“თუკი საქართველოსთან დაკავშირებით არასამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, საქმე გვექნება ხელისკვრასთან რუსეთის მიმართულებით”-მდინარაძე

157
spot_img

რუსეთს ეს ქვეყანა არ უნდა შეატოვო. თუ წარმატებულია, თუ კრიტერიუმებით პირველ ადგილზეა, თუ უფრო პოზიტიური რეფორმები აქვს, უფრო მაღალი დემოკრატიის ხარისხი აქვს, მაშინ როგორ შეიძლება საქართველოს მიტოვება? – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელის საქართველოში ვიზიტი შეაფასა.

„ჩემი გადასახედიდან, ჯოზეფ ბორელმა მკაცრად შეაფასა იმპიჩმენტის საკითხი. პოზიტიური გზავნილებიც იყო, მაგრამ იყო ნეგატიურიც. პირადად მე მენიშნა ერთი შედარება: როდესაც სტუდენტი პროფესორს აბრალებს თავის წარუმატებლობას. არ მგონია ჩვენი ევროპელი მეგობარი ქვეყნების დემოკრატიის ხარისხი ისე განსხვავდებოდეს, როგორც რომელიმე პროფესორის და სტუდენტის ცოდნა.

არის შემთხვევები, როდესაც პროფესორები სტუდენტებს არასამართლიანად უწერენ დაბალ ქულას. ხომ არ გვაქვს ასეთ მოვლენასთან საქმე, მით უმეტეს ისეთ პირობებში, როდესაც სტუდენტი სხვაზე გაცილებით წარჩინებულია, მომზადებულია, მაშინ რატომ იჩაგრება ის სხვასთან შედარებით?

თავად ევროკავშირის გამოქვეყნებული კრიტერიუმებით ჩვენ ვართ მოწინავეები, წარჩინებულები და რატომღაც ისე ხდება, რომ პროფესორი სტუდენტის კურსზე ჩატოვებას ცდილობს.

თუკი სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება, მაშინ საქართველო უპირობოდ მიიღებს კანდიდატის სტატუსს. თუკი არასამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მაშინ საქმე გვექნება ხელისკვრასთან რუსეთის მიმართულებით. რუსეთს ეს ქვეყანა არ უნდა შეატოვო. თუ წარმატებულია, თუ კრიტერიუმებით პირველ ადგილზეა, თუ უფრო პოზიტიური რეფორმები აქვს, უფრო მაღალი დემოკრატიის ხარისხი აქვს, მაშინ როგორ შეიძლება საქართველოს მიტოვება?“,- განაცხადა მდინარაძემ.