„ქართულ საზოგადოებას ავტორიტარები არ მოსწონს“ – ინტერვიუ დენიელ ფრიდთან

168
spot_img

აშშ-ის რადიოსადგურის „ამერიკის ხმის“ (Voice of America) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია ვრცელი ინტერვიუ დენიელ ფრიდთან – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილ თანამშრომელთან, სათაურით „ქართულ საზოგადოებას ავტორიტარები არ მოსწონს“.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

„მთავარი ის კი არაა, რას იტყვის ამერიკა ან ევროკავშირი, არამედ ის, თუ რას აკეთებს საქართველო“, – ამბობს დენიელ ფრიდი, ამერიკის ყველაზე ხანგრძლივი კარიერის მქონე დიპლომატი. სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების პოლიტიკის ყოფილ კოორდინატორი შეერთებული შტატების მიერ მართლმსაჯულების სისტემის ოთხი წარმომადგენლის მიმართ სავიზო აკრძალვის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ეს ამერიკის მხრიდან არის გაფრთხილება და იმედი, რომ საქართველოს მთავრობას ჯერ კიდევ შეუძლია კურსის შეცვლა. დენიელ ფრიდი ამბობს, რომ ამგვარ გადაწყვეტილებებს სახელმწიფო დეპარტამენტი მარტივად და უსაფუძვლოდ არ იღებს, და საქართველომ პატივი უნდა სცეს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვის თაობაზე თავისივე მიერ აღებულ ვალდებულებებს.
– ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო აკრძალვა დაუწესა ქართული მართლმსაჯულების სისტემის მოქმედ და ყოფილ მოსამართლეებს. მათ მნიშვნელოვან კორუფციაში ადანაშაულებენ. თუმცა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შეკითხვა, რომელიც ისმება, თავად ამ შეზღუდვების რაობას შეეხება. არის თუ არა ეს სანქციები და რატომ?

– ტექნიკური კუთხით, ეს მხოლოდ სამოგზაურო შეზღუდვაა. ასეთი სამოგზაურო შეზღუდვა სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ხშირად გამოიყენება როგორც გამაფრთხილებელი ნიშანი. ეს არაა სანქცია იმ გაგებით, რომ ამ ოთხ პირს არ აქვს ქონება გაყინული, ამერიკელებს არ ეკრძალებათ მათთან ბიზნეს-ურთიერთობა. ეს არაა ფინანსური სანქცია. მაგრამ ესაა საჯაროდ გამოცხადებული სავიზო აკრძალვა და სიგნალი იმის შესახებ, რომ ამერიკა შეშფოთებულია ზოგადად ქართული დემოკრატიის მდგომარეობით და შესაძლებელია, რომ ამას დამატებითი ნაბიჯები მოჰყვეს. არ ვიცი რა იქნება ეს, მაგრამ ეს იმაზეა დამოკიდებული, რას გააკეთებს საქართველო.

– აგვიხსენით, მართებულია თუ რა ის, რომ ამ შეზღუდვა-აკრძალვას სანქციებს ვუწოდებთ?

– გააჩნია, რამდენად ტექნიკურად გინდათ, რომ განსაზღვროთ ეს საკითხი. ეს არაა ფინანსური სანქცია. მაგრამ ტერმინი სანქცია, თავისი ფართო განმარტებით, შეიძლება მოიცავდეს სწორედ ასეთ სავიზო შეზღუდვასაც. ეს არაა ისეთი ყოვლისმომცველი, სრულმასშტაბიანი დამბლოკავი ფინანსური სანქცია, რომელსაც ამერიკის ხაზინა გამოსცემს ამერიკის მთავრობისთვის. მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც გარკვეული ტიპის სანქციაა. რა გინდათ ამას დაარქვათ, ეს თქვენზეა დამოკიდებული. მაგრამ ტექნიკურად შეცდომა არაა, რომ ამას სანქცია ვუწოდოთ.

– სანამ უშუალოდ საქართველოს შემთხვევაზე ვისაუბრებთ, როგორც ადამიანმა, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტში სანქციების პოლიტიკის შემუშავებაში უშუალოდ იყავით ჩართული, აგვიხსენით, როგორ მიიღება ამგვარი გადაწყვეტილებები?

– გადაწყვეტილება სავიზო აკრძალვის შესახებ ქართველი ან ნებისმიერი სხვა ოფიციალური პირის წინააღმდეგ, მოითხოვს მაღალი რანგის, სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პირის განსაზღვრებას. თითქმის დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს იქნებოდა კოორდინირებული ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს თანამშრომლებთანაც, სავარაუდოდ ხაზინასთანაც, არა იმიტომ, რომ ეს ფინანსური სანქციაა, არამედ იმიტომ, რომ ხაზინამ უნდა იცოდეს, რას აპირებს სახელმწიფო დეპარტამენტი ამასთან დაკავშირებით.

სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორი ჯიმ ო’ბრაიენი, რომელიც იქნებოდა ამ პროცესში ჩართული, მჭიდროდ თანამშრომლობს ხაზინასთან. სახელმწიფო დეპარტამენტში ეს იქნებოდა დადასტურებული ძალიან მაღალ დონეზე. იქნება ეს სახელმწიფო მდივანი, მისი პირველი თუ მეორე მოადგილე, ვიქტორია ნულანდი. არ შემიძლია ზუსტად გითხრათ, მაგრამ ამ თემაზე იქნებოდა მაღალი რანგის დისკუსიები. ცხადია მასში ჩართული იქნებოდა ამერიკის საელჩოც. ასე რომ, იქნებოდა მიდგომა, როცა ბევრი რამაა გათვალისწინებული და წინასწარ განსაზღვრული.
საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლასთან დაკავშირებით შეშფოთება მოგვისმენია, როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის ტრიბუნიდან, ისე -კაპიტოლიუმიდანაც, და უფრო ხშირად – ექსპერტული წრეებიდან. ოფიციალური პირების თუ ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციების დაწესების საკითხი ბოლო თვეების განმავლობაში ამერიკის დედაქალაქში არაერთხელ განიხილებოდა. ყოფილ დიპლომატთა ნაწილი ვიწრო, მიზანმიმართული სანქციების და ძალიან მკაფიო გზავნილის მომხრე იყო, ნაწილი კი ამბობდა, რომ „ამერიკა მეგობრებს სანქციების ენით არ უნდა ესაუბროს“. თქვენ რა პოზიცია გაქვთ ამ დისკუსიაში? და როგორ ფიქრობთ, რატომ დაინახა დეპარტამენტმა ახლა ამ ზომების საჭიროება?

არ მინდა ამ საქმის კონკრეტულ დეტალებზე საუბარი, მაგრამ….ზოგადად, საქართველოში კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული მმართველობის თაობაზე შეშფოთება, იზრდებოდა. საქართველოს მეგობრები შეშფოთებულნი არიან მთავრობის მიერ არჩეული მიმართულებით. არ გჭირდებათ ჩემი შეხსენება იმის შესახებ, რომ იყო გამოყენებული ძალა დემონსტრანტების წინააღმდეგ; ხდებოდა ინდივიდების შევიწროება; ბოლო კანონი, რომელიც უკან გაიწვიეს – ე.წ. „უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ“ კანონი, რომელიც რუსულ კანონებს იმეორებდა.

ეს ყველაფერი მიუთითებდა, რომ საქართველოს მთავრობა მიემართებოდა ავტორიტარული მიმართულებით. ეს შეშფოთება გარკვეული ხნის განმავლობაში იზრდებოდა.

თქვენ გყავთ მეგობრების ერთგული ჯგუფი, ვინც საქართველოს სულ მხარს უჭერდა და მისთვის საუკეთესო რამ სურს. მათი შეშფოთება საქართველოს დემოკრატიის შესახებ იზრდებოდა. ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობისთვის იყო კიდეც გარკვეული გაფრთხილებები კონფიდენციალურად მიცემული იმის შესახებ, რომ მათ შეემცირებინათ ტემპი ან შეეცვალათ კურსი იმ მიმართულებით, რომლისკენაც მიდიან. ვიმედოვნებ, რომ საქართველოს მთავრობა ამას ახლა მაინც მიიღებს სერიოზულად.

– პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი მოსამართლეებს შეხვდა და თქვა, რომ მათ სრულად უჭერს მხარს. დახურული შეხვედრის შემდეგ მან ისიც თქვა, რომ მისთვის ცნობილი გახდა „შემაშფოთებელი ინფორმაცია კონკრეტული წნეხისა და მიუღებელი ჩარევის შესახებ“. მოსამართლეებისგან ვიცით, რომ ეს ამერიკის საელჩოს მიემართება. როგორ ფიქრობთ, რას ნიშნავს ამგვარი განცხადებები და ასეთი რეაგირება საქართველოს მთავრობის მხრიდან ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობისთვის?

– ამერიკისა და საქართველოს პარტნიორობა ეფუძნება დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის თაობაზე საზიარო, ან სავარაუდოდ საზიარო ღირებულებებს. ამის შედეგად ამერიკა უკვე ბევრი წელია მხარს უჭერდა საქართველოს მისწრაფებებს რომ ის ინსტიტუციურად უფრო დაუახლოვდეს ევროპასა და ტრანს-ატლანტიკურ საზოგადოებას. საქართველოს ეს მოძრაობა ეფუძნება საქართველოს შიგნით დემოკრატიულ გარდაქმნას და კანონის უზენაესობას. ქართული საზოგადოება გამუდმებით, ბევრი წლის განმავლობაში აჩვენებს, რომ ის კანონის უზენაესობასა და დემოკრატიას სერიოზულად ეკიდება.

მე მახსოვს, რომ სააკაშვილის მთავრობის მხარდაჭერის კლება მაშინ დაიწყო, როცა მან დემონსტრანტებთან ძალადობრივად გასწორება დაიწყო 2007 წლიდან და შემდეგ არჩევნებში დამარცხდა დიდწილად სწორედ სამართალდამცავების მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შესახებ არსებული სკანდალის გამო. ქართულ საზოგადოებას არ მოსწონს ავტორიტარები. „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში სწორედ იმიტომ, რომ ამის თაობაზე მოქმედების პირობას დებდა. ახლა კი „ქართული ოცნების“ მიერ მართული მთავრობა, როგორც ჩანს, მიემართება იგივე ავტორიტარული მიმართულებით, დაშინებისა და ზოგჯერ ძალის გამოყენებით საზოგადოების წინააღმდეგ. ქართულმა საზოგადოებამ რეაქცია გამოხატა.

ვფიქრობ, ამერიკის მხრიდან ჩარევაზე საუბარი ავტორიტარების თამაშის წესების სახელმძღვანელოს სტანდარტული ნაწილია. ასეთი არგუმენტი ჩემზე შთაბეჭდილებას ვერ ახდენს. არ მგონია, რომ ვინმეზე ახდენდეს, მათ შორის არც ბევრ ქართველზე. ჩვენ, ამერიკელებს, საქართველოს მეგობრებს გვაწუხებს საქართველოს მიმართულება. ეს არ ნიშნავს, რომ პოლიტიკური ოპოზიცია უცოდველია. ძალიან ბევრი პრობლემაა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივაც. კითხვები არსებობს იმაზეც, რაც BBC-მ დაწერა, რომ მათი ერთ-ერთი დამფუძნებელი, შესაძლოა უსიამოვნო სქემებში იყოს ჩართული.

ამერიკის შეერთებული შტატები ნამდვილად არ უზის რომელიმე ქართულ პოლიტიკურ პარტიას ჯიბეში.
ჩვენ, ამერიკელები, საქართველოს მეგობრები მთავრობაში და მთავრობის გარეთ, სერიოზულად ვსაუბრობთ, როცა ვამბობთ, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს დემოკრატიას და კანონის უზენაესობას, ჩვენ არ ვართ პოლიტიკურად მიკერძოებული ან რომელიმე პარტიის მხარეს. ჩვენ ვართ იმ მხარეს, საითაც, ვფიქრობ, საზოგადოების უდიდესი ნაწილი დგას – დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, უკეთესი ცხოვრებისა და დამოუკიდებლობის მხარეს, მათ შორის მოსკოვისგან დამოუკიდებლობისაც.

– მმართველი გუნდის წევრების პასუხებში რამდენჯერმე გაიჟღერა სიტყვა „სუვერენიტეტმა“ – რომ საქართველო სუვერენული ქვეყანაა და მის საქმეებში არავინ უნდა ჩაერიოს, მათ შორის არც მეგობრები და პარტნიორები. რას ფიქრობთ ამ განცხადებებზე, ამ რეაქციაზე მთავრობის მხრიდან? რამდენად შეესაბამება ეს პარტნიორი ქვეყნის შეფასებებს ან პასუხს, რეაქციას?

– დიახ… საქართველო სუვერენული ქვეყანაა, ნამდვილად ასეა. ასეთივე ქვეყანაა ამერიკის შეერთებული შტატებიც. ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას ჩვენი მსჯელობის შესაბამისად იმის თაობაზე, თუ რა ხდება საქართველოში.

საქართველომ, როგორც სუვერენულმა ქვეყანამ აიღო გარკვეული ვალდებულებები. მათ შორის დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანთა უფლებების პატივისცემის თაობაზე. ამიტომ, სწორედ როგორც სუვერენული ქვეყანა, ამერიკის შეერთებული შტატები დააკვირდება, როგორ ასრულებს საქართველო ამ ვალდებულებებს. არგუმენტი, რომ ჩვენ სუვერენული ქვეყანა ვართ და შეგვიძლია ვცემოთ ყველა, ვინც მოგვესურვება, არ ახდენს ჩემზე [კარგ] შთაბეჭდილებას. საქართველომ, როგორც სუვერენულმა ქვეყანამ აიღო ვალდებულებები, და ჩვენ ვთხოვთ მას, დაიცვას ისინი.

– საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ამ ყველაფერში ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ ქვეყნის იმიჯი ილახება და ამ გადაწყვეტილების შემდეგ, შესაძლოა კიდევ უფრო გართულდეს ევროკავშირისგან წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება. როგორ გგონიათ, როგორ აისახება საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე ის, რომ ქართული მართლმსაჯულების მაღალი რანგის მოსამართლეების წინააღმდეგ ეს შეზღუდვებია დაწესებული?

– პრობლემა ის კი არაა, რას იტყვის ამერიკა ან ევროკავშირი, პრობლემა ისაა, რას აკეთებს საქართველო. ესაა საკითხი. საქართველოს აქვს შესაძლებლობა, განსაზღვროს თავისი საკუთარი კურსი, მიმართულება. მაგრამ შეიძლება ეს ვერ შეძლოს, თუკი პუტინი მოახერხებს საქართველოს დაშინებას ან მისი სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრას, რაც თითქმის დანამდვილებით არის პუტინის მიზანი. როგორც ეს იყო 2008 წელს. მაშინ, საქართველოს აღარ შეეძლება გადაწყვიტოს, განსაზღვროს საკუთარი ბედი, მაგრამ მას ეს ჯერ კიდევ შეუძლია.

ქართველებმა ნაკლები უნდა იფიქრონ იმაზე, რას აკეთებს ამერიკა და ევროპა ან რა შეიძლება რომ გააკეთონ მათ. ქართველმა ხალხმა უნდა დაიწყოს მეტი ფიქრი იმაზე, რაც მას სურს, რომ გააკეთოს საკუთარი თავისთვის, საკუთარი მიზნებით. საქართველო როგორც სუვერენული ქვეყანა, ამბობს, რომ მას სურს დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ევროკავშირში შესვლა. თუკი ესაა ის, რაც მას სურს, მაშინ იმოქმედეთ: გადადგით ნაბიჯები, რომლებიც ამისთვის საჭიროა. საქართველო მიდის ისეთი მიმართულებით, რაც დასავლეთში მის მეგობრებს დიდ საფიქრალსა და დიდ შეშფოთებას უჩენს. მაგრამ მას აქვს შესაძლებლობა, რომ განსაზღვროს სხვა მიმართულება და ჩვენ გვენდომებოდა, რომ მან ეს გააკეთოს.

– თქვენ არაერთხელ ახსენეთ რუსეთი და ბოლო დროის განმავლობაში გადადგმული ესა თუ ის ნაბიჯი. უკრაინაში რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან არ წყდება საუბარი იმის შესახებ, თითქოს უკრაინის დახმარებისკენ მოწოდებები ე.წ. „მეორე ფრონტის“ გახსნის მცდელობაა, და რომ დასავლეთს საქართველოს „ომში ჩათრევა“ სურს. როგორ შეესაბამება ეს განცხადებები საქართველოს მისწრაფებებს და როგორ შეიძლება ამან იმოქმედოს მის ინტეგრაციაზე?

– რა თქმა უნდა, საქართველოს აშფოთებს პუტინის ომი უკრაინის წინააღმდეგ. ცხადია, საქართველოს არ სურს, გახდეს რუსეთის მხრიდან იგივე ტიპის თავდასხმის სამიზნე. რა თქმა უნდა, საქართველო მართალია, რომ ეს აწუხებს. მაგრამ იმის დაშვება, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობს საქართველოს ამ ომისკენ უბიძგოს, სრული, აბსოლუტური ნონსენსია. ვფიქრობ, ხალხმა საქართველოს მთავრობაში ეს ძალიან კარგად იცის. ამერიკას ძალიან კარგად ესმის საქართველოს სისუსტე.

მე ის მაოცებს, რომ საქართველოს მთავრობის ზოგიერთი განცხადება მიზნად ისახავს მოსკოვის სიამოვნებას, მაგრამ რასაც ისინი სინამდვილეში აკეთებენ, ისაა, რომ ავლენენ სისუსტესა და შიშს, რაც საქართველოს არ ხდის უფრო უსაფრთხოს. ის პირიქით, უფრო მოწყვლადს ხდის მას. მე არ ვამბობ, რომ საქართველოს კონფრონტაციული პოზიცია უნდა ჰქონდეს მოსკოვის მიმართ. სრულებით არა. მე მესმის საქართველოს სურვილი, იყოს ფრთხილად. ცხადია, გეოგრაფია არ არის ხელშემწყობი, მისი ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია.

მაგრამ შესაძლებელია უკეთესი გზის პოვნა იმისთვის, რომ გამოხატონ ეს ფრთხილი პოლიტიკა ისე, რომ ეს არ გამოიყურებოდეს, როგორც მოსკოვისთვის თავის დახრა.

– რა გზავნილი შეიძლება იყოს სახელმწიფო დეპარტამენტის ეს გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილისთვის?

– მან უნდა გადაწყვიტოს, როგორ იმოქმედებს საქართველოზე მისი გავლენა, რა მიმართულებით წაიყვანს მას. ის არ უნდა უყურებდეს ცინიკურად ან „მრუდე სარკიდან“ ამერიკის შეერთებულ შტატებს. ჩვენ სერიოზულად ვეკიდებით საქართველოს დემოკრატიის მხარდაჭერის საკითხს. არა იმიტომ, რომ ცინიკურები ვართ, არამედ იმიტომ, რომ დემოკრატიულ საქართველოს მეტი შანსი აქვს, იყოს წარმატებული და სწორედ ეს არის ამერიკის ინტერესებში.
ასე რომ, იმედი მაქვს, ბატონი ივანიშვილი სერიოზულად მიუდგება იმას, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები ამბობს, რადგან რასაც ჩვენ ვამბობთ და ვგულისხმობთ საქართველოს შემთხვევაში, არის ნამდვილად ერთი და იგივე რამ. ჩვენ არ გვაქვს ფარული დღის წესრიგი. ჩვენი დღის წესრიგი ძალიან ნათელია. ამერიკის ინტერესებშია ის, რომ საქართველოს დემოკრატია გაღრმავდეს და საქართველოს ინსტიტუტები გაძლიერდეს. ამის საფუძველზე საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი ევროკავშირისგან და ჰქონდეს პროგრესი ამ მიმართულებით. ესაა ის, რაც ჩვენ გვინდა, ესაა ჩვენს ინტერესებში. ჩვენ არ გვაქვს ფარული დღის წესრიგი.

ჩვენ არ ვცდილობთ საქართველოს გამოყენებას რუსეთის წინააღმდეგ. ეს სასაცილოა. ჩვენ ვგულისხმობთ იმას, რასაც ვამბობთ, და ვიმედოვნებ, რომ ქართველებს, რომელ პოლიტიკურ სპექტრსაც არ უნდა მიეკუთვნებოდნენ ისინი, ეს ესმით.

– თქვენს პირველ კომენტარში „ამერიკის ხმასთან“ ამ სავიზო აკრძალვებთან დაკავშირებით თქვით, რომ ეს იმაზეც მიუთითებს, რომ. შეერთებული შტატები მზადაა შემდეგი, საჭირო ნაბიჯების გადასადგმელად. რა შეიძლება იყოს შემდეგი? როგორ შეიძლება წარიმართოს ეს პროცესები? და რა შემდეგი ნაბიჯების ნახვა გსურთ საქართველოს მთავრობისა და პოლიტიკური სპექტრისთვის?

– არ მინდა სპეკულირება იმით, თუ რა შეიძლება იყოს შეერთებული შტატების შემდეგი ნაბიჯები. ვფიქრობ, რომ სავიზო აკრძალვა ამ ოთხი ოფიციალური პირისთვის არის ნიშანი, რომ ამერიკა არის მზად, გააკეთოს მეტი, თუკი საჭირო გახდება. მაგრამ არ მგონია, რომ ამერიკას სურს მეტის გაკეთება. ბევრი იქნება დამოკიდებული იმაზე, რას გააკეთებს საქართველო. მე მესმის, რომ საქართველოს მთავრობას ჰქონდა კონკრეტული რეაქცია. ეს უკვე მოხდა. მაგრამ შეკითხვა ისაა, რას გააკეთებს ის ამ წუთის შემდეგ. ვიმედოვნებთ, რომ ისინი ამას სერიოზულად მიუდგებიან, მიუხედავად საჯარო პოზიციონირებისა.

ქართული პოლიტიკა პოლარიზებულია, ვხედავთ დანაწევრებასა და ბრაზს. ეს არაა სრულად მთავრობის ბრალი, მაგრამ ძალაუფლება მთავრობას აქვს და შესაბამისად აქვს პასუხისმგებლობაც. ვიმედოვნებდი, რომ მთავრობა გადადგამს ნაბიჯებს იმისთვის, რომ დაწიოს ტემპერატურა. ეს არ იქნება ადვილი და არ იქნება მთელი ოპოზიციის მხრიდან მიღებული ისე, როგორც კეთილი ნების ჟესტი, მაგრამ მაინც მთავრობაა ის, ვისაც აქვს ძალაუფლება.

მათ უნდა დაწიონ ტემპერატურა. სცადონ, რომ აიცილონ თავიდან ის დამატებითი ნაბიჯები, რომლებიც მეტ პრობლემას გამოიწვევს საქართველოს მეგობრებთან. არ იმოქმედონ ისე, თითქოს მათ ეშინიათ პუტინის. არ ვამბობ, რომ საქართველომ რუსეთთან კონფრონტაცია უნდა დაიწყოს, არა. ის რთულ პოზიციაშია, მაგრამ მოსკოვის შიში და დასავლეთის მიმართ აგრესია არ დაეხმარება საქართველოს. ვიმედოვნებ, რომ მთავრობა დაიწყებს საპირისპირო მიმართულებით მოძრაობას.

წყარო