“არახამიას განცხადებები აბსოლუტურად აცილებულია უკრაინელი ხალხის და საზოგადოების განწყობებს”

20
spot_img

მინდა გითხრათ, რომ არახამიას განცხადებები აბსოლუტურად აცილებულია უკრაინელი ხალხის და საზოგადოების განწყობებსა და დამოკიდებულებას საქართველოსთან და ქართველებთან,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, არახამია და პოლიტიკოსების ის ჯგუფი, “რომლებიც გამოირჩევიან საქართველოს მიმართ უსამართლო და აგრესიული განცხადებებით, გამოხატავენ ისეთ პოზიციას, რომელიც არც ჩვენი ქვეყნებისა და არც ხალხების მეგობრობას არ შეესაბამება.”

“უკრაინაში ყველას გვყავს კარგი მეგობრები და ნაცნობები. მინდა გითხრათ, რომ არახამიას განცხადებები აბსოლუტურად აცილებულია უკრაინელი ხალხის და საზოგადოების განწყობებსა და დამოკიდებულებას საქართველოსთან და ქართველებთან. საქართველო უკრაინის მხარდასაჭერად რაც შეუძლია ყველაფერს აკეთებს. არახამია და პოლიტიკოსების ის ჯგუფი, რომლებიც გამოირჩევიან საქართველოს მიმართ უსამართლო და აგრესიული განცხადებებით, გამოხატავენ ისეთ პოზიციას, რომელიც არც ჩვენი ქვეყნებისა და არც ხალხების მეგობრობას არ შეესაბამება. რა თქმა უნდა, ახლა როდესაც უკრაინა ძალიან მძიმე ომშია, იცავს თავისუფლებას, სუვერენიტეტსა და საკუთარ ტერიტორიებს, ჩვენ არ ვაპირებთ, უფრო მეტად შევიდეთ ამ საკითხში. პირიქით, გამოვხატავთ კიდევ ერთხელ სოლიდარობასა და მხარდაჭერას უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ.

რაც შეეხება ზურაბ ადეიშვილს, მიხეილ სააკაშვილსა და საქართველოს მიერ სხვა გასამართლებულ დამნაშავეებს, რომელიც რატომღაც ჯერჯერობით უკრაინის საზოგადოებისთვის გაუგებარი ინტერესების გამო, დავით არახამიამ და მისმა მეგობრებმა შეარჩიეს არაერთ საერთაშორისო ფორმატში, არაერთ თანამდებობაზე უკრაინის წარმომადგენლებად, რა შედეგი და სიკეთე უნდა მოუტანონ ამ ადამიანებმა უკრაინას, როდესაც საკუთარ ქვეყანას წლების განმავლობაში მხოლოდ უბედურება, ადამიანის უფლებების დარღვევა და საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციის და ავტორიტეტის უკიდურესი დაზიანება მოუტანეს. დარწმუნებული ვარ, ეს ბევრისთვის უკრაინაში ჯერჯერობით გაუგებარია, მაგრამ ჩვენ კიდევ ერთხელ პირდაპირ ვსვამთ კითხვებს, რა არის ის მოტივაცია და რა ინტერესები დგას ამ გადაწყვეტილებები უკან”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, გუშინ საქართველოს მთავრობამ განცხადება გაავრცელა, სადაც უკრაინას ურთიერთობების მოსაწესრიგებლად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს. მათი თქმით, მნიშვნელოვანი და აუცილებელია, უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს გადასცეს დამნაშავეები, რომლებიც დღეს უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ.

საქართველოს მთავრობის ამ განცხადებას უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატი, ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელი დავით არახამია გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თუ მართლა ურთიერთობების ნორმალიზებაზეა საუბარი, მაშინ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაათავისუფლოს და უკრაინას დაუბრუნოს ყოფილი პრეზიდენტი, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი, შეწყვიტოს რუსეთის ფედერაციასთან პირდაპირი ავიამიმოსვლა და შეწყვიტოს აგრესორის დახმარება სანქციების თავიდან არიდების ნაწილში.