„რომის პაპმა ფრანცისკმა მე-18 საუკუნის იმ რუსი იმპერატორების საქმიანობა განადიდა, რომლებიც ვლადიმერ პუტინისათვის მოდელები გახდნენ უკრაინის წინააღმდეგ მიმართულ ტერიტორიულ პრეტენზიებში. პაპის ასეთი პოზიცია დაგმო როგორც უკრაინის მთავრობამ, ასევე უკრაინის ბერძნულ-კათოლიკურმა ეკლესიამაც“, – წერს ფრენსის როკა, აშშ-ის გაზეთ „უოლ სთრით ჯორნელში“ (The Wall Street Journal) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „რომის პაპი ფრანცისკე, უკრაინის ომის ფონზე, რუსულ ისტორიულ იმპერიალიზმს განადიდებს“.
გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:
პარასკევს განხორციელებული ტელეხიდის დროს რომის პაპმა ფრანცისკემ სანკტ-პეტერბურგში შეკრებილ რუს კათოლიკურ ახალგაზრდებს მოუწოდა, რომ პეტრე დიდისა და ეკატერინე მეორის კვალს გაჰყვნენ, რომლებიც, პაპის აზრით, დიდი კულტურისა და ადამიანურობის მქონე განათლებული ქვეყნის მმართველები იყვნენ.
ვატიკანს პაპის ნათქვამი პეტრე პირველსა და ეკატერინე მეორეზე არ გამოუქვეყნებია, მაგრამ გამოაქვეყნა ჯერ მოსკოვში არსებულმა რომაულ-კათოლიკურმა არქიეპარქიამ, შემდეგ კი ციმბირის კათოლიკურმა ტელევიზიამ, ბოლოს კი რუსულმა მასმედიამაც.
ვლადიმერ პუტინი, რომელიც დღევანდელი ომის გამართლებას ცდილობს, ყოველთვის მიუთითებს ხოლმე პეტრე I-ის მაგალითზე, რომელმაც რუსეთის ტერიტორია გააფართოვა და პირიქით, უკრაინის ავტონომია შეამცირა. რუსეთის არმიის მიერ დაკავებულ ტერიტორიას პუტინი „ნოვოროსიას“ უწოდებს – ამ ტერმინის ისტორია სწორედ მე-18 საუკუნის 60-იანი წლებიდან იწყება, როცა ეკატერინე მეორემ 1764 წელს თურქები დაამარცხა, დღევანდელი უკრაინის სამხრეთი ნაწილი დაიპყრო და რუსეთს მიუერთა.
სხვათა შორის, რომის კათოლიკური ეკლესიისაგან დევნის პერიოდში, XVIII საუკუნის დასასრულს და XIX საუკუნის დასაწყისში, რუსეთის იმპერატორები იეზუიტთა ორდენს იცავდნენ და იფარავდნენ, რომლის წევრსაც თვითონ პაპი ფრანცისკე წარმოადგენს.
რომის პაპის გამონათქვამი კიევმა აშკარად პრორუსულად ჩათვალა: ფრანცისკეს მიერ რუსეთის იმპერატორთა საქმეების განდიდება დაგმო ერთი მხრივ, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ („საწყენია, რომ პაპი, ნებით თუ უნებლიედ, რუსულ იმპერიალიზმს, მოსკოვის აგრესიის მთავარ მიზეზს განადიდებს. პაპმა, პირიქით, ახალგაზრდებს თვალი უნდა აუხილოს რუსეთის ხელმძღვანელების აგრესიულ პოლიტიკაზე“), ასევე უკრაინის ბერძნულ-კათოლიკურმა ეკლესიამაც („უკრაინელ კათოლიკეებს პაპის სიტყვებმა ძლიერი სულიერი ტკივილი მიაყენა“).
პაპის გამონათქვამებმა მრისხანების ტალღა გამოიწვია სოციალურ ქსელებშიც, განსაკუთრებით რუსეთის მეზობელ ქვეყნებში. ფრანცისკეს ნათქვამი არ მოეწონა ესტონეთის ექს-პრეზიდენტს თომას ჰენდრიკ ილვესს, რომელმაც „ჭეშმარიტად შემაძრწუნებელი“ უწოდა.
რასაკვირველია, ვატიკანმა უარყო მტკიცება, რომ პაპი რუს იმპერატორების მოქმედებას იწონებს: „პაპი არასოდეს მხარს არ უჭერდა იმპერიალისტურ იდეებს. პირიქით, იგი იმპერიალიზმისა და კოლონიალიზმის მტკიცე მოწინააღმდეგეა ყველა დროში და ყველა ეპოქაში“, – ნათქვამია ვატიკანის განცხადებაში.
ობიექტურად თუ ვიტყვით, რომის პაპი მართლაც დარდობს უკრაინელთა ტანჯვაზე, მაგრამ ხშირად თავს იკავებს მოსკოვის აგრესიული პოლიტიკის მტკიცე დაგმობისაგან და მიანიშნებს, რომ თავს არიდებს ომის გამწვავებას და მასში ნატოს ქვეყნების ჩაბმის პროვოცირებას.. ასეთი პოზიცია, ბუნებრივია, არც უკრაინას არ მოსწონს და არც დასავლელ მოკავშირეებს.
სხვათა შორის, პაპის პოზიციით, რუსეთ-უკრაინის ომი აშშ-სა და რუსეთის დაპირისპირების შედეგია, რომელსაც უკრაინა მსხვერპლად ეწირება. „სასწორზე დევს იმპერიული ინტერესები – არამარტო რუსეთის, არამედ სხვებისაც. დღეს ასეთი იმპერიები ნამდვილად არის. მათთვის კონკრეტული ხალხების ბედი მეორეხარისხოვანია“, – ამბობდა პაპი შვეიცარიის ტელევიზიისადმი მიცემულ ინტერვიუში.
ვატიკანმა შუამავლის როლის შესრულებაც სცადა სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყების მიზნით (მისი წარმომადგენელი მატეო ძუპი იყო კიევშიც და მოსკოვშიც), მაგრამ არც უკრაინას და არც რუსეთს რაიმე ინტერესი არ გამოუვლენია.
წყარო