“სტატისტიკა გვეუბნება , რომ ტურიზმის აღდგენა კარგი დინამიკით მიდის”

63
spot_img

სტატისტიკური მაჩვენებლები ტურიზმში უფრო ხმამაღლა საუბრობს, ვიდრე აღქმები და არ ტოვებს ინტერპრეტაციის შესაძლებლობას, შესაბამისი სტატისტიკა გვეუბნება , რომ ტურიზმის აღდგენა კარგი დინამიკით მიდის , – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომელმაც საქართველოს ტურიზმის სექტორის პირველი ნახევრის სტატისტიკური მაჩვენებლები შეაფასა.

მისი თქმით, 2023 წლის პირველ ნახევარში საქართველოში შემოვიდა 2,9 მლნ-მდე საერთაშორისო მოგზაური.

როგორც ქვრივიშვილმა აღნიშნა, საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიის აღდგენის დინამიკამ ტურისტულ ვიზიტებში უკვე 90 პროცენტს გადააჭარბა.

რაც შეეხება ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებს, 2023 წლის პირველ კვარტალში დაახლოებით 800 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ მონაცემებზე 37 პროცენტით მეტია.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ტურიზმის ზრდად დინამიკას ხელს უწყობს საქართველოში ავიაციის ინდუსტრიის თანმიმდევრული აღდგენა – 2023 წლის პირველ ნახევარში საქართველოს აეროპორტების მგზავრთნაკადი პანდემიამდელ ნიშნულს – 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს 100%-ით გაუთანაბრდა, საქართველოს აეროპორტები 2 მილიონ 500 ათასამდე მგზავრს მოემსახურა.

მარიამ ქვრივიშვილის თქმით, როგორც საერთაშორისო, ისე შიდა, ადგილობრივი აეროპორტების მგზავრთნაკადის ზრდა-გაუმჯობესების კუთხით შექმნილი ვითარება, ხელს უწყობს ქვეყანაში საავიაციო ინდუსტრიის განვითარებას და დადებითად აისახება ტურიზმის სექტორის გაძლიერებაზე.

„მეტი პირდაპირი რეისი ჩვენი სტრატეგიული ბაზრებიდან – ევროპისა და ყურის ქვეყნებიდან, ისრაელიდან განაპირობებს იმას, რომ გვყავს მეტი მხარჯველუნარიანი ტურისტი, რის გამოც ინდუსტრიის შემოსავლებში განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა,“ – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.