“ტაქტიკური კი არა, სტრატეგიული აუცილებლობა- რეჯეფ ერდოღანის პოლიტიკური სვლები”-რას წერს თურქული პრესა

147
spot_img

თურქულ გაზეთ „ჯუმჰურიეთში“ (Cumhuriyet) დაბეჭდილია სტატია სათაურით „ტაქტიკური კი არა, სტრატეგიული აუცილებლობა: რეჯეფ ერდოღანის პოლიტიკური სვლები“ (ავტორი – მეჰმედ ალი გიულერი), რომელშიც პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანის მიერ განხორციელებული ზოგიერთი დიპლომატიური მანევრია განხილული – აშშ-სთან ურთიერთობაში, ნატოში შვედეთის მიღებასთან დაკავშირებით. „იგი ერთს ამბობს და მეორეს აკეთებს“, – ასეთი დასკვნაა გაკეთებული მასალაში.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

რეჯეფ ერდოღანმა უკვე მოაწერა ხელი შვედეთის ნატოში გაწევრიანების ოქმს და დოკუმენტი დიდ ეროვნულ კრებაში (პარლამენტში) გადააგზავნა დასამტკიცებლად, რაც ზოგიერთი პოლიტიკური ანალიტიკოსის მიერ ტაქტიკურ სვლად იქნა შეფასებული. და რა ტაქტიკაა ასეთი? რისი მიღების იმედი აქვს სანაცვლოდ რეჯეფ ერდოღანს ნატოელი მოკავშირეებისგან?

გავიხსენოთ, რომ სულ ცოტა ხნის წინათ თურქეთის პრეზიდენტი აცხადებდა, რომ სტოკჰოლმს მომავალ წლამდე არანაირი შანსი არ აქვსო… თურმე რეჯეფ ერდოღანს იმედი აქვს, რომ ამერიკის კონგრესს თურქეთის პარლამენტით დააბალანსებს.. მექანიზმი ასეთია: თუ კონგრესი თურქეთისთვის „ფალკონების“ (F16-ების) მიყიდვას მოიწონებს, მაშინ დიდი ეროვნული კრება ოქმის რატიფიცირებას მოახდენს. თუ კონგრესი F16-ებზე უარს იტყვის, მაშინ, თავის მხრივ, დიდი ეროვნული კრებაც შვედეთის ნატოში მიღების ოქმს უარყოფს.

„სასახლემ“ დამალა, ნატომ გამოაჩინა

არ ვიცი, ვინც ასე ამბობს, საკუთარი ნათქვამისა სჯერათ თუ არა. ტაქტიკაზე ლაპარაკით ისინი აშკარად ცდილობენ შეამცირონ იმ სიტუაციის სიმძიმე, თუ რატომ გახდა იძულებული რეჯეფ ერდოღანი ოქმზე ხელი მოეწერა. კითხვა იბადება: თუ მის მიზანს კონგრესის ნებართვის მიღწევა წარმოადგენდა, მაშინ ვაშინგტონის თანხმობის მიღების სხვა ხერხებიც არსებობს და რა საჩქარო იყო ოქმის პარლამენტში გადაგზავნა?

უფრო მეტიც: თუ მიზანი ტაქტიკური იყო, მაშინ ანკარა არ დამალავდა, რომ საკითხი რეჯეფ ერდოღანისა და იენს სტოლტენბერგის სატელეფონო საუბრის დროსაც იქნა განხილული, მაგრამ დამალა: თურქეთის პრეზიდენტის სასახლის შეტყობინებით, საუბრის დროს შვედეთის თემა საერთოდ არ განხილულაო, მაგრამ ნატოს გენმდივანმა თვითონ განაცხადა და თქვა, რომ განვიხილეთ და მივესალმეთო.

სიტყვით – აშშ-ის საწინააღმდეგოდ, საქმით – მის ინტერესებში

სახეზეა არა ტაქტიკური, არამედ სტრატეგიული აუცილებლობა. კომენტატორები, რომლებიც კატეგორიული შეფასების მიცემას ცდილობენ, რეჯეფ ერდოღანის ამერიკისადმი კრიტიკული განცხადებების გათვალისწინებით, ხშირად რთულ მდგომარეობაში ვარდებიან.

მაგალითად, როცა ათი დღის წინათ რეჯეფ ერდოღანმა თეთრი სახლის გასაგონად შესძახა – „ეი, ამერიკავ, რას აკეთებ, რატომ ხარ ხმელთაშუა ზღვაში, პალესტინასთან, სირიასთან?“ – ყველას ეგონა, რომ მას განზრახული ჰქონდა შვედეთის ნატოში მიღების ოქმის განხილვის გადადება, მით უმეტეს, რომ აშკარად ჩანდა აშშ-ის ისრაელისადმი მხარდაჭერა. მაგრამ ვინც კარგად იცის რეჯეფ ერდოღანის პოლიტიკის სპეციფიკა, არ უნდა ელოდოს მისი სიტყვისა და საქმის ურთიერთკავშირს, თანმიმდევრულ პოლიტიკას.
ხომ გახსოვთ – ლიბიის ამბების დროს რეჯეფ ერდოღანმა მრისხანედ იკითხა – „რას აკეთებს ალიანსი ლიბიაში?“, შემდეგ კი უკან დაიხია და რბილად ჩაილაპარაკა: „ნატო უნდა შევიდეთ ლიბიაში და ლიბიელებს უნდა აჩვენოს, რომ ლიბია მათ ეკუთვნით“. უფრო მეტიც – იზმირში ნატოს ლიბიის ოპერაციების სარდლობისათვის ცენტრი გახსნა.

ერთი სიტყვით, მართალია, დროდადრო რეჯეფ ერდოღანი ამერიკას აკრიტიკებდა (აკრიტიკებს) ხოლმე, მაგრამ მისი მოქმედება მთლიანობაში ყოველთვის შეესაბამება აშშ-სა ნატოს ინტერესებს.

მიდგომა: „სხვის თვალში ბეწვსაც ამჩნევს და დირესაც“
ზემოთ უკვე ვტქვი: სახეზეა არა ტაქტიკური, არამედ სტრატეგიული აუცილებლობა. განვმარტავ: რეჯეფ ერდოღანის პარტიის იდეოლოგიურმა ფლაგმანმა, გაზეთმა „იენი შაფაქმა“ (Yeni Şafak) ამ დღეებში თავის პირველ გვერდზე განათავსა ფოტოსურათი, რომელზეც საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ეხვევა ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს, წარწერა კი ასეთი აქვს: „ამ მკვლელებს ისლამური ქვეყნები კვებავენ“.

აღნიშნა რა, რომ „აშშ და დასავლეთის ქვეყნები მხოლოდ ძალას სცემენ პატივს“, Yeni Şafak-მა სპარსეთის ყურის ქვეყნებს მოუწოდა: „ნუ კვებავთ მათ ნავთობითა და ბუნებრივი გაზით“. დიახ, მართლაც ზუსტად არის ნათქვამი. მაგრამ როგორ არის ანდაზაში ბეწვისა და დირეს შესახებ? განა თურქეთის ფინანსთა მინისტრი მეჰმედ შიმშექი ფულის სასესხებლად ამ მკვლელებთან არ დადის? განა ამას წინათ მინისტრმა მოლაპარაკება არ გამართა ჯერ საფრანგეთთან, შემდეგ კი დიდ ბრიტანეთთან და აშშ-სთან?

მოკლედ თუ ვიტყვით, ამ შემთხვევაში სპარსეთის ყურის ქვეყნებისადმი მოწოდება ასე უნდა ჟღერდეს: „თქვენ არაფერი არ უნდა მისცეთ მკვლელებს, ჩვენ კი მათგან ფულს ვისესხავთ“.

აი, ამით გამოიხატება სტრატეგიული აუცილებლობა!
სამწუხაროდ, თურქეთის ყველა პარტიის ეკონომიკურ პოლიტიკას, დაწყებული მმართველიდან და დამთავრებული „დიდი ოპოზიციით“, ნეოლიბერალიზმი წარმოადგენს, საგარეო პოლიტიკაში კი – ატლანტიზმი.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, საკითხავი ისაა, შეძლებს თუ არა თურქეთის რესპუბლიკა მეორე ასეულის ზღურბლზე მდგარი, ამ სისტემიდან გამოსვლას.

წყარო