ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი დღეს VR Holding-სა და „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო. მემორანდუმი შავი ზღვის სანაპირო ზოლზე ახალი დეველოპერული პროექტის, VR Shekvetili Forest Beach by Paragraph-ის განხორციელების პროცესში თანამშრომლობას ითვალისწინებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, პროექტი სასტუმრო Paragraph Shekvetili-ს მიმდებარედ, 40 ჰა ტერიტორიაზე განხორციელდება და აერთიანებს პრემიუმ ხარისხის ვილებს, რამდენიმე 5-ვარსკვლავიან საცხოვრებელ კომპლექსს, სასტუმრო და ბრენდირებულ აპარტამენტებს. როგორც ლევან დავითაშვილმა მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, VR Holding-მა საქართველოს სამშენებლო სექტორში ხარისხის ახალი სტანდარტი დაამკვიდრა, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც თვისობრივად შეუწყობს ხელს საქართველოს ტურისტულ სექტორს და ხარისხობრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანს. ამასთან, ეს არის ახალი ინვესტიციები და რამდენიმე ათასი ახალი სამუშაო ადგილი.
„შეკვეთილი პარაგრაფი“ უკვე გამორჩეული მიზიდულობის ადგილია ტურისტული თვალსაზრისით – საქართველოს ტურისტული პოტენციალი მთლიანად შეცვალა ამ ობიექტმა. რა თქმა უნდა, ტურისტული ინფრასტრუქტურა კიდევ უფრო განვითარდება, რათა შევძლოთ მეტი ვიზიტორის, მეტი ტურისტის მიღება. ჩვენ ვხედავთ, ბოლო წლებში როგორ დინამიურად ვითარდება არამხოლოდ ეკონომიკა, არამედ კონკრეტულად ტურიზმის სექტორი. მაგრამ ისეთი პროექტებით, როგორიც არის „პარაგრაფი“ შეკვეთილში, ჩვენ შევძელით მაღალხარისხიანი ტურისტული სექტორის განვითარების დაწყება. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ბიძგი, რომელმაც, ფაქტობრივად, ქვეყანაში ტურისტული და სასტუმრო ინფრასტრუქტურა შეცვალა“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
VR Shekvetili Forest Beach by Paragraph-ის საინვესტიციო ღირებულება 600 მლნ აშშ დოლარია, მრავალფუნქციური კომპლექსი მრავალფეროვანი საკურორტო ინფრასტრუქტურით იქნება წარმოდგენილი. ამასთან, კომპლექსი მაქსიმალურად ეკოლოგიურად სუფთა იქნება – პროექტის თანახმად, ტერიტორიაზე გადაადგილება შესაძლებელი იქნება ველო და გოლფის მანქანებისთვის განკუთვნილი ბილიკების გამოყენებით და ეკომეგობრული ტრანსპორტით. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ეს პროექტი არის იმის მაგალითი, თუ როგორ შეიძლება მოხდეს ეკოსისტემის და ინფრასტრუქტურის ეფექტიანი თანაარსებობა და ხარისხიანი განვითარება.
„ტურიზმის სექტორს საქართველოში განვითარების კიდევ ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის დროს ეს სექტორი ყველაზე მეტად დაზიანდა, ჩვენ საკმაოდ სწრაფი და იმედისმომცემი აღდგენის ტენდეცია გვაქვს. გასულ წელს 3.5 მილიარდი დოლარი იყო ტურიზმის სექტორიდან შემოსავალი და მიმდინარე წელს პირველი სამი კვარტლის მონაცემებით უკვე 3.3 მილიარდ დოლარს გაცდა. ჩვენი მოლოდინია, რომ წელს ის 4 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს. წელს ასევე პირველი სამი კვარტლის განმავლობაში 5.6 მილიონი ტურისტი მივიღეთ – შესაბამისად, გვაქვს აღდგენის და ზრდის ტენდენცია. თუმცა, განვითარების ის პოტენციალი , რომელიც გაგვაჩნია, განხორციელებულ იქნება იმ შემთხვევაში, თუ გვექნება ხარისხიანი მიწოდება და ხარისხიანი ტურისტული ადგილები, ისეთი ლოკაციები, როგორიც „პარაგრაფია“ და მასთან ერთად უკვე ახალი ტურისტული კომპლექსი“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.