„ძლიერი საქართველოს“ წევრი, ბადრი ჯაფარიძე არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმის გამოძიების ფარგლებში, პროკურატურაში დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯაფარიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მისი თქმით, დაკითხვას მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გეგმავს, რადგან ჯაფარიძის აზრით, პროკურატურას არჩევნების გაყალბების გამოძიება არ აქვს მიზნად დასახული, არამედ „ყალბი პროცესის შექმნა“ სურს.
„გენერალური პროკურატურიდან დამიკავშირდნენ არჩევნების გაყალბების საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვაზე! დამოუკიდებელი პროკურატურა პოლიტიკოსების გამოკითხვით და მათგან მტკიცებულებების წარდგენის მოთხოვნით კი არ იქნებოდა დაკავებული, არამედ თვითონ ექნებოდა უკვე უამრავი მტკიცებულება შეგროვებული !
ცხადია, “ოცნების” პროკურატურას არჩევნების გაყალბების გამოძიება არ აქვს მიზნად დასახული, არამედ სურთ ყალბი პროცესის შექმნა და შემდეგ თქმა რომ არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები ვერ მოიპოვეს.
მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით კიდევ ერთხელ ვისაუბრებთ ამ მტკიცებულებებზე”, – წერს ჯაფარიძე.