“როგორც დაგპირდით, წერეთლის გამზირზე, ხვალიდან მოძრაობა ორმხრივად იქნება აღდგენილი” – კახა კალაძე

29
spot_img

წერეთლის გამზირზე სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს, რომელიც საღამომდე მთლიანად დასრულებული იქნება – როგორც დაგპირდით, ხვალიდან, 1-ელი თებერვლიდან მოძრაობა ორმხრივად იქნება აღდგენილი, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ის მუდმივი ისტერიკა, პანიკის თესვა, ლანძღვა და ცილისწამება, რაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში თან სდევდა წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, სხვა არაფერია თუ არა სიძულვილი საკუთარი ქალაქისა და თანაქალაქელების მიმართ.

„ჩვენ დედაქალაქის მოსახლეობას დავპირდით, რომ 1-ელი თებერვლიდან წერეთლის გამზირზე სამუშაოები საგზაო ნაწილში იქნებოდა დასრულებული და მოძრაობა ორმხრივად იქნებოდა შესაძლებელი. ახლაც მიმდინარეობს სამუშოები, რომელიც საღამომდე მთლიანად დასრულებული იქნება. პარალელურად მიმდინარეობს დასუფთავების სამუშაოები და ხვალიდან, 1-ელი თებერვლიდან როგორც დაგპირდით, წერეთლის გამზირზე მოძრაობა იქნება ორმხრივად აღდგენილი და გადაადგილება თავისუფლად იქნება შესაძლებელი.

კიდევ ერთი განახლებული გამზირი შეემატება დედაქალს, რაც, რასაკვირველია ყველას გვახარებს. თუმცა, ალბათ, სწორი ვიქნებოდი თუ ვიტყოდი, რომ ყველას უნდა გვახარებდეს, რომ ასეთ პროექტები ხორციელდება ჩვენ ქალაქში. ის მუდმივი ისტერიკა, პანიკის თესვა, ლანძღვა, ცილისწამება, რაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში თან სდევდა წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, სხვა არაფერია თუ არა სიძულვილი საკუთარი ქალაქის და თანაქალაქელების მიმართ,“ – განაცხადა კალაძემ.

როგორც თბილისის მერი აცხადებს, „უსამშობლო ადამიანები“, ე.წ. პოლიტიკოსები ქვეყანაში განვითარებას, აღმშენებლობას და მშენებლობას დანაშაულად აცხადებენ, თუმცა როგორც თავად ამბობს, ქალაქის წინსვლისა და განვითარების პროცესს ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს.

„ყოველთვის არის მანიპულაციები, სპეკულაციები, ეს მიდგომა და დამოკიდებულება განვითარებასთან, წინსვლასთან, აღმშენებლობასთან. იგივე თუნდაც იმ ახალ პროექტებთან დაკავშირებით, რასაც სამშენებლო და დეველოპერული სექტორი აკეთებს. დააკვირდით, როგორი აგრესია არის. დღეს საქართველოში და დედაქალაქში აღმშენებლობას, განვითარებას, მშენებლობას ეს უსამშობლო ადამიანები, ე.წ. პოლიტიკოსები ერთგვარ დანაშაულად აცხადებენ. ამ სამწუხარო რეალობის წინაშე ვდგავართ, თუმცა ძალიან ბევრია გონიერი ადამიანი, ვისაც უხარია ჩვენი ქალაქის წინსვლა, განვითარება, აღმშენებლობა და რა თქმა უნდა, ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს ამ პროცესს,“ – განაცხადა კალაძემ.