“ცრუ პანიკა თავდაცვის კოდექსის ირგვლივ საკითხისა და თემის უცოდინარობითაა გამოწვეული” – ამირან სალუქვაძე

spot_img

კიდევ ერთი ცრუ პანიკა თავდაცვის კოდექსის ირგვლივ. ალბათ უფრო საკითხის, თემის უცოდინარობითაა, ვიდრე შეგნებული დეზინფორმაცია. ყოველ შემთხვევაში ამ დაშვებას გავაკეთებ, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექსპერტი ამირან სალუქვაძე წერს.

მისი თქმით, საუბრობენ, თითქოს ახალი კოდექსით რაღაც ახალი ჩანაწერი გაჩნდა, რომლის თანახმადაც ომის დროს მოსახლეობის განიარაღება მოხდება.

“სინამდვილეში საუბარია 1997 წლიდან მოქმედი კანონიდან “საომარი მდგომარეობის შესახებ” გადმოტანილი ფორმულირებების შესახებ, რომელი კანონიც მოქმედებს 25 წელია და გართულება არავის ჰქონია. ეს კანონი მოქმედებდა 2008 წელსაც.

საუბარი რაზეა?

საომარი მდგომარეობის დროს, ხელისუფლებას, კომპეტენციის ფარგლებში უფლება აქვს განახორციელოს მთელი რიგი შემზღუდავი ღონისძიებები: გაამკაცრონ საზოგადოებრივი წესრიგი, საშიში ადგილებიდან გაასახლონ მოსახლეობა, შემოიღონ გარკვეულ ადგილებში შესვლის რეჟიმი, შეზღუდონ გადაადგილება, დროებით ჩამოართვან ცეცხლსასროლი, ცივი იარაღი, აკრძალონ დემონსტრაციები, თავდაცვის ინტერესებისთვის გამოიყენონ საწარმოების რესურსები, დანიშნონ საწარმოების ხელმძღვანელები, დააწესონ კონტროლი მედიაზე, აკრძალონ დემონსტრაციები და უამრავი სხვა ღონისძიება, რომლებიც ყველა ქვეყანაში ხორციელდება ომის დროს.

ომის დროს ქვეყანა იმართება პრეზიდენტის დეკრეტებით. ყველა ეს ღონისძიება დეკრეტის შესაბამისად განხორციელდება.

უკრაინაში ომის საჭიროებისთვის სამოქალაქო პირების სატრანსპორტო საშუალებებსაც კი იყენებენ.
დღეს საფრანგეთის პარლამენტმა მთავრობას უფლება მისცა ნებართვის გარეშე მოახდინონ მობილური ტელეფონების კამერების და მიკროფონების დისტანციური გააქტიურება.

ომის დროს, თუ რომელიმე რაიონში იქნება არეულობების, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის საშიშროება, იარაღსაც ამოიღებენ და სხვა შეზღუდვებსაც დააწესებენ. ესაა ჩვეულებრივი პრაქტიკა მთელ მსოფლიოში.

ვიმეორებ, არაფერი ახალი ამ მხრივ არ შეტანილა კოდექსში. საუბარია არა განიარაღებაზე, არამედ საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა შეზღუდვების, მათ შორის იარაღის ამოღების დროებით ზომაზე, რომელი წესიც მოქმედებს 1997 წლიდან.

იკითხონ ნებისმიერ ევროპულ ან პოსტსაბჭოთა ქვეყანაში არის თუ არა მსგავსი შეზღუდვები დადგენილი საომარი მდგომარეობის დროს. ვისაც ომის, ან საკუთარი ტერიტორიის დაცვის სურვილი ექნება, არავინ შეზღუდავს. მაგრამ თუ რომელიმე რაიონში იქნება მაროდიორობის, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ფაქტები, მსგავს ზომებს ომის დროს ყველა ქვეყანაში გაატარებენ.

ანა-ბანას ახსნა მიწევს,”- წერს ამირან სალუქვაძე.