წყალტუბოსა და ხონში ვეტერანებისთვის ოფთალმოლოგიური გამოკვლევები უფასოდ ჩატარდა

13
spot_img

მიმდინარე წლის 6 და 7 აპრილს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკა-საქართველომ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თვალის სნეულებათა დეპარტამენტთან ერთად, წყალტუბოსა და ხონის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, მორიგი, 21-ე უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევები ჩაატარა.

საქველმოქმედო სამედიცინო აქციაში, მონაწილეობა მიიღო კვალიფიციურ მედიკოსთა 12 კაციანმა ჯგუფმა (ოფთალმოლოგები, ენდოკრინოლოგი) მაღალტექნოლოგიური აპარატურით.

საქველმოქმედო აქციით, ორივე მუნიციპალიტეტში, ისარგებლა სამსახურის 230-მა ბენეფიციარმა, რომელთაგან 145 ვეტერანი, ხოლო 85_ვეტერანის ოჯახის წევრი გახლდათ. ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს, უსასყიდლოდ გადაეცათ 432 ოპტიკური სათვალე;

აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ მაიორი, კობა კობალაძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სოციალურ-საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, ვალერიან ძებისაშვილი, უფროსი სპეციალისტი ვაჟა დალაქიშვილი, სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის იმერეთის სამმართველოს უფროსი, გელა ცინაძე და ხონის მუნიციპალიტეტის მერი, ლადო ჯურხაძე.

ღონისძიებების ორგანიზებაში, სამსახურს თანადგომა გაუწია აფხაზეთის, ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონების და აჭარის ა/რ ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელმა, ნათია კოპალიანმა.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ლაიონსების თვალის დიაბეტურ კლინიკა-საქართველოს შორის, პირველად, 2016 წელს გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება.

მემორანდუმის ფარგლებში, ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკა-საქართველომ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დღეის ჩათვლით, 21 საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც, სამსახურის 2248 ბენეფიციარს, უსასყიდლოდ გაეწია კვალიფიციური, ოფთალმოლოგიური მომსახურება; ამასთან, უსასყიდლოდ ჩატარდა სხვადასხვა სახის მიკროქირურგიული ოპერაციებიც და ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს, უფასოდ გადაეცათ 2766 სათვალე;

სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებთან არსებული მემორანდუმების ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, კვლავ ჩატარდება, რომელთა შესახებ, ინფორმაცია, ვეტერანებს, წინასწარ მიეწოდებათ.