წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ფაჩუჩი საბერძნეთიდან საქართველოში ჩამოაბრძანეს

1931
spot_img

ჩოხატაურში, კუნძულ კერკირადან (საბერძნეთი) წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ფაჩუჩი ჩამობრძანდა. აღნიშნულთან დაკავშირებით წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის  საკათედრო ტაძარში წირვა აღევლინა.

არქიმანდრიტ მარკოზ გურგრნიძის განცხადებით, ფაჩუჩი ძალიან დიდი სიწმინდეა.

„დიდი სიწმინდე შემობრძანდა ჩოხატაურში, გურიაში, შემოქმედის ეპარქიაში. ღვთის მადლითა და წყალობით, მეუფე იოსების ლოცვა- კურთხევით, ეპარქიას საბერძნეთიდან ჩამობრძანდა წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სასწაულმოქმედი ე.წ.  ფაჩუჩი. ძალიან დიდი სიწმინდეა.  ეს ფაჩუჩი არ არის ჩვეულებრივი. სასწაულმოქმედება იმაში გამოიხატება, რომ ცვდება. ყოველ წელს უცვლიან წმინდანს ამ ფაჩუჩს. ეს იმიტომ რომ ვინც მას ევედრება, დასახმარებლად მასთან მიდის. ფაჩუჩი ხილული სასწაულია, იმისა როგორ გვევლინებიან წმინდანები, გვეხმარებიან და როგორ გვიადგანან გვერდზე და რა ძალა აქვს ლოცვებს„,- განაცხადა არქიმანდრიტმა.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მინდია ჟღერიას განცხადებით, წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ფაჩუჩი წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის ტაძარში იქნება დაბრძანებული.  სიწმინდე ტაძარს გადაეცა და მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, მოილოცონ.

ინფორმაციისთვის, წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელი დაიბადა კუნძულ კვიპროსზე დაახლოებით 270 წელს. გაიზარდა ღარიბ ოჯახში და ახალგაზრდობაში მწყემსი იყო. მას ჰყავდა მეუღლე და ქალიშვილი ირინე. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ სპირიდონმა მონასტრული გზა აირჩია. ქალიშვილი ირინეც მონაზვნად აღიკვეცა. სპირიდონი ღვთივსათნო ცხოვრებას ეწეოდა და მთელ თავის ქონებას გაჭირვებულ ახლობლებსა და მწირ-ობოლთ ახმარდა. ამისათვის უფალმა მას სასწაულთქმედების ნიჭი მოჰმადლა – იგი უკურნებელ ავადმყოფებს კურნავდა და ეშმაკებს სდევნიდა.

წმინდა სპირიდონმა რომის იმპერატორ გალერიუს მაქსიმიანუსის (Galerius Valerius Maximianus; რომის იმპერატორი იყო 305-311 წწ.) პერიოდში დევნა განიცადა, მაგრამ ხანდაზმულობამდე მიაღწია და მშვიდობით მიიცვალა კვიპროსზე, მშობლიურ ქალაქ ტრიმიფუნტში,  დაახლოებით 80 წლის ასაკში.

წმინდა  სპირიდონ ტრიმიფუნტელის სხეული სასწაულებრივად, უხრწნელად არის შემონახული დღევანდელ დღემდე. თავდაპირველად წმ. სპირიდონი დაკრძალეს ტრიმიფუნტის წმიდა მოციქულთა სახელობის ტაძარში. აქ წმიდანის ნეშტი VII საუკუნემდე განისვენებდა. შემდეგ  არაბების თავდასხმის გამო კონსტანტინოპოლში გადაასვენეს, რომლის დაცემის შემდგომ, 1453 წლის 29 მაისს მღვდელმა გიორგი კალოხერეტმა წმინდანის ნეშტი ჯერ სერბეთში წააბრძანა, ხოლო იქიდან 1460 წელს კუნძულ კორფუზე წაასვენა. 1204 წელს, როდესაც ჯვაროსნებმა კონსტანტინოპოლი აიღეს და დაარბიეს, მათ წმ. სპირიდონის უხრწნელ ნეშტს მარჯვენა ხელი მოჰკვეთეს და რომში გადაასვენეს, სადაც 1984 წლამდე იყო დასვენებული. შემდგომში წმ. სპირიდონის მარჯვენა ისევ კორფუში გადაასვენეს, სადაც იგი დღემდე უხრწნელად ინახება მისსავე სახელზე აგებულ ტაძარში.

წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის უხრწნელმა სხეულმა, რომელიც კუნძულ კერკირის უდიდეს სიწმინდეს წარმოადგენს, მრავალჯერ იხსნა კუნძული სხვადასხვა განსაცდელებისგან. კუნძული კერკირა იყო საბერძნეთში ერთადერთი ტერიტორია, რომელიც თურქებმა ვერ დაიპყრეს. წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სხეული თბილია და მუდმივად 36.6 ტემპერატურას ინარჩუნებს. მისი უხრწნელი სხეული ყოველთვის იწვევდა მართლმადიდებელი და არამართლმადიდებელი ფიზიოლოგების გაოცებასა და აღტაცებას.  წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელს ოქრომკედით ნაქარგ აბრეშუმის ფაჩუჩებს აცმევენ, რომელსაც წელიწადში 3-4-ჯერ უცვლიან, რადგანაც გაცვეთილი ხვდებათ ხოლმე.  წმინდანის ფაჩუჩებს მორწმუნე მრევლში ანაწილებენ.