უცხო ქვეყნის პოლიტიკოსების მხრიდან ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესში ჩარევას დიპლომატიასთან არანაირი საერთო არ აქვს, არც იმ განცხადებებს, რომელიც გუშინ მოვისმინეთ -კოტე ჟღენტი

37
spot_img

უცხო ქვეყნის პოლიტიკოსების მხრიდან ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესში ჩარევას დიპლომატიასთან არანაირი საერთო არ აქვს, არც იმ განცხადებებს, რომელიც გუშინ მოვისმინეთ. როთი და პავილიონისი რასაც ამბობდნენ, ეს ადრეც მოგვისმენია, – ამის შესახებ დიპლომატმა კოტე ჟღენტმა განაცხადა.

„ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების ასე მოხსენიება, როგორც ისინი ადრე აკეთებდნენ და გუშინ კიდევ ბრძანეს გამოსვლების დროს, ამას დიპლომატიასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ისინი არიან სხვადასხვა ქვეყნების პარლამენტების საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები. ეს სტატუსი ხომ პასუხისმგებლობას აკისრებს მათ.

მათი ეს ვიზიტი და მთელი „ღონისძიება“ უფრო პიარ სვლა იყო, ვიდრე რაიმე რეალურის მომტანი მათთვის და ოპოზიციისთვის. ეს პიარი იყო რადიკალური ოპოზიციის მომხრეებისთვის, რომ აი კვლავ ჩამოვიდა ევროპიდან დიდი დელეგაცია და ისინი ჩვენ მხარს გვიჭერენ იმ კუთხით, რომ მათ მომხრეებს მიაწოდონ დამატებითი მასალა პოზიციების გაძლიერებისთვის.

ჩვენც და საზოგადოებაც, ძალიან კარგად ვხვდებით ვინ გადაიხადა მათი ჩამოსვლის თანხები, საერთოდ ვინ დაგეგმა ეს ყველაფერი. როდესაც მიხაილ როთს ჰკითხეს თქვენს ვიზიტს ხომ არ მიიჩნევთ შიდა საქმეებში ჩარევადო, მან უპასუხა არ მივიჩნევ, რადგან ხომ შეიძლება თქვენმა პრეზიდენტმა დაგვპატიჟა ოპოზიციასთან სალაპარაკოდო. ამაზე მეტი ლუსტრაცია რა გნებავთ. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ეს მართალია, ქვეყნის ჯერ კიდევ პრეზიდენტმა, კიდევ ერთხელ ითამაშა ოპოზიციის თამაში და კიდევ ერთხელ შეუწყო ხელი სიტუაციის დაძაბვას და არეულობის შექმნას ქვეყანაში“, – აღნიშნა კოტე ჟღენტმა “ქრონიკის” ეთერში.