“წამების და რეკეტის სისტემის დამლაგებელი ადამიანი რეფორმებზე არ უნდა ელაპარაკებოდეს ჩვენს ევროპელ კოლეგებს” – მამუკა მდინარაძე

18
spot_img

ძალიან მძიმე იყო ქართველი კრიმინალის ხილვა უმაღლესი რანგის თანამდებობის პირებთან შეხვედრის დროს, მით უმეტეს, როდესაც ეს ჩვენს ევროპელ კოლეგებს ეხებოდათ, კიდევ უფრო მძიმე იყო რეაქცია, რაც მათ მოაყოლეს ამ ვიზიტის შესახებ ჩვენს რეაქციას, მათი რეაქცია იყო, რომ ეს იყო თითქოს ფეიკი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, ზურაბ ადეიშვილი იყო წამების სისტემის შემქმნელი.

„ნამდვილად არ მოგვჩვენებია, რომ ზურაბ ადეიშვილი, რომელიც იყო წამების, რეკეტის და მსგავსი დანაშაულების ავტორი, სისტემურად დამლაგებელი, ხვდებოდა უმაღლესი თანამდებობის პირებს. ჩვენ ვფიქრობთ, ასეთ მოცემულობებს არ უნდა შევეგუოთ, თვალი გავუსწოროთ სიმართლეს და კოლეგებსაც ვთხოვოთ, თვალი გაუსწორონ სიმართლეს. წამების და რეკეტის სისტემის დამლაგებელი ადამიანი რეფორმებზე არ უნდა ელაპარაკებოდეს ჩვენს ევროპელ კოლეგებს. ძალიან კარგია, რომ ამ საკითხის აქტუალიზაცია, მათ შორის ირაკლი კობახიძის პრემიერობის პერიოდში განსაკუთრებულად მოხდა, რადგან ეს ადამიანი, დღევანდელი პრემიერი, ისევე როგორც სხვები, სამართლიანობის პრინციპთან დაკავშირებით განსაკუთრებულ პოზიციას გამოხატავენ. სამართლიანობა ქვეყნის შიგნით და გარეთ, მეგობრებთან ურთიერთობაშიც ეს არის ჩვენი უპირატესი მოთხოვნა, რადგან არ შეიძლება, კრიმინალები ალაგებდნენ რეფორმებს, გამოდიოდნენ მოდერნიზაციის ავტორებად, თითქოსდა სიმბოლოებად, რადგან არაფერი აზიანებს ევროპის მიმართ აღქმებს ისე, როგორც ეს ფაქტი“, – განაცხადა მდინარაძემ.