“თუ „ოცნებას“ სიმართლის არ ეშინია, ხელს რატომ უშლის ოპოზიციას, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია?!”

107
spot_img

თუ „ქართულ ოცნებას“ სიმართლის დადგენის არ ეშინია, ხელს რატომ უშლის ოპოზიციას, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია?! ამაზე პასუხი არ მომისმენია, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა სასამართლო სისტემის შესახებ პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე.

დეპუტატის თქმით, დღესაც მოლოდინი აქვს იმისა, რომ უმრავლესობა კვლავ მიმართავს პროცედურული ომის მეთოდებს, როცა კვორუმის არარსებობამ კენჭისყრა შეუძლებელი გახადოს ან დაელოდოს მომენტს და კენჭისყრა მოულოდნელად ჩაატაროს, როცა ოპოზიცია დარბაზში სრული შემადგენლობით არ არის.

„ამიტომ, ჩვენი პასუხი ამაზე არის მკაფიო, მობილიზებული ვიქნებით მთელი დღის მანძილზე, რომ „ქართულ ოცნებას“ საშუალება არ მივცეთ ჩაშალოს პროცესი, „კლანს“ კიდევ ერთხელ დაუდასტუროს და ხელშეუხებლობა შეუქმნას, რაც გუშინ გამოაცხადა“ – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

მისი თქმით, არსებობს ძალიან ბევრი კვლევა, სადაც საუბარია იმაზე, რომ მოსახლეობის უმრავლესობა სასამართლოს არ ენდობა და თვლის,რომ ის არის სახელისუფლებო გავლენის ქვეშ. გარდა ამისა, მისი თქმით, უმნიშვნელოვანესია 12 პუნქტი, სადაც ერთ-ერთ მთავარ პუნქტად ჩაწერილია ის, რომ სასამართლო სისტემას ფუნდამენტური რეფორმები სჭირდება.

„გარდა ამისა, სანქციები, რაც არის ძალიან მძიმე პოლიტიკური გადაწყვეტილება, დასტურია იმისა, რომ სასამართლოში არსებობს „კლანი“ და სახელმწიფოს ადეკვატური რეაგირება უნდა ჰქონდეს. ამის ნაცვლად ვნახეთ ის, რომ მთელი „ქართული ოცნება“ გადაეფარა „კლანს“. ოპოზიცია, რომელიც ცდილობს შეიქმნას საგამოძიებო კომისია არამხოლოდ რომელიმე მოსამართლეზე, არამედ მთლიანად სასამართლო სისტემაზე, მათ შორის 2012 წლამდე არსებულ ვითარებაზე, „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ხელი შეუშალოს კომისიის შექმნას“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.