თინა ხიდაშელის და სხვა პირების მცდელობები, გააფუჭონ ჩინეთთან არსებული უმნიშვნელოვანესი ურთიერთობები, წარუმატებელი იქნება -დავით მათიკაშვილი

29
spot_img

“თინა ხიდაშელის და სხვა პირების მცდელობები, გააფუჭონ ჩინეთთან არსებული უმნიშვნელოვანესი ურთიერთობები, წარუმატებელი იქნება და ფიასკოთი დასრულდება”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, თინა ხიდაშელის ანტიჩინური კი არა, არამედ ანტიქართული პროპაგანდა ფინანსდება ტაივანიდან – თვითგამოცხადებული ე.წ. ქვეყნიდან, რომელსაც არავინ აღიარებს.

„ეს თემა იმდენად მნიშვნელოვანია, რამდენადაც ის ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორს და სტრატეგიულ განვითარებას ეხება. ძალიან კარგად იცის საზოგადოებამ, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს შუა დერეფანს ეკონომიკური აქტივობისთვის და რა მართლაც რადიკალურად დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოსა და ჩინეთს შორის ძალიან მაღალ ზღურბლზე არსებულ ურთიერთობას. ოპოზიციურად განწყობილი პირების მხრიდან ამ პოზიტიური და წარმატებული სვლის შეფერხებისთვის შეგნებულად გარკვეული ნაბიჯები იდგმება. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ თინა ხიდაშელი ცოდნის კუთხით იმდენად სიბნელეში არის, რომ ვერ ხვდებოდეს, რას ნიშნავს ტაივანის მხრიდან დაფინანსებული ორგანიზაციის მიერ ან ზოგადად ტაივანის ფინანსირებით საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების გაფუჭების მცდელობა. ეს მცდელობა წარუმატებელი და ძალიან უსუსურია, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ როგორც კი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების, პოლიტიკური წინსვლის და სხვა მიმართულებით ხელშესახები პროგრესი წარმოიქმნება, აუცილებლად ჩნდებიან გვერდიდან პირები, რომლებიც ცდილობენ, ამას ხელი შეუშალონ. თინა ხიდაშელის ანტიჩინური კი არა, არამედ ანტიქართული პროპაგანდა ფინანსდება ტაივანიდან – თვითგამოცხადებული ე.წ. ქვეყნიდან, რომელსაც არავინ აღიარებს. ჩინეთს აქვს თავისი პოლიტიკური მიზნები და ძალიან გასაგები მოცემულობა, მით უმეტეს ჩვენთვის, როდესაც ორი ოკუპირებული ტერიტორია გვაქვს. ისინი აცხადებენ, თითქოს, გამჭვირვალეა ყველაფერი და ტაივანიდან რომ ფინანსდება, ეს ჩვენ დავინახეთ – მაგრამ რამდენით და როგორ ფინანსდება, ეს არსად ჩანს. ხიდაშელის და სხვა პირების მცდელობები, გააფუჭონ ეს უმნიშვნელოვანესი ურთიერთობები, წარუმატებელი იქნება და ფიასკოთი დასრულდება“, – აღნიშნა მათიკაშვილმა “იმედის” ეთერში საუბრისას.

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, ჩინეთ-საქართველოს ეკონომიკურ ურთიერთობასა და ჩინური ინვესტიციების ჩვენს ქვეყანაში შემოდინებაზე სიმართლეს ყველაზე უკეთ საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ წლების განმავლობაში გამოქვეყნებულ ოფიციალური სტატისტიკა ასახავს,  სადაც, მისივე თქმით, სრულიად ერთმნიშვნელოვნად ჩანს ხელისუფლების სრული ფიასკო ჩინური ინვესტიციების მოზიდვის გზაზე, განსაკუთებით მაშინ, როდესაც დიდ ინტერესსა და „უსაზღვროდ გაღრმავებულ“ ურთიერთობებზე საუბრობენ.