თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისსა და რუსთავში, ახალაშენებულ კორპუსებში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება იწყება

66
spot_img

14 ნოემბრიდან, თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისსა და რუსთავში, ახალაშენებულ კორპუსებში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება იწყება. ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ახალი განაცხადი უნდა შეავსოს ყველა იმ ოჯახმა, ვისაც დევნილთა განსახლების პროგრამის ფარგლებში, საცხოვრებელი ფართის მიღება სურს.

„ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაურის განცხადებით, თბილისში ბინის მისაღებად, განაცხადის გაკეთება შეუძლიათ იმ დევნილ ოჯახებს, რომლებიც დედაქალაქში, 2013 წლის 1 ივნისამდე არიან რეგისტრირებულები. ზუგდიდში, ქუთაისსა და რუსთავში კი, განაცხადის გაკეთება, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს შეუძლიათ.

განაცხადები, ქვეყნის მასშტაბით არსებულ იუსტიციის სახლებში, 2024 წლის 1 თებერვლამდე მიიღება.

დევნილთა განსახლების უპრეცედენტო მასშტაბის პროექტის ფარგლებში, 2023-2025 წლებში, საცხოვრებლით 13 000-მდე დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდება. აქედან, 7000-ზე მეტ ოჯახს ახალი ბინები გადაეცემა, ხოლო 6000 ოჯახი „სოფლად სახლის“ პროგრამის ფარგლებში განსახლდება. პროექტის ბიუჯეტი 900 მილიონ ლარს შეადგენს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.