იმაში, რომ პროტესტი გახლდათ ორგანიზებული რადიკალური ოპოზიციის მიერ და ის, რომ ეს იყო მართული პროცესი, ეჭვი არავის ეპარებოდა აქამდეც, – ამის შესახებ დავით მათიკაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ აქციებზე არის ახალგაზრდების ჯგუფი, რომელიც გულწრფელად არის მოტყუებული, დეზინფორმირებული, თუმცა მათ პოლიტიკოსები საკუთარი ინტერესებისთვის იყენებენ.
„სინამდვილეში, ამ ახალგაზრდების უკან იმალება რადიკალური ოპოზიციის ძალიან მზაკვრული სურვილი არა არჩევნების, არა კანონიერი და კონსტრუქციული პროცესების, არამედ რევოლუციური პროცესების, ძალადობის წარმართვით ხელში ჩაიგდონ კვლავ ხელისუფლება და რაც 2012 წლამდე ხდებოდა საქართველოში, ის რეჟიმი დაამყარონ ქვეყანაში. ამისთვის იყენებენ ახალგაზრდების დეზინფორმირებული ნაწილის გულწრფელ პროტესტს“, – მიიჩნევს მათიკაშვილი.
მისივე თქმით, ახალგაზრდების ეს ჯგუფი არ ერთვება აქციებზე ძალადობრივ ქმედებებში. დეპუტატი აღნიშნავს, რომ ასეთ ქმედებებზე ახალგაზრდების სხვა ჯგუფი გადადის, რომელიც „ენჯეოების“ მიერ შავი ფულით არის დაფინანსებული და დატრენინგებული“.