ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინის ალიანსში გაწევრიანების საკითხზე საუბარს აზრი არ ექნება, თუ ქვეყანა ომში ვერ გაიმარჯვებს, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი ერი ევროპაში.
მისივე თქმით, ივლისში სამიტზე შეხვედრისას ნატო-ს მოკავშირეებს უკრაინის მხარდასაჭერად მკაფიო გზავნილები ექნებათ, რაც მრავალი გზით გამოიხატება.
„როდესაც საქმე გაწევრიანებას ეხება, ველოდები, რომ ნატო-ს მოკავშირეები იტყვიან, უკრაინა გახდება ალიანსის წევრი. ეს არაერთხელ ითქვა. უკრაინას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა. მოსკოვი არ წყვეტს, რისი გაკეთება შეუძლია უკრაინას, არამედ ამას წყვეტს უკრაინა. სწორედ ნატო-ს მოკავშირეები წყვეტენ გაწევრიანების საკითხებს და, რა თქმა უნდა, ნატო-ს კარი რჩება ღია“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა კოპენჰაგენში დემოკრატიის სამიტზე მის წინამორბედთან, ანდრეს ფოგ რასმუსმენთან ინტერვიუს დროს.
ამასთან, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იმედი გამოთქვა, რომ სამიტზე შეთანხმდებიან უკრაინისთვის მრავალწლიანი პროგრამის შექმნაზე, რომელიც დაეხმარება ქვეყანას საბჭოთა პერიოდის სტანდარტებიდან ნატო-ს სტანდარტებსა და აღჭურვილობაზე გადასვლაში.
„ახლა უკრაინის გამარჯვების უზრუნველყოფა გადაუდებელი ამოცანაა“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.