უსაფრთხოების ყველაზე ძლიერი მხარდაჭერა, რომლის მიცემაც შეგვიძლია უკრაინისთვის, არის ევროკავშირის წევრობა, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა კიევში ევროკავშირის საგარეო საქმეთა არაფორმალური მინისტერიალის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ეს იყო ევროკავშირის საბჭოს პირველი შეხვედრა, რომელიც ევროკავშირის ფარგლებს გარეთ გაიმართა.
„უსაფრთხოების ყველაზე ძლიერი მხარდაჭერა, რომლის მიცემაც შეგვიძლია უკრაინისთვის, არის ევროკავშირის წევრობა. ახლა უკრაინა არის კანდიდატი ქვეყანა და ის წინ მიწევს ამ გზაზე“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, წლის ბოლოსთვის ევროკომისია წარუდგენს ევროკავშირის საბჭოს ანგარიშს გაფართოების შესახებ. ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, მათ შორის უკრაინელი სამხედროების წვრთნის გზით.
ბორელის თქმით, უახლოეს თვეებში იგეგმება 40 ათასი უკრაინელი სამხედროების მომზადება, მათ შორის „ეფ-16“-ის ტიპის გამანადგურებლების მართვაში. გარდა ამისა, როგორც ბორელმა აღნიშნა, ევროპის მშვიდობის ფონდიდან მომავალი წლისთვის იგეგმება ხუთი მილიარდი ევროს გამოყოფა სამხედრო დახმარებისთვის. ევროპელმა დიპლომატმა იმედი გამოთქვა, რომ ამ საკითხზე შეთანხმება წლის ბოლომდე იქნება მიღწეული.
ამასთან, პრესკონფერენციაზე ბორელს ჰკითხეს უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის განცხადების შესახებ, სადაც ის აცხადებს, რომ უკრაინისთვის ევროკავშირის არასრულფასოვანი წევრობა მიუღებელი იქნება.
„არ ვიცი, საიდან მოდის ეს იდეა. ვინ საუბრობს ნაწილობრივ წევრობაზე? 25-პროცენტიან წევრობაზე? წევრობა არის წევრობა“, – განაცხადა ბორელმა.