უკრაინელებმა ორი რუსული საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოაგდეს

27
spot_img

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა დღეს დილით კიდევ ორი რუსული თვითმფრინავი: „სუ-34“ ტიპის გამანადგურებელ-ბომბდამშენი და „სუ-35“ ტიპის გამანადგურებელი ჩამოაგდეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალზე, ალექსანდრ სირსკისა და საჰაერო ძალების სარდალზე, გენერალ-ლეიტენანტ ნიკოლაი ოლეშჩუკზე დაყრდნობით ავრცელებს.

„დღეს დილით უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა ორი რუსული თვითმფრინავი გაანადგურეს, რომელიც მართვადი ბომბებით უტევდა ჩვენი ჯარების პოზიციებს: ერთი „სუ-34“ გამანადგურებელი-ბომბდამშენი და ერთი „სუ-35“, – აცხადებს ალექსანდრ სირსკი.

მისი თქმით, რუსული საბრძოლო თვითმფრინავები აღმოსავლეთის მიმართულებით ჩამოაგდეს.

„ოკუპანტების კიდევ მინუს ორი თვითმფრინავი. ეს არის ჩვენი მიწა და ცა! გაგრძელება იქნება!“, – აცხადებს სირსკი.

შეგახსენებთ, 17 თებერვალს უკრაინელმა დამცველებმა ერთდროულად სამი რუსული თვითმფრინავი – ორი „სუ-34“ ტიპის გამანადგურებელი-ბომბდამშენი და ერთი „სუ-35“ ტიპის თვითმფრინავი ჩამოაგდეს. უკრაინის გენშტაბის მონაცემებით, ომის დაწყების შემდეგ რუსულმა ძალებმა 336 თვითმფრინავი და 325 ვერტმფრენი დაკარგეს.