“სოხუმის აეროპორტის ამოქმედება 2024 წლის დეკემბრისთვის იგეგმება” – ბჟანია

201
spot_img

სოხუმის აეროპორტიდან ტექნიკური ფრენები 2024 წლის ივლისში დაიწყება, ხოლო აეროპორტის ამოქმედება 2024 წლის დეკემბრისთვის იგეგმება. ამის შესახებ სოხუმის დე ფაქტო ლიდერმა ასლან ბჟანიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

„მიმდინარე თვეში ცნობილი გახდება, თუ რომელ რუსულ კომპანიასთან მოვაწერთ ხელს კონტრაქტს სოხუმის აეროპორტის აღდგენის თაობაზე. აეროპორტის ამოქმედების ვადები არ შეცვლილა. ერთადერთი რამაც შეიძლება ხელი შეგვიშალოს, თუ რომელიმე ქვეყანაში  საბრძოლო მოქმედებებმა სხვა მასშტაბი მიიღო“, – განაცხადა ბჟანიამ.

დე ფაქტო ლიდერმა განაცხადა, რომ აფხაზეთის ბიუჯეტში აეროპორტის რეკონსტრუქციის თანხები არ არის და დაფინანსება მთლიანად ინვესტორმა უნდა უზრუნველყოს.

„ინვესტორმა საკუთარი ხარჯებით უნდა აღადგინოს ორი ქვესადგური, ასევე აეროპორტთან მიმავალი გზა და ხიდები წესრიგში მოიყვანოს“, – განაცხადა ბჟანიამ.

როგორც მანამდე რუსული მედია წერდა, სოხუმის აეროპორტი სამრეწველო ჯგუფი „საბაზისო ელემენტი“ აღადგენს. ის შედგება კომპანიებისგან, რომლებიც რუს ოლიგარქს ოლეგ დერიპასკას ეკუთვნის. პროექტი ორი ეტაპისგან შედგება, პირველის ფასი 6,5 მლრდ რუბლს (66 მლნ. აშშ დოლარს) შეადგენს.