“თურქმენეთის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს საუბარი გვქონდა ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე, განსაკუთრებით შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივებზე”

13
spot_img

თურქმენეთის პრეზიდენტთან, სერდარ ბერდიმუჰამედოვთან შეხვედრის დროს საუბარი გვქონდა ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე, განსაკუთრებით შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივებზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თურქმენეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, შეხვედრაზე კულტურულ თანამშრომლობაზეც ისაუბრეს.

„საუბარი გვქონდა ასევე ქვეყნებს შორის პირდაპირი ავიარეისის დანიშვნის მნიშვნელობაზე, რათა წახალისდეს ურთიერთობები როგორც სახელმწიფოებს, ასევე ხალხებს შორის, განვითარდეს ტურიზმი. საუბარი იყო ასევე იმ კულტურულ თანამშრომლობაზე, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს. მადლობა გადავუხადე თურქმენეთის პრეზიდენტს გადაწყვეტილებისთვის, რომ აშხაბადში დაიდგას შოთა რუსთაველის ძეგლი. ეს არის დიდი პატივისცემის ჟესტი ქართული კულტურისა და ისტორიის მიმართ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

თურქმენეთის პრეზიდენტთან შეხვედრა ცენტრალური აზიის რეგიონში შალვა პაპუაშვილისა და საპარლამენტო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, შედიან: ყაზახეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე კახა კახიშვილი; თურქმენეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი; უზბეკეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბაია კვიციანი; საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი ანტონ ობოლაშვილი; აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრი სოზარ სუბარი.