„უკრაინა ცდილობს ომი თავის სასარგებლოდ შემოაბრუნოს” – უცხოური პრესა

124
spot_img

უკრაინაში და დასავლეთში სულ უფრო მეტად იგრძნობა დაღლილობა უკრაინის ომისაგან. უკრაინის ხელისუფლება და არმიის სარდლობა სულ უფრო მეტ დახმარებას ითხოვს დასავლელი მოკავშირეებისაგან, მაგრამ კონტრშეტევას მოსალოდნელი შედეგები არ მოაქვს. ბევრი ექსპერტი აღიარებს, რომ საბოლოო ჯამში, გრძელვადიანი პერსპექტივაში, ისეთი მსხვილმასშტაბიანი შეიარაღებული კონფლიქტის შედეგები, მსოფლიოს და განსაკუთრებით ევროპას, ძვირად დაუჯდება – ეკონომიკა გამოიფიტება, – ნათქვამია ესპანური გაზეთის „ელ პაისის“ (El Pais) მიერ 29 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „უკრაინა ცდილობს ომი თავის სასარგებლოდ შემოაბრუნოს: შეტევის წარუმატებლობით ამერიკული და უკრაინული საზოგადოება შეშფოთებას გამოხატავს“ (ავტორი – ქრისტიან სეგურა).

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

კიევის ცენტრში დამოუკიდებლობის დღესთან – 24 აგვისტოსთან დაკავშირებით ჩატარებული სამხედრო აღლუმის დროს კრეშჩატიკზე გამოფენილ რუსულ განადგურებულ სამხედრო ტექნიკას ჩვეულებრივი მოქალაქეები ათვალიერებენ. „ელ პაისის“ კორესპონდენტი, ანონიმურობის პირობით, ერთ-ერთ ქალბატონს გაესაუბრა. „თუ მე არჩევანის წინაშე დავდგები, რომ ომში ან ჩემს ვაჟს გაიწვევენ და ან რუსეთი დაკავებულ ტერიტორიებს შეინარჩუნებს, მე მეორეს დავთანხმდებოდი“, – ამბობს უკრაინელი მოქალაქე.

თანემდროვე ომი, ტექნიკის განვითარების კვალობაზე, ადრინდელ პერიოდებში მომხდარ ომებთან შედარებით, სწრაფად მიმდინარეობს და უფრო მეტ ზარალს აყენებს მასში ჩაბმულ ქვეყნებს. ნადგურდება ინფრასტრუქტურა, ზარალდება ეკონომიკა და რაც მთავარია, იღუპება მეტი ადამიანი, ანუ ხალხებისა და ერების გენოფონდებს თითქმის აუნაზღაურებელი ზიანი ადგება.

უკვე წელიწადნახევარი შესრულდა უკრაინის ომის დაწყების მომენტიდან: მისი ნეგატიური შედეგები სულ უფრო ძლიერად იგრძნობა. ქვეყნის ხელისუფლებისა და არმიის სარდლობის ომახიანი განხცხადებების მიუხედავად, ბრძოლის ველზე რეალურად რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება ჯერ-ჯერობით მიღწეული არ არის. ამის გამო შეშფოთებულია არამარტო უკრაინული საზოგადოება, არამედ კიევის დასავლელი მოკავშირეებიც, უპირველეს ყოვლისა კი აშშ. კონტრშეტევის პირველი შედეგები რომ აშკარად არადამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა, მხარეებმა მიზეზების ძებნა და გამოსავლის ძიება დაიწყეს… დღეისათვის პენტაგონში ვარაუდობენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები 2023 წლის დასასრულამდე რაიმე მნიშვნელოვან მიზანს ვერ მიაღწევენ.

გასულ კვირას, აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ გამოქვეყნებული მასალის თნახმად, ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსნები უკრაინის სამხედრო სტრატეგიის წინააღმდეგ გამოვიდნენ – კიევი თავის ძალებს ფრონტებზე გაფანტულად ანაწილებს, პირიქით კი უნდა იყოს: ძალების კონცენტრირება ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებით უნდა მოხდეს. კონტრშეტევის მძიმე მიმდინარეობას მხოლოდ ტაქტიკისა და სტრატეგიის მკვეთრი ცვლილება თუ გამოასწორებს“, – აცხადებს ერთ-ერთი ამერიკელი სამხედრო ჩინოვნიკი.

ვაშინგტონში უკრაინის ინტერესების წინააღმდეგ დროს კიდევ ერთი საათი ითვლის: ახლოვდება საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც 2024 წლის ნოემბერში უნდა ჩატარდეს. თითქოსდა მანამდე ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი, მაგრამ უკრაინის ომის პერსპექტივის კონტურები უკვე გამოკვეთილია: რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატურის მთავარმა პრეტენდენტმა დონალდ ტრამპმა მიანიშნა, რომ ქვეყნის მეთაურად არჩევის შემთხვევაში იგი უკრაინას სამხედრო დახმარებას შეუწყვეტს.

მოკავშირეების მხრიდან უკრაინისადმი გაწეული სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარების ღირებულება კოლოსალურია და თითქმის უპრეცედენტო – მხოლოდ აშშ-მა კიევს 113 მილიარდი დოლარის პროდუქცია მიაწოდა. უფრო მეტიც – პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აგვისტოში  კონგრესს თხოვნით მიმართა დამატებით 40 მილიარდი დოლარის გამოყოფის თაობაზე. ევროკავშირისგან კი კიევმა 15 თვის განმავლობაში ასევე უზარმაზარი თანხის – 165 მილიარდი ევროს დახმარება მიიღო.

სულ უფრო მეტი ადამიანი აღიარებს, რომ ასეთი ძვირადღირებული და ხანგრძლივი ომისაგან ევროპის ეკონომიკური გამოფიტვა გარდაუვალია. და თუ ეს ასე იქნება, როგორ უნდა მოიძებნოს გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან? რამდენად შესაძლებელია უკრაინის პოლიტიკური უკანდახევა?

დასავლელი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები და მეთაურები კვლავ იმეორებენ „მანტრას“ იმის თაობაზე, რომ უკრაინის არმიამ რაც შეიძლება მეტი ტერიტორია უნდა გაათავისუფლოს რუსი ოკუპანტებიდან, რომ კიევმა მოლაპარაკება საკუთარი პოზიციური უპირატესობით დაიწყოს. „მე, რა თქმა უნდა, მინდა, რომ კონტრშეტევის შედეგებმა ყველა მხარე მოლაპარაკების მაგიდასთან მიიყვანოს, მაგრამ უკრაინისათვის ყველაზე კარგ პირობების საფუძველზე“, – განაცხადა გასულ კვირას საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და ხაზი გაუსვა, რომ სწორედ უკრაინამ უნდა წაუყენოს პირობები რუსეთს.

მაგრამ საქმე ისაა, რომ კიევის პირობები კომპრომისს არ ითვალისწინებს: არავითარი დათმობა. ესე იგი, დასავლეთმა დახმარება უნდა გააგრძელოს: კიევი ხომ მხოლოდ მოკავშირეების იმედით იბრძვის.

საერთოდ კი, თანამედროვე ომები მოსახლეობის სწრაფ ფსიქოლოგიურ დაღლასაც იწვევენ. უკრაინელებიც იღლებიან. ამერიკელი სამხედრო ექსპერტები გამაფრთხილებლად აცხადებენ, რომ ომები ხშირად გარკვეული კომპრომისით მთავრდება: „როცა ადამიანები იღლებიან, საბოლოო ჯამში ისინი თანხმდებიან იმაზე, რასაც თავდაპირველად არანაირად არ დათანხმდებოდნენ“.

წყარო