“ეს განცხადება არაფერში წერია – ეს არის პოლიტიკოსების მხრიდან პირდაპირი ჩარევა ეკლესიის საქმეებში” – ნიკოლოზ სამხარაძე

38
spot_img

პატრიარქთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადებით გაოგნებული ვარ, ეს არის პოლიტიკოსების მხრიდან პირდაპირი ჩარევა ეკლესიის საქმეებში, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

„პატრიარქი იმის მიხედვით კი არ უნდა ავირჩიოთ, როგორი პოლიტიკური გემოვნება აქვს, არამედ როგორი მღვდელმთავარი და რომელი სულიერი წინამძღოლი იქნება. პრეზიდენტი ამ საკითხში როცა ერევა, თავისთავად ეს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის გამიჯვნის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია. მისი განცხადებით მართლა გაკვირვებული და გაოცებული ვარ. ჩვენ გვყავს მოქმედი პატრიარქი, შესაბამისად, ეს ადამიანი არის ჩვენი ერის სულიერი წინამძღოლი. ჰიპოთეტურ საკითხებზე საუბარი და შემდეგ იმის გარკვევა, როგორი პოლიტიკური გემოვნება ექნება ამა თუ იმ მღვდელმთავარს, პრეზიდენტის საქმე არ არის. ეს განცხადება არაფერში წერია. ეს არის პოლიტიკოსების მხრიდან პირდაპირი ჩარევა ეკლესიის საქმეებში“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

სალომე ზურაბიშვილმა ლონდონში, საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტში სტუმრობისას საქართველოს ეკლესიაზე საუბრისას განაცხადა: “ძალიან კომპლექსური ვითარებაა, რისი მიზეზიც დღეს პატრიარქის სისუსტეა. დარწმუნებული ვარ, ქართული ეკლესია მოახერხებს პროქართული და პროევროპული პატრიარქის არჩევას და არა პრორუსის.”