სპექტაკლით “რაც არ გერგება“ – რუსთავის თეატრი პრემიერისთვის ემზადება

691
spot_img

27 ივნისს, 20:00 სთ-ზე, რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიული მუნიციპალური დრამატული თეატრი, მცირე სცენაზე, მაყურებელს ახალ, აბსურდულ ერთ მოქმედებიან სპექტაკლს სახელწოდებით: ,,რაც არ გერგება“ შესთავაზებს, რომლის რეჟისორიც – გეგა ქურციკიძეა.

სპექტაკლის ინსცენირება – ედუარდ უგულავასა და მაია მიქავას ეკუთვნის. მხატვარი – ლომგულ მურუსიძეა, კოსტიუმების მხატვარი – ანა დვალი, მუსიკალური გაფორმება კი – იმედა მურადაშვილს ეკუთვნის.

სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: თეონა ხვედელიძე, გიორგი ბუაძე, მარიამ კვიტაიშვილი, ზურა ფიროსმანაშვილი, ალეკო ილარიონი, რეზო კოღოშვილი, სოფო ჩხიტუნიძე და თეა შარვაშიძე.
“აბსურდამდე მისული სიტუაციაა, როდესაც უბრალო ბუღალტრის ცხოვრებაში სრულიად მოულოდნელად ჩნდება დიდი ფული, რომელსაც მოჰყვებიან უცნობი თუ ნაცნობი ადამიანები, რომლებიც ყველა გზით ცდილობენ, როგორმე მსუყე ნაჭერი მიისაკუთრონ იმ ტორტიდან, ფული რომ ჰქვია. ახალ-ახალი პერსონაჟების გამოჩენა და ჩახლართული მდგომარეობიდან ბუღალტრის მიერ გამოსავლის პოვნის მცდელობები სახალისო მომენტებს ქმნის პიესაში და მოულოდნელ ფინალს სთავაზობს მაყურებელს”, – აცნობეს “ჯორჯიან თაიმსს” თეატრის პრესცენტრიდან.

მათივე ცნობით, სპექტაკლის ხანგრძლივობა 100 წუთია.