“უკრაინის უკანასკნელი გამოწვევა – მზარდი დაძაბულობა ლიდერებს შორის” – The New York Times

38
spot_img

აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „უკრაინის უკანასკნელი გამოწვევა – მზარდი დაძაბულობა ლიდერებს შორის“ (ავტორები – ენდრიუ კრამერი და მარკ სანტორა). მასალაში განხილულია ქვეყნის ორ პოპულარულ ადამიანს შორის – პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და გენერალ ვალერი ზალუჟნის შორის არსებული რთული ურთიერთობა, რომელიც უკრაინის ისედაც მძიმე მდგომარეობას კიდევ უფრო აუარესებს.

გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:

იმ დროს, როცა უკრაინა რუსეთის ჯარების შეტევას იგერიებს, ხოლო ქვეყნის ხელმძღვანელობა მოუთმენლად ელოდება გადაწყვეტილებას – დაეხმარება თუ არა დასავლეთი კიევს იარაღითა და ფულით (რომლის საერთო მოცულობა 100 მილიარდ დოლარზე მეტია), სახელმწიფოს უმაღლეს ეშელონებში მითქმა-მოთქმა მიმდინარეობს და შეშფოთება შეინიშნება არმიის სარდლის ვალერი ზალუჟნის ბედის მიმართ.

როგორც ცნობილია, 29 იანვარს საღამოს პრეზიდენტსა და გენერალს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ უკრაინის მასმედიაში და პოლიტიკურ წრეებში გავრცელდა ხმები, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვალერი ზალუჟნი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ხმები იმდენად გავრცელდა, რომ პრეზიდენტის ოფისი იძულებული გახდა საჯაროდ უარეყო „ჭორები“ და განაცხადა, რომ ვალერი ზალუჟნი თანამდებობას ინარჩუნებსო, მაგრამ მოკლე პასუხმა საზოგადოება არ დააკმაყოფილა. გუშინ, სამშაბათს, უკრაინის მთავარ მოვლენად კვლავ გენერლის ბედი რჩებოდა – ყველა მისი თანამდებობაზე დარჩენა-მოხსნის საკითხზე ლაპარაკობდა.

როგორც ერთ-ერთმა ყოფილმა უკრაინელმა მაღალჩინოსანმა ინკოგნიტოდ შეატყობინა „ნიუ-იორკ თაიმსის“ ჟურნალისტებს, ვოლოდიმირ ზელენსკის მართლაც დაგეგმილი ჰქონდა ვალერი ზალუჟნის თანამდებობიდან გადაყენება, მაგრამ შემდეგ უკან დაიხია, როცა მისმა განზრახვამ მასმედიაში გაიჟონა და ყველასათვის ცნობილი გახდა. უკანდახევის კიდევ ერთი სავარაუდო მიზეზი ის იყო, რომ ამჟამად ვალერი ზალუჟნის შემცვლელი არავინ არ არის: ყოფილა თურმე ლაპარაკი მის ადგილზე სახმელეთო არმიის სარდალი, გენერალი ალექსანდრე სირსკი ან მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსი, გენერალი კირილო ბუდანოვი დანიშნულიყო, მაგრამ საბოლოო მომენტში ორივემ უარი განაცხადა.

უკრაინის ექს-პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს თქმით გენერლის გადაყენების თაობაზე გადაწყვეტილება არ იყო მოტივირებული „სამხედრო-სტრატეგიული მოსაზრებით“ და მხოლოდ პრეზიდენტის „პირად ემოციებს და ეჭვებს ეფუძნებოდა“.

ქვეყნის ხელმძღვანელობაში შფოთვა-ღელვა იმ დროს ხდება, რომელიც განსაკუთრებით სახიფათოა უკრაინისათვის – ქვეყანა თითქმის ბედია ანაბარად არის დარჩენილი, დასავლეთი ძველებურად ვეღარ აწვდის რუსეთთან მეომარ კიევს სათანადო რაოდენობის იარაღს და ფულს. გარდა ამისა, თუ ვალერი ზალუჟნის გადაყენება პოლიტიკურ გადაწყვეტილებად იქნება აღქმული და არა სამხედრო აუცილებლობად, ვოლოდიმირ ზელენსკის არა მხოლოდ ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკოსების ნეგატიურ მოსაზრების წინაშე დადგომა მოუწევს, არამედ საზოგადოების წინაშეც, რომელიც, უკრაინის „რკინის გენერალის“ მიმართ უდიდესი პატივისცემით არის განმსჭვალული.

წყარო