებები  ამ ძალიან დიდ, საქვეყნო საქმეში,“- განაცხადა პრემიერმა.