“ბოლო 3-4 წელია თანაბრად, ყველა ქვეყანა უკვე საუბრობს რუსულ და ჩინეთის საფრთხეებზე არჩევნებში ჩარევის თვალსაზრისით”

17
spot_img

ბოლო 3-4 წელია თანაბრად, ყველა ქვეყანა უკვე საუბრობს რუსულ და ჩინეთის საფრთხეებზე არჩევნებში ჩარევის თვალსაზრისით – ნებისმიერი სენტენციები, დემაგოგია მიმართული იმისკენ, რომ ტოლობის ნიშანი დაისვას მეგობრებს, ვირტუალურ და ნამდვილ პარტნიორებს შორის, დამაზიანებელია, – ამის შესახებ ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარე თინა ხიდაშელმა „რონდელის უსაფრთხოების კონფერენციის“ ფარგლებში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, როდესაც ყველას თვალი აეხილა უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ „რუსეთი ისეთი დიდი მტერი აღარაა და ისეთი დიდი საფრთხეები აღარ მოდის მისგან და ეს ცოტა არაადეკვატურია“.

“დღეს სამყარო იმდენად ტურბულენტურია, რომ მცირე სახელმწიფოებს უზარმაზარი გამოწვევები აქვთ, მითუმეტეს თუ ქვეყანას ტერიტორიები ოკუპირებული აქვს, ეს საფრთხეები კიდევ უფრო იზრდება. მთავარი, რასაც ჩვენნაირი ქვეყნები უნდა ეძებდნენ, ეს არის რეალური დამცავი ფარი, რომელიც დასაწყისისთვის მინიმუმ შეაჩერებს, დააფიქრებს მტერს, სანამ მორიგ ჯერზე გამოილაშქრებს შენს წინააღმდეგ. ასეთი ფარი საქართველოსთვის მხოლოდ ნატო-ში შეგვიძლია ვეძებოთ. მეორე მხრივ, თუ ორმხრივ ურთიერთობებზეა საუბარი, ამერიკასთან სტრატეგიულ პარტნიორობაში, რაც ამ 35 წლის განმავლობაში ვისწავლეთ ესაა, რომ სხვა ერთგული მეგობარი, რომელიც საქართველოში ომს გააჩერებს, რეალურად დაგეხმარება, რეალურად დაგიცავს, არ გვყავს. ამიტომ ნებისმიერი სენტენციები, დემაგოგია მიმართული იმისკენ, რომ ტოლობის ნიშანი დაისვას მეგობრებს, ვირტუალურ და ნამდვილ პარტნიორებს შორის, დამაზიანებელია. რუსული საფრთხე ყველა არჩევნების წინ ყველა ქვეყანას უდგას. ეს უკვე მოცემულია. ბოლო 3-4 წელია ასევე, თანაბრად, ყველა ქვეყანა უკვე საუბრობს რუსულ და ჩინეთის საფრთხეებზე არჩევნებში ჩარევის თვალსაზრისით. როდესაც ყველას თვალი აეხილა უკრაინაში აგრესიის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ ახლა გადაწყვიტა, რომ რუსეთი ისეთი დიდი მტერი აღარაა და ისეთი დიდი საფრთხეები აღარ მოდის მისგან. ეს ცოტა არაადეკვატურია, მაგრამ როგორც ჩანს, რაღაც საკუთარი გათვლები აქვს, რომელიც ჩვენ არ გვესმის“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

მისივე თქმით, თუ საქართველოს რეალური პროგრესი ექნება ევროინტეგრაციის გზაზე და „კანდიდატის სტატუსს და სხვა სტატუსებს კრედიტად კი არ მივიღებთ, არამედ რეალური დამსახურებებისთვის, ევროკავშირზე ადრე ნატო-ს წევრები გავხდებით“.

„ამის რეალური შანსი გვაქვს, მაგრამ იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ხელისუფლება სამიტებზეც არ მიდის ნატო-ში საერთოდ რაზე შეგვიძლია ვილაპარაკოთ?! გასულ წელს უკრაინამ უზარმაზარი ნაბიჯი გადადგა ნატო-სკენ. ვილნიუსის სამიტზე მათ მოეხსნათ მაპის მიღების ვალდებულება. ისინი შესაძლოა, პირდაპირ გახდნენ ნატო-ს წევრები. ყველაზე ცუდ სიზმარშიც კი ვერავინ წარმოიდგენდა, ვერც საქართველოს მტერი, ვერც მეგობარი, რომ ამ გზაზე საქართველოს ვინმე გადაასწრებდა“,- განაცხადა თინა ხიდაშელმა.