“უკრაინის არმია საარტილერიო „ჭურვების შიმშილს“ განიცდის” – Politico

14
spot_img

უკრაინის არმიას დიდი პრობლემა აქვს: ის იღებს ძალიან ცოტა საარტილერიო ჭურვებს, რათა სათანადოდ დაიცვას 1000-კილომეტრიანი ფრონტის ხაზი რუსული თავდასხმებისგან, – ამის შესახებ გამოცემა Politico წერს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა, მიმდინარე თვის დასაწყისში, უკრაინაში საბრძოლო მასალის გაგზავნის მიზნით შექმნილ საერთაშორისო საარტილერიო კოალიციას, რომელსაც საფრანგეთი ხელმძღვანელობს, უკრაინაში არსებული სიტუაცია საარტილერიო „ჭურვების შიმშილად“ აღუწერა.

„უკრაინა აძლიერებს შიდა ჭურვების წარმოებას, რიცხვები საიდუმლოა, თუმცა ის მაინც ეყრდნობა მოკავშირეებს, რათა მიაწოდონ საჭირო საბრძოლო მასალის ძირითადი ნაწილი, მაგრამ ჯარისკაცებამდე ძალიან ცოტა მათგანი ხვდება. ევროკავშირმა პირობა დადო, რომ უკრაინას მარტამდე მილიონ ჭურვს გაუგზავნის, მაგრამ ამ მიზანს ვერ მიაღწევს. ევროკავშირის საგარეო საქმეთა ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა ამ კვირაში განაცხადა, რომ ბლოკი იმ დროისთვის მხოლოდ 524 000 ჭურვს მიაწვდის, ხოლო წლის ბოლომდე – 1.1 მილიონს“, – წერს Politico.

გამოცემის სტატიაში აღნიშნულია, რომ საარტილერიო კოალიციასთან საუბრისას უმეროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ფრონტზე, ყოველდღიურად, 5-10-ჯერ მეტ საარტილერიო ჭურვს იყენებს, ვიდრე უკრაინა.

„რუსეთის სამხედრო ინდუსტრია საშუალებას აძლევს თავის ჯარებს, ათობით ათასი ჭურვი გაისროლონ უკრაინის პოზიციების წინააღმდეგ. როგორც ბრძოლის ველზე არსებული ვითარება აჩვენებს, თანამედროვე არტილერიის შემცვლელი არ ჰყავს“, – განაცხადა უმეროვმა საარტილერიო კოალიციასთან საუბრისას.

სტატიის ავტორი მიიჩნევს, რომ უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მნიშვნელოვანი ზრდის მიღწევა ადვილი არ იქნება. სტატიაში აღნიშნულია, რომ ჭურვების ნაკლებობა არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც უკრაინის არმია, ზაფხულის კონტრშეტევის ფონზე, მთელს ფრონტზე თავდაცვაზე გადავიდა.

„არტილერიაზე დაყრდნობის ნაკლები შესაძლებლობის გამო, რუსების თავდასხმის ტალღების შესაჩერებლად, უკრაინელები მიმართავენ FPV – ანუ პირველი პირის ხედვის – დრონებს, რათა დაარტყან რუსეთის ტანკებს, ჯავშანმანქანებს და ჯარებს. ეს უკრაინას რუსეთთან შედარებით იშვიათ უპირატესობას ანიჭებს. კიევში დაფუძნებული სააგენტო Top Lead-ის გამოთვლებით, უკრაინულმა ძალებმა სექტემბრიდან იანვრამდე დრონებით 3 806 დარტყმა განახორციელეს, ხოლო რუსეთმა – მხოლოდ 2 886“, – წერს გამოცემა.

ერთ-ერთი უკრაინელი სამხედრო, რომელმაც გამოცემასთან ანონიმურობის დაცვის პირობით ისაუბრა, თვლის, რომ უკრაინას ახლა აქვს საკმარისი ჭურვები თავდაცვისთვის, მაგრამ შეტევითი ოპერაციების გასაგრძელებლად მას საბრძოლო მასალებით დახმარება სჭირდება.

ამასთან, პრაღაში მცხოვრები დამოუკიდებელი სამხედრო ექსპერტი იური ფიედოროვი აცხადებს, რომ რუსული არმია ძველ, საბჭოთა პერიოდის არტილერიის მარაგს იყენებს, მაგრამ ის იწურება და სწორედ აქ ერთვებიან დახმარებისთვის გეოპოლიტიკური მოკავშირეები – ჩრდილოეთ კორეა და ირანი. გამოცემა წერს, რომ დასავლელი ოფიციალური პირებისა და დაზვერვის თანახმად, ჩრდილოეთ კორეა და ირანი რუსეთს აწვდიან ტექნოლოგიას, ჭურვებს და, შესაძლოა, ბალისტიკურ რაკეტებსაც – თუმცა ამას ყველა ჩართული მხარე უარყოფს.

ფიოდოროვის შეფასებით, რუსეთი, ყოველდღიურად, დაახლოებით 10 000 ჭურვს ისვრის, რაც ბევრად მეტია, ვიდრე უკრაინა, მაგრამ მაინც ნაკლებია, ვიდრე უკრაინაში შეჭრის დასაწყისში ისროდა.

„ჩემი აზრით, სიტუაცია უკრაინისთვის საშიშია, მაგრამ არა კატასტროფული“, – აცხადებს ფეოდოროვი.