“აშშ-თან პირდაპირი ფრენები ჩვენი ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტია” – მარიამ ქვრივიშვილი

32
spot_img

აშშ-თან პირდაპირი ფრენები ჩვენი ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტია, ყველა ინსტრუმენტს, პლატფორმას ვიყენებთ ამერიკულ ავიაკომპანიებთან მოსალაპარაკებლად, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

მარიამ ქვრივიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, აშშ-ისგან მიიღონ მხარდაჭერა და საერთო ძალისხმევით უზრუნველყონ პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა.

„ამერიკის შეერთებულ შტატებთან პირდაპირი ფრენები ჩვენი ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტია. ყველა ინსტრუმენტს, პლატფორმას, შეხვედრასა და კონფერენციას ვიყენებთ, რათა მოლაპარაკებები გვქონდეს ამერიკულ ავიაკომპანიებთან. მუდმივად ვაწარმოებთ ანალიტიკას, რა მგზავრთნაკადზე გვაქვს საუბარი. 2023 წელს საქართველოსა და აშშ-ს შორის 75 ათასზე მეტმა ადამიანმა იმგზავრა ტრანზიტული გზით. ვფიქრობთ, ეს მნიშვნელოვანი ბაზისი და წინაპირობაა იმისთვის, რომ ამერიკაში ოპერირებადი ავიაკომპანიები საქართველოს ტურისტული და საავიაციო ბაზრით დავაინტერესოთ. ასევე, ვხედავთ, რომ მზარდია ტურისტული ნაკადი ამერიკიდანაც, რისთვისაც მუდმივ მარკეტინგულ აქტივობებს ვახორციელებთ აშშ-ში. რა თქმა უნდა, პირდაპირ ფრენებს ძალიან დიდი დატვირთვა აქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, მაგრამ, ამავე დროს, ამას აქვს უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობა, ღირებულება. მნიშვნელოვანია, მათგანაც გვქონდეს მხარდაჭერა, რომ ორი ქვეყნის საერთო ძალისხმევით უზრუნველვყოთ და მივიღოთ პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.