“უფრო დიდი ამორალურობა და სპეკულაცია არ არსებობს, რომ ნავალნი და სააკაშვილი შეადარო ერთმანეთს” – მამუკა მდინარაძე

84
spot_img

დიახ, რა თქმა უნდა, შეიძლება კი არა, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, ის საფუძვლიანი ეჭვები, რაც მისი (ნავალნის) გარდაცვალების მიზეზებზე ვრცელდება, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ გვახსენებს ასევე ძალიან სამწუხაროდ, 2012 წლამდე ჩვენს დაღუპულ ასობით პატიმარს ციხეში,- ასე პასუხობს ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე კითხვას – მიუხედავად იმისა, თუ რა ინფორმაციას გაავრცელებს კრემლი, შეიძლება თუ არა ითქვას, რომ ნავალნი პუტინის რეჟიმის მორიგი მსხვერპლია.

ის ასევე გამოეხმაურა სააკაშვილისა და ნავალნის შედარებას და ჟურნალისტებს მოუწოდა „დაგუგლონ“, როგორ და სად იჯდა ნავალნი და მიუდონ გვერდით მიხეილ სააკაშვილის “2 ოთახიანი ლუქსი”.

„როგორ უნდა გაბედო ოდნავ მორალი თუ გაქვს ადამიანმა, ამ შედარებაზე (ნავალნის და სააკაშვილის) ლაპარაკი, როცა დღეს ეს სისხლის სამართლის დამნაშავე, კრიმინალი სააკაშვილი სასჯელს იხდის 2 ოთახიან ლუქსში და ძალიან გთხოვთ „დაგუგლოთ“, რანაირ ეგრეთწოდებულ კამერაში იჯდა ნავალნი თავის პატიმრობის დროს. უბრალოდ „დაგუგლეთ“, გვერდზე მიუდეთ ეს ფოტოები ერთმანეთს – სააკაშვილის 2 – ოთახიანი ლუქსი და ნავალნის ე.წ. კამერა, სადაც ის იხდიდა სასჯელს და როგორი ვიზუალური განსხვავებაც არის მათ შორის, იგივე განსხვავებაა პატიმრობის მიზეზებიდან დაწყებული, პირობებით გაგრძელებული ყველაფერში ამ ორ ადამიანს შორს. უფრო დიდი ამორალურობა და სპეკულაცია, რომ ნავალნი და სააკაშვილი შეადარო ერთმანეთს, ასეთი სისტემის შემქმნელი, სადაც პატიმრები იღუპებიან გაურკვეველ ვითარებაში (გაურკვეველ ვითარებაში – ბრჭყალებით თუ მის გარეშე) ალბათ, კარგად გესმით, რომ არ არსებობს”, – განაცხადა მდინარაძემ.

დამაზუსტებელ კითხვაზე, არის თუ არა ნავალნი პუტინის რეჟიმის მსხვერპლი, მდინარაძე პასუხობს: „მე გითხარით ამაზე, ორჯერ ცხადად და მაინც რაღაც სიტყვათა წყობა გინდათ გითხრათ, რა ახირებაა?! ეს რას ნიშნავს?!”

„აბა ვისი მსხვერპლი შეიძლება იყოს, სააკაშვილის მსხვერპლი ხომ არ იქნება? 2012 წლამდე ნავალნი ქართულ ციხეში არ იჯდა და რის მიღწევა გინდათ?”- განაცხადა მდინარაძემ.