არაერთგზის გვისაუბრია ამაზე და კიდევ შეგვიძლია ვისაუბროთ, აუცილებლად გადაიტვირთება ურთიერთობები ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან – დავით მათიკაშვილი

8
spot_img

არაერთგზის გვისაუბრია ამაზე და კიდევ შეგვიძლია ვისაუბროთ, აუცილებლად გადაიტვირთება ურთიერთობები ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა.

„ჩვენ აქამდეც გვსმენია საკითხები, თემები ევროპელი ლიდერებისგან, რომლებიც შემდგომ ისე არ გადაწყვეტილა, როგორც იმ მომენტში ამ სიტყვებში შინაარსი საზოგადოებას ამცნობდა. მაგალითად, მაკრონის სიტყვებს გაგახსენებთ, როდესაც კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო საქართველომ, ეს განმარტა თავისი შესაბამისი ლოგიკით, რომ საქართველო გეოგრაფიულად მოცილებულია ევროპულ არეალს და ა.შ. გავიდა გარკვეული პერიოდი ამ განცხადების შემდგომ და საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი. მიიღო ღირსებით, მიიღო ღირსეულად და ის, რომ საქართველო გეოგრაფიულად ამ წუთას არ წარმოადგენს ევროკავშირის მოსაზღვრეს, არ ყოფილა იმის დამაბრკოლებელი, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიეღო.

ზუსტად იმავეს გეტყვით ახლაც, ჩვენ არაერთგზის გვისაუბრია ამაზე და კიდევ შეგვიძლია ვისაუბროთ, აუცილებლად გადაიტვირთება ეს ურთიერთობები ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან. ომი, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ მიმდინარეობს უკრაინაში. ომის დასრულება უკრაინაში, რომელსაც ჩვენ ყველანი ველოდებით, განაპირობებს ახალ პოლიტიკურ მიდგომებს, მათ შორის საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირის და დანარჩენი ცივილიზებული მსოფლიოს მხრიდან, რადგანაც, საქართველოს ზოგიერთი ძალების, ასე ვთქვათ, არეალში და თვალსაზრისით, აღარ ექნება ის გამორჩეული მნიშვნელობა უკრაინასთან მიმართებით, რუსეთთან მიმართებით არსებულ პოლიტიკურ ვითარებაში, რაც აქვს დღეს, როდესაც მიმდინარეობს უკრაინაში ომი.

ჩვენ კარგად ვიცით, რომ შეერთებულ შტატებში შეიცვლება დამოკიდებულება და პოლიტიკა. ყოველ შემთხვევაში არჩეული პრეზიდენტის წინასაარჩევნო პლატფორმა და მანამდე არსებული განცხადებები სწორედ ამაზე მეტყველებს.

ის, რომ მაგალითად ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონის გაუქმებას გვთხოვენ ჩვენ ევროპიდან და არაევროპულს ეძახიან, შევხედოთ ამას საკითხის მნიშვნელობის ჭრილში. შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ის აუცილებლად ინიციატივით გამოვა მსგავსი საკითხის. ეს ზოგადი საერთო ფედერალური კანონი სახით იქნება შეერთებულ შტატებში თუ რა ფორმა ექნება ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას და ოჯახური ღირებულებების დაცვას, ეს ჩვენ არ ვიცით, მაგრამ ეს იქნება აუცილებლად, ვინაიდან ტრამპმა ამის შესახებ თქვა. ახლა, რას ამბობენ იგივე ევროპული სახელმწიფოების ლიდერები, საინტერესოა იგივე წერილით მიმართავენ შემდგომ ტრამპს და სთხოვენ, რომ მოდით გააუქმეთ ეგ კანონი, თორემ ევროკავშირს და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები გადაიხედება. თქვენ გჯერათ ამის? მე არ მჯერა. არ მჯერა იმიტომ, რომ ეს მოცემულობა არ არის ადეკვატური მსოფლიო პოლიტიკური ვითარების და გეოპოლიტიკური მოცემულობის“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.