„უკიდურესი პოლიტიკური უპასუხისმგებლობა“ – სალომე სამადაშვილი ხაბეიშვილის და წითლიძის მიერ ქვეყნის დატოვებაზე

384
spot_img

როდესაც ვიღაცამ იცოდა, რომ ხვალ კენჭისყრა უნდა გამართულიყო საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით და გადაწყვიტა, წასულიყო ქალაქიდან, ეს არის უკიდურესი პოლიტიკური უპასუხისმგებლობა, – ამის შესახებ „ლელოს“ პოლიტიკურმა მდივანი, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

სალომე სამადაშვილი გამოეხმაურა პრეზიდენტისადმი ოპოზიციონერი დეპუტატების მიმართვას, რომ 11 აპრილს რიგგარეშე სესია აღარ მოიწვიოს, რადგან პარლამენტის ორმა დეპუტატმა – ლევან ხაბეიშვილმა და ანა წითლიძემ „მოულოდნელად დატოვეს საქართველო“.

„როდესაც ვიღაცამ იცოდა, რომ ხვალ კენჭისყრა უნდა გამართულიყო საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით და გადაწყვიტა, რომ წასულიყო ქალაქიდან, ეს არის უკიდურესი პოლიტიკური უპასუხისმგებლობა.

თუ მიგაჩნია, რომ პარლამენტში უნდა იყო და მანდატი უნდა გქონდეს, უფრო მნიშვნელოვანი რა საკითხი შეიძლება არსებობდეს მანდატის გამოსაყენებლად.

დღეებია ვაწარმოებთ კამპანიას და ვაფრთხილებთ მთელ ოპოზიციას, რომ ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენი ქვეყნისთვის და ამ პროცესში თითო ხმას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.

ასეთი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება საკუთარ ხმასთან და მანდატთან არის ის, რაც საზოგადოებას უჩენს განცდას, რომ არ შეიძლება ენდო ოპოზიციურ პოლიტიკოსებს და მსგავსი საქციელი აზიანებს მთლიანად ოპოზიციას“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოს პრეზიდენტს მიმართავენ, რიგგარეშე სხდომა, რომელიც მათ მოითხოვეს, 11 აპრილს არ მოიწვიოს.

დეპუტატ თამარ კორძაიას განმარტებით, გადაწყვეტილების შეცვლის მიზეზი გახდა ის, რომ ორმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ლევან ხაბეიშვილმა და ანა წითლიძემ დაუგეგმავად დატოვეს საქართველო. მისი თქმით, ოპოზიციას არ ჰყოფნის ხმები იმისათვის, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღოს.