წალენჯიხის საკრებულოში „ქართული ოცნების“ წევრი დავით ბელქანია განცხადებას ავრცელებს

36
spot_img

წალენჯიხის საკრებულოში „ქართული ოცნების“ წევრი დავით ბელქანია აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტის მერი გია ხარჩილავა და მისი მოადგილეები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან, სტიქიის ზონაში არ იმყოფებიან და დაზარალებული მოსახლეობა დახმარების გარეშეა დარჩენილი.

როგორც ბელქანიამ „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სტიქიამ მოსახლეობა მნიშვნელოვნად დააზარალა, თუმცა მერი ხარჩილავა მათთან ამ დრომდე არ გამოჩენილა, რის გამოც მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოთქვამს.

გავრცელებული ინფორმაციით, მერიის მოადგილეები თბილისში იმყოფებიან. მერს კი ტელეფონი გამორთული აქვს და ვერ უკავშირდებიან. ამასთან, „ქრონიკას“ მერიის დაცვის სამსახურის წარმომადგენელმა უთხრა, რომ გია ხარჩილავა სამუშაო საათებში მერიის შენობაში იმყოფებოდა, თუმცა ახლა სად არის ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მთელი დღეა გადაუღებლად წვიმს და არის ძლიერი ქარი. სტიქიამ საცხოვრებელ სახლებს სახურავი გადახადა, წააქცია ელექტროგადამცემი ბოძები. გათიშულია ელექტროენერგია. მოსახლეობას გაუნადგურდა ინფრასტრუქტურა და საყოფაცხოვრებო ნივთები.