შსს-ს ყოფილ თანამშრომელს, გიორგი მღებრიშვილს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

233
spot_img

თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიციის დეპარტამენტის მაღალჩინოსნის განზრახ მკვლელობის, ჯანმრთელობის დაზიანების, იძულების, მუქარის, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის და ტარების, ასევე სხვისი ნივთის დაზიანებისთვის ბრალდებული, შსს-ის ყოფილი თანამშრომელი გიორგი მღებრიშვილი დამნაშავედ ცნო და მას 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის, ჯანმრთელობის დაზიანების, იძულების, მუქარის, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის და ტარების, ასევე სხვისი ნივთის დაზიანებისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 8 იანვარს, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ავტომანქანა დააზიანა.

იმავე დღეს, თბილისში, მირიან მეფის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსს ნახევრად ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ფეხის არეში ჭრილობა მიაყენა, ხოლო ბინაში მყოფ მეორე პირს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების საშუალება არ მისცა. აღნიშნულის შემდეგ, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით პოლიციის თანამშრომელს მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

ასევე, ბრალდებულის ბინაში და ავტომანქანაში აღმოჩენილ იქნა მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი და შენახული ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება), 261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა და შენახვა), 273-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (მარიხუანის უკანონო შეძენა და შენახვა), 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება), 118-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება), 150-ე მუხლის პირველი ნაწილით (იძულება), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა) და 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.