თავიანთი აწყობილი საარჩევნო სქემა რომ არ ჩამოიშალოს, „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარს მოფერებით დაარქვა „დელეგატი“ – ამით ცდილობენ, ადამიანებს შეუქმნან განცდა, რომ მათი ძვირფასი მაჟორიტარი არსად წასულა, ისევ იქ არის და ისევ ზრუნავს მათზე, – ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, “დელეგატები თავისი შინაარსით ფორმალისტურია და ეს “ქართული ოცნების” ყოფილ მაჟორიტარ დეპუტატებს უღიტინებს”.
“ქართულმა ოცნებამ” იმიტომ შემოიტანა, რომ მათ დაკარგეს თავიანთი ადგილი. კაცი რომ იყო პირობითად, რომელიღაც რეგიონში მაჟორიტარი და უცბად, პროპორციული სიით დაიწყო არჩევნები, ამ ადამიანმა დაკარგა თავისი ადგილი. რომ მიდის თავის რეგიონში, მაჟორიტარი ვეღარ იქნება. იქ ხალხს ეუბნება რაღაცას, ისინი არ უჯერებენ, რადგან იციან, რომ ის არ არის მაჟორიტარობის კანდიდატი. ეს რაღაცა თავიანთი აწყობილი საარჩევნო სქემა რომ არ ჩამოიშალოს, “ქართულმა ოცნებამ” მაჟორიტარს მოფერებით დაარქვა “დელეგატი,” – განაცხადა ხვიჩიამ.
რაც შეეხება საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის დაწესებული 40%-იანი საარჩევნო ბარიერის გაუქმებას, როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, ეს რეალურად, “ქართული ოცნებისთვის” ხელსაყრელი არ არის.
“ქართული ანდაზის არ იყოს, “თაგვმა თხარა თხარაო, კატა გამოთხარაო”, ზუსტად ასეთია, ჩემი აზრით, თავისი არსით [ეს ცვლილება]. “ქართულ ოცნებას” ეს ცვლილება არ აწყობს, უბრალოდ, ახლა ასე ჰგონიათ, რომ ოპოზიცია სულ ასეთ სიტუაციაში იქნება, როგორც დღეს არის, ერთმანეთს რომ არ ელაპარაკება და ვერ მოახერხებს შეთანხმებას პირველი ტურისთვის. თუ ოპოზიციამ მოახერხა შეთანხმება პირველ ტურზე და იქ შუაში “ქართული ოცნების” მიერ მოსყიდული ხალხი არ აღმოჩნდა, პირველივე ტურში შეიძლება გამარჯვება ბევრ შემთხვევაში. ეს ასე იქნებოდა გასულ წელსაც, ასეთი წესი რომ ყოფილიყო,” – განაცხადა ხვიჩიამ.