უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, უკრაინელმა სამხედროებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსი ოკუპანტების 30-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით. როგორც გენშტაბში აღნიშნავენ, მათი უმეტესობა დონეცკის ოლქის ქალაქების – მარინკასა და ავდეევკას მიდამოებში არსებულ ფრონტის ხაზზე მოდიოდა.
უკრაინული მხარის თქმით, ფრონტის ხაზზე სულ 44 საბრძოლო შეტაკება მოხდა.
ინფორმაციის მიხედვით, რუსებს თავდასხმის წარუმატებელი მცდელობები ჰქონდათ კუპიანსკის, ბახმუტის, ავდეევკას და მარინკას მიმართულებით.
ამასთან, გენშტაბში აღნიშნავენ, რომ უკრაინის დამცველები აგრძელებენ შეტევით მოქმედებებს მელიტოპოლის მიმართულებით და ასევე, შტურმზე არიან გასული ბახმუტის მიმართულებით და დანაკარგებს აყენებენ მტერს.