“უახლოეს კვირებში დავიწყებთ მასშტაბურ სტუდენტურ ფესტივალს, რომლის სამიზნე აუდიტორია დაახლოებით 25 000 ათასი სტუდენტი იქნება” – გიორგი ამილახვარი

18
spot_img

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, უახლოეს კვირებში განათლების სამინისტრო ახალგაზრდული ფესტივალის გამართვას გეგმავს, რომელიც 3 თვე გაგრძელდება.

როგორც მან ახალგაზრდული პოლიტიკის ხედვის წარდგენისას აღნიშნა, ფესტივალში საქართველოში არსებული ყველა ავტორიზებული უნივერსიტეტის სტუდენტი ჩაერთვება.

მინისტრის თქმით, ფესტივალი მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: სპორტი (ტურნირები სპორტის სახეობებში), კულტურა (კონკურსი კულტურის სხვადასხვა მიმართულებით), ინტერმედია (თეატრალურ-თემატური კონკურსი უნივერსიტეტებს შორის), მოხალისეობა (მოხალისეობის კონკურსი უნივერსიტეტებს შორის).

„წელს, უახლოეს კვირებში დავიწყებთ მასშტაბურ სტუდენტურ ფესტივალს, რომლის სამიზნე აუდიტორია დაახლოებით 25 000 ათასი სტუდენტი იქნება და გაიშლება მთელი ქვეყნის მასშტაბით, სადაც აბსოლუტურად ყველა ავტორიზებული უნივერსიტეტი ჩაერთვება. ფესტივალის ფარგლებში იქნება: სპორტული მიმართულება, ჩვენ მათ შევთავაზებთ დაახლოებით 10-ზე მეტ სპორტულ სახეობებს, ასევე, კულტურის მიმართულებაც იქნება, სადაც როგორც ქართული ცეკვა, ფოლკლორი, ჰიპ-ჰოპი და სხვა მიმართულებები იქნება. ერთი სიახლე, რაც ნამდვილად ინოვაციურია, ეს არის ინტერმედია, როდესაც უნივერსიტეტებში არსებული თეატრები ერთმანეთს სხვადასხვა კონკურსებში შეეჯიბრებიან. მოხალისეობა, ეს მიმართულება ახალგაზრდებს აძლევს საშუალებას, რომ თავიანთი ინტერესების მიხედვით, სხვადასხვა სოციალური პრობლემების გადაჭრის გზებზე იმსჯელონ და შესაბამისი წინადადებები წარმოადგინონ, რაც ვფიქრობ, მათ თვითრეალიზაციას კიდევ უფრო ფართო შესაძლებლობებს მისცემს. დღევანდელ ახალგაზრდობაში საკმაოდ პოპულარულობით სარგებლობს და ინტერესი იმატებს ინოვაციებზე, ტექნოლოგიებზე, ინჟინერიაზე, მათემატიკაზე, ამიტომ ამ მიმართულების გამოტოვება არ გვინდოდა და ე.წ. STEAM მიმართულების კონკურსიც გვექნება, სადაც შესაბამისი ინტერესის სტუდენტებს და ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, ამ კონკურსებში მონაწილეობა მიიღონ. თითოეული მიმართულება დატვირთული იქნება, სამუსიკო, საკონცერტო, საკლუბო, გასართობი ელემენტებით, როგორც გახსნის ღონისძიებები, ასევე, დამაგვირგვინებელი ღონისძიებები, რომ ამ კონკურსების პარალელურად ასევე, მოხდეს ბავშვებში, რაც შეიძლება მეტი თვითრეალიზაციის პირობების შექმნა.

ეს ფესტივალი დაიწყება უახლოეს კვირებში და გაგრძელდება 3 თვის განმავლობაში, მიმდინარე სემესტრის ბოლომდე და დაახლოებით 25 000 სტუდენტის ჩართულობას ველით“, – განაცხადა ამილახვარმა.