ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) შეფასების “მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსი – 2024“ (SME Policy Index – 2024) მე-4 რაუნდის შედეგებით, საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, ლიდერია.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
„ეს შეფასება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან შედარებით, საქართველო არის უპირობო ლიდერი მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების მიმართულებით,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ, რომელიც კვლევის შედეგების პრეზენტაციას დაესწრო.
უწყების ცნობით, მისასალმებელ სიტყვაში, მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ საქართველოსთვის მინიჭებული შეფასება არის წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკის ფაქტობრივი აღიარება, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშეწყობის მიმართულებით.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების მონაწილეებს ასევე მიესალმნენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი და გერმანიის საელჩოს სამხრეთ კავკასიის განვითარების თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი, პირველი მდივანი ლიდია ქრისტმანი.
„პრეზენტაციაში, რომელიც OECD-ის წარმომადგენელმა გააკეთა, კიდევ ერთხელ გამახვილდა ყურადღება საქართველოს პროგრესზე. ითქვა, რომ ინდექსის თანახმად, საქართველო ლიდერია და რეიტინგის 12 მიმართულებიდან 11-ში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, უკვე მეოთხედ პირველ პოზიციას იკავებს. აღინიშნა, რომ OECD „მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსის“ შეფასებას 4 წელიწადში ერთხელ ახორციელებს და ქვეყნებს აფასებს ისეთი 5 მნიშვნელოვანი სფეროს მიხედვით, როგორიცაა: პასუხისმგებლიანი მთავრობა; სამეწარმეო ადამიანური კაპიტალი; ფინანსებზე ხელმისაწვდომობა; ბაზარზე წვდომა; ინოვაციები და ბიზნესის ხელშეწყობა.
კვლევის პრეზენტაციის შემდეგ, საუბარი წარიმართა OECD – ისა და GIZ-ის (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება) ერთობლივ პროექტზე, რომელიც გერმანიის მთავრობის დაფინანსებით მიმდინარეობს და მისი მიზანია, სათანადო ეკოსისტემის ჩამოყალიბება მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულებისთვის, ასევე ქვეყნის დონეზე მცირე და საშუალო ბიზნესის კონკურენტუნარიანობის გაზრდა. განხილულ იქნა პროექტის ძირითადი გამოწვევები, რეფორმების პრიორიტეტები, პოლიტიკის ინსტრუმენტები და მცირე და საშუალო ბიზნესის დიგიტალიზაციის საგზაო რუკების შემუშავების საკითხი.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ OECD-ის წარმომადგენელი დანიელ ქვიდბეკი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან OECD-ის „მცირე და საშუალო ბიზნესის პოლიტიკის ინდექსი 2024“-ის ეროვნული კოორდინატორი ცისნამი საბაძე, აგრეთვე დიპლომატიური კორპუსისა და ბიზნეს გაერთიანებების წარმომადგენლები“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.