უნებართვო მშენებლობებზე არსებული ჯარიმების ოდენობები შესაძლოა, გაიზარდოს

91
spot_img

კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში უნებართვო მშენებლობებზე არსებული ჯარიმების ოდენობები შესაძლოა, გაიზარდოს. შესაბამისი ცვლილებები – „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ შედის, რომლის ინიცირება ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე მოხდება.

ცვლილებების მიხედვით, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში უნებართვო მშენებლობა კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – I კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, 16 000 ლარი იქნება; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, 24 000 ლარი იქნება; III და IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის, ან III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა 20 000 ლარის ნაცვლად, 200 000 ლარი იქნება.

ცვლილებებით კონკრეტდება, რომ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში უნებართვო მშენებლობა სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, 16 000 ლარი იქნება; II კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 25 000 ლარის ნაცვლად, 75 000 ლარი იქნება; III და IV კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 25 000 ლარის ნაცვლად, 250 000 ლარი იქნება.

ცვლილებებით განისაზღვრება, რომ გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.

ამასთან, პროექტით, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის – I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით უცვლელი რჩება; II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით უცვლელი რჩება; III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, 30 000 ლარი იქნება; IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, 45 000 ლარი იქნება. გარდა ამისა, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.

კანონპროექტი შეეხება კონსერვაციის მუხლსაც. კერძოდ, ცვლილებებით, მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას: I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი); III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით. კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარებილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით. კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში უნებართვო რეკონსტრუქცია, რომელიც არ იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების შეცვლას, გამოიწვევს დაჯარიმებას 12 000 ლარით, ნაცვლად 4 000 ლარის.